ქეთევან ციხელაშვილმა აფხაზური ენის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებას უმასპინძლა

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა ქეთევან ციხელაშვილმა აფხაზური ენის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებას უმასპინძლა. ღონისძიებაზე სახელმწიფო მინისტრმა აფხაზური ენის უნიკალურობასა და მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ოკუპირებულ ტერიტორიაზე არსებული სიტუაციის გამო მას დაცვა და განვითარება სჭირდება.

მინისტრმა, აფხაზური ენის პოპულარიზაციის მიზნით, სახელმწიფოს მიერ გადადგმულ ნაბიჯებზე გაამახვილა ყურადღება. მათ შორის, აფხაზურ ენასთან დაკავშირებით 2017 წელს მიღებულ სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, რომელიც ენის შენარჩუნებისკენაა მიმართული.

„მინდა ყველას მივულოცო აფხაზური ენის კვირეული, რომელიც ერთგვარ ტრადიციად ჩამოყალიბდა. ჩვენთვის აფხაზური საქართველოს კონსტიტუციით დაცული მეორე სახელმწიფო ენაა. სახელმწიფოს აქვს განსაკუთრებული ვალდებულება დაიცვას იგი, მსგავსად ქართული ენისა. თუ იმასაც გავითვალისწინებთ რა მდგომარეობაშია დღეს აფხაზური ენა და იდენტობა ოკუპირებულ ტერიტორიაზე რუსიფიკაციის პროცესის პირობებში, მითუფრო ნათელი და აშკარა ხდება, რომ განსაკუთრებული ზომების მიღება გვჭირდება, რათა ენა შევინარჩუნოთ, დავიცვათ და განვავითაროთ.

დღეს აქ შეიკრიბნენ ის ადამიანები, რომლებიც სხვადასხვა სფეროში მოღვაწეობენ და აფხაზური ენის განვითარებაში შეაქვთ წვლილი როგორც მეცნიერებს, როგორც პედაგოგებს, როგორც მწერლებს, პოეტებს. სტუმრად გვყავდა მოზარდ მაყურებელთა თეატრის დასიც, რომელმაც აფხაზური სახელწოდებით მოამზადა სპექტაკლი. მისი პრემიერა 8 ნოემბერს გიმართება. იგი ქართულ-აფხაზურ ურთიერთობებზეა. მათი მხრიდან ეს არის ხელოვანების ნაბიჯი ჩვენი ხალხის შერიგებისკენ და დაახლოებისკენ. გზავნილია, რომ იმ ძალისხმევაში, რომელიც ჩვენი კულტურის, იდენტობის დაცვას ემსახურება, ერთიანები უნდა ვიყოთ“, - განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა.

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის ინფორმაციით, შეხვედრის დასასრულს, ქეთევან ციხელაშვილმა, მოწვეულ სტუმრებს საჩუქრად ქართულ-ჩერქეზულ-აფხაზური ეტიმოლოგიური ლექსიკონი და ქართულ-აფხაზურ-ინგლისური ლექსიკონი გადასცა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა