700-მდე დევნილ ოჯახს თბილისში ბინები გადაეცა

თბილისში, ახალაშენებულ კორპუსებში ბინის მფლობელი 700-მდე დევნილი ოჯახი გახდა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროდან აცნობეს.

მათი ინფორმაციით, იძულებით გადაადგილებულ ოჯახებს ახალი ბინების გასაღებები ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ, სახელმწიფო მინისტრმა შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში ქეთევან ციხელაშვილმა და პარლამენტის დეპუტატებმა აკაკი ზოიძემ, დიმიტრი ხუნდაძემ, ირაკლი ბერაიამ და რატი იონათამიშვილმა გადასცეს.

დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის განცხადებით, იძულებით გადაადგილებული ოჯახების განსახლების მიზნით ბიუჯეტში გამოყოფილი თანხები ყოველწლიურად იზრდება.

„სახელმწიფო ყოველწლიურად ზრდის დევნილი ოჯახების ბინით დაკმაყოფილებისთვის ბიუჯეტში გამოყოფილ თანხებს. ამ ეტაპზე თბილისში ბინა 700-მდე ოჯახს გადაეცა. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი პროცესი, ჩვენ არ ვიშურებთ ძალისხმევას და თბილისში, დევნილი ოჯახები ბინებს წლის ბოლოსაც მიიღებენ“, - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

უწყების ინფორმაციით, ბინების გადაცემის შედეგად, თბილისში დევნილთა საცხოვრებელი 24 ნგრევადი ობიექტი დაიხურა.

სამინისტროს ცნობითვე, თბილისში ბინის მიღების მოთხოვნით იძულებით გადაადგილებული ოჯახების განაცხადების მიღება ამ ეტაპზეც მიმდინარეობს. დამატებით, 270-ზე მეტ დევნილ ოჯახს ბინები წლის ბოლოს გადაეცემა.

2012 წლიდან დღემდე საცხოვრებელი ფართით 21 000-ზე მეტი დევნილი ოჯახი დაკმაყოფილდა.

ლევან ლორთქიფანიძე - ხელისუფლება ნელ-ნელა ცდილობს, რომ 78-ე მუხლის გაუქმების შესაძლებლობას შევეგუოთ
ქართული პრესის მიმოხილვა 11.12.2025
BDO × ITMC: როგორ აძლიერებს BDO-ს ექსპერტიზა ITMC-ის როლს რეგიონულ ლოგისტიკურ ეკოსისტემაში
Tower Group-ის პრემიალურ პროექტებზე წინასაახალწლო, განსაკუთრებული ფასებია
BDO Academy-მ შპს „ნიკორა“-ში სწავლების ელექტრონული მართვის სისტემა (LMS) დანერგა
კომპანია „მანი მუვერსმა“ „ნეოლეთის“ 100%-იანი წილი შეიძინა
საახალწლო შეთავაზება APEX Development-ის ბინებზე