ალექსეი მალაშენკო - თურქეთმა შეძლო ქურთების შევიწროება-შეჩერება, მაგრამ რა დროით მოახერხა მან ეს და როგორ მოიქცევიან ამის შემდეგ ქურთები, არავინ იცის

ისლამური სახელმწიფოს ლიდერის მკვლელობისა და სირიაში განვითარებული მოვლენების შემდეგ ახლო აღმოსავლეთში არსებულ ვითარებაზე “ინტერპრესნიუსი“ ცნობილ რუს აღმოსავლეთმცოდნეს, არაბისტს, “ცივილიზაციათა დიალოგის“ ინსტიტუტის სამეცნიერო კვლევების ხელმძღვანელს ალექსეი მალაშენკოს ესაუბრა.

- ბატონო ალექსეი, ისლამური სახელმწიფოს ლიდერის აბუბაქარ ალ-ბაღდადის ლიკვიდაცია სირიაში უკანასკნელ პერიოდში განვითარებული მოვლენების შემდეგ განხორციელდა. როგორც ჩანს, ეს დამთხვევა შემთხვევითი სულაც არ იყო. თქვენ როგორ შეაფასებდით მომხდარს?

- ამერიკელები დიდი ხანია მასზე ნადირობდნენ და არა ვარ დარწმუნებული, რომ სირიაში განვითარებულ მოვლენებს უკავშირდებოდეს მისი ახლა განადგურება. ალ-ბაღდადის გარდაცვალების შესახებ ინფორმაცია 2016 წლიდან მოყოლებული არაერთხელ გავრცელებულა.

გითხრათ სიმართლე, მე ბოლომდე დარწმუნებული არ ვარ, რომ ალ-ბაღდადი გარდაცვლილია. ბინ ლადენის ლიკვიდაციის შესახებაც არაერთხელ გავრცელებულა ცრუ ინფორმაცია.

"ისლამური სახელმწიფოს" ლიდერი ალ-ბაღდადი არ გახლდათ ის ფიგურა, რომლის ლიკვიდაცია მნიშვნელოვნად იმოქმედებს იმაზე, თუ როგორ განვითარდება შემდგომში მოვლენები, ერთი მხრივ, "ისლამურ სახელმწიფოში", ხოლო მეორე მხრივ, ახლო აღმოსავლეთში

როგორადაც არ უნდა იყოს, არა მგონია, რომ ალ-ბაღდადის ლიკვიდაცია იყოს ისეთი მნიშვნელობის მოვლენა, როგორც ახლა ამაზე საუბრობენ. მით უმეტეს, რომ ის სულაც არ იყო ქარიზმატული ფიგურა. "ისლამური სახელმწიფოს" ლიდერი ალ-ბაღდადი არ გახლდათ ის ფიგურა, რომლის ლიკვიდაცია მნიშვნელოვნად იმოქმედებს იმაზე, თუ როგორ განვითარდება შემდგომში მოვლენები, ერთი მხრივ, "ისლამურ სახელმწიფოში", ხოლო მეორე მხრივ, ახლო აღმოსავლეთში.

- თუ დავუშვებთ, რომ ალ-ბაღდადი მართლაც განადგურებულია, ძნელი სავარაუდო არაა, რომ მისი ადგილსამყოფელის შესახებ ინფორმაციის მოპოვება სწორედ მის ლიკვიდაციამდე ცოტა ხნით ადრე გახდა შესაძლებელი.

გარდა ამისა, ამ ისტორიაში საკმაოდ საინტერესო გარემოებებიც არსებობს, კერძოდ, ამერიკელებს ერაყის იმ ტერიტორიაზე სადაც იგი იყო, შეეძლოთ შესულიყვნენ სირიის ჩრდილოეთიდან, ანუ იმ ტერიტორიიდან, რომლის საჰაერო სივრცეს რუსები აკონტროლებენ. საინტერესოა ასევე ის, მიიღეს თუ არა ამ პროცესში მონაწილეობა რუსეთმა, ერაყმა ან ირანმა. თქვენ როგორ ფიქრობთ?

- არა მგონია, რომ ამ ოპერაციაში ერაყი და ირანი რაიმე ფორმით ყოფილიყვნენ ჩართულნი. რაც შეეხება აშშ-სა და რუსეთის კოორდინირებულ მოქმედებას. ტრამპმა განაცხადა, რომ რუსეთთან ამ თემაზე კონტაქტები იყო, რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ თქვა, რომ არ იყო. შესაძლოა, თავდაცვის სამინისტრო ამ ოპერაციაში არ მონაწილეობდა, მაგრამ სხვა უწყებები საქმის კურსში იყვნენ.

ყველაფერი, რაც ალ-ბაღდადის ლიკვიდაციას უკავშირდება ბურუსითაა მოცული. რჩება შთაბეჭდილება, რომ ვიღაც იტყუება, ვიღაც სათქმელს ბოლომდე არ ამბობს, ვიღაც სასურველს სინამდვილედ ასაღებს, ვიღაც მემუარების დასაწერად ემზადება.

ყველაფერი, რაც ალ-ბაღდადის ლიკვიდაციას უკავშირდება ბურუსითაა მოცული. რჩება შთაბეჭდილება, რომ ვიღაც იტყუება, ვიღაც სათქმელს ბოლომდე არ ამბობს, ვიღაც სასურველს სინამდვილედ ასაღებს, ვიღაც მემუარების დასაწერად ემზადება

- უკვე გავრცელდა ინფორმაცია, რომ "ისლამური სახელმწიფოს" ახალ ლიდერად არჩეულია აბდულა ქარდიში. ბრძანეთ, რომ ალ-ბაღდადი არ იყო ქარიზმატული ფიგურა, მაგრამ რა იცით აბდულა ქარდიშის შესახებ?

- სხვათა შორის, "ისლამური სახელმწიფოს" ახალ ლიდერად დასახელებული აბდულა ქარდიში ნაკლებად ცნობილი პიროვნებაა. ისლამური წესებით, "ისლამური სახელმწიფოს" ლიდერს ირჩევენ და ამისთვის არსებობს გარკვეული პროცედურა. მეეჭვება, რომ მომხდარის შემდეგ შესაძლებელი იქნებოდა ამ პროცედურის ან დაცვა, ან განხორციელება. ჯერ უცნობია, ვინ, ანდა რამდენმა კაცმა აირჩია აბდულა ქარდიში "ისლამური სახელმწიფოს" ლიდერად.

ჯერ უცნობია, ვინ, ანდა რამდენმა კაცმა აირჩია აბდულა ქარდიში "ისლამური სახელმწიფოს" ლიდერად

ალ-ბაღდადი ღვთისმეტყველებაში ბაღდადის უნივერსიტეტის პროფესორი იყო, აბდულა ქარდიშზე ინფორმაცია კი არსებობს, მაგრამ იმავე ინფორმაციით, ის "ისლამურ სახელმწიფოში" ბევრისგან ბევრად არც არაფრით განსხვავდებოდა და შეიძლება ითქვას, რომ იმ წრეებში ახალი კაციც კია. ის ინფორმაციები, რაც მასზე ვრცელდება, შესაძლოა, ეგეც ბოლომდე სანდო არც იყოს. ვნახოთ რა განცხადებებს გააკეთებს იგი. ჩვენ ჯერ არ ვიცით, რეალურად რა მიზნები აქვს მას.

- შეიძლება ითქვას, რომ უკანასკნელ ხანებში მოვლენები სირიაში დრამატულადაც კი განვითარდა. ადრე თქვენ საუბრობდით სირიაში არსებულ ოთხ ზონაზე, რომელსაც სხვადასხვა ძალები აკონტროლებდნენ.

სირიის მიმართულებით თურქეთის აქტიურობის, აშშ-ს სირიიდან ნაწილობრივ გასვლის, ამ პროცესში რუსეთის კიდევ უფრო მეტი ჩართულობის ფონზე თქვენ როგორ შეაფასებდით იმას, რაც ახლა სირიის ჩრდილოეთ ნაწილში ხდება?

- ახლა შეიძლება ითქვას, რომ სირიაში, მისი ჩრდილოეთ ნაწილის ჩათვლით არც არაფერი შეცვლილა. პირველი - სირიის ხელისუფლებაში კვლავ ბაშარ ასადია, მეორე - გრძელდება სამოქალაქო ომი, მესამე - ერთმნიშვნელოვანია, რომ სირიის ჩრდილოეთ ნაწილში დამატებით კიდევ ერთი პრობლემა შეიქმნა.

მიღწეული შეთანხმებების მიუხედავად თურქეთისა და სირიულ ძალებს შორის მოხდა შეხლა-შემოხლა. სირიის ჩრდილოეთიდან გასვლა დაიწყეს ქურთების შეიარაღებულმა ძალებმა. ქურთების შეიარაღებული ჯგუფების ნაწილმა დაიწყეს გასვლა, ნაწილი დარჩა.

გაუგებარი რჩება თუ როგორ მოხდება თურქეთში მყოფი დევნილების დაბრუნება სირიის ჩრდილოეთში. საუბრობენ თურქეთიდან სირიაში ხან ერთი მილიონი, ხანაც სამი მილიონი დევნილის დაბრუნებაზე. საუბარია იმ ადამიანებზე, ვინც ბაშარ ასადის რეჟიმს გაექცა. ისინი თუ დაბრუნდნენ კიდევ საკითხავია, თუ როგორი იქნება მათი ქცევა და მოქმედება. ასევე გარკვეული არაა, ისლამისტები რა როლს შეასრულებენ იმ ზონაში, რომელშიც დევნილები უნდა დაბრუნდნენ.

ჯერ არ არსებობს კონკრეტული მაგისტრალური გეგმა იმისა, რომ სირიული ახლოაღმოსავლური ექსპრესი შეიძლება საბოლოო სადგურამდე მოძრაობდეს. სირიაში ვითარება ისეთივე იქნება, როგორც ადრე იყო

ვითარებას სრულიად გაუგებარს ხდის ამერიკელების განცხადებები იმის თაობაზე, რომ ისინი სირიას ხან ტოვებენ, ხანაც აცხადებენ, რომ ახდენენ თავის ძალების დისლოკაციის ადგილის შეცვლას. ეს რუსეთსაც ეხება, პუტინი ხან ამბობს, რომ რუსეთი სირიაში რუსულ კონტინგენს შეამცირებს. მიუხედავად იმისა, რომ მან ამის შესახებ არა ერთხელ განაცხადა. ამის მსგავსი არაფერი ხდება.

ყველაფერი ეს კი მიუთითებს იმაზე, რომ ჯერ არ არსებობს კონკრეტული მაგისტრალური გეგმა იმისა, რომ სირიული ახლოაღმოსავლური ექსპრესი საბოლოო სადგურამდე შეიძლება მოძრაობდეს. სირიაში ვითარება ისეთივე იქნება, როგორც ადრე იყო.

თურქეთმა მოიგო ის, რომ შეძლო ქურთების შევიწროება-შეჩერება, მაგრამ რა დროით მოახერხა მან ეს და როგორ მოიქცევიან ამის შემდეგ ქურთები, არავინ იცის. ქურთებს შორის არიან საკმაოდ ძლიერი დაჯგუფებები, რომლებიც ყველაფერზე არიან წამსვლელი

- თურქეთს ძალისხმევა არ დაუზოგავს სირიის ჩრდილოეთში ვითარების შესაცვლელად. თუ კვლავ გაურკვეველი რჩება თურქეთიდან სირიის ჩრდილოეთში ქურთი დევნილების დაბრუნების საკითხი, მაშინ შეიძლება კითხვა ასე დაისვას - რა მოიგო ანკარამ სირიის ჩრდილოთში საბრძოლო მოქმედებების წარმოებით, ჯერ ვაშინგტონის გაღიზიანებით, შემდეგ შემორიგებით და სირიის საკითხში პუტინთან კონსულტაციებით?

- თურქეთმა მოიგო ის, რომ მან შეძლო ქურთების შევიწროება-შეჩერება, მაგრამ რა დროით მოახერხა მან ეს და როგორ მოიქცევიან ამის შემდეგ ქურთები, არავინ იცის. ქურთებს შორის არიან საკმაოდ ძლიერი დაჯგუფებები, რომლებიც ყველაფერზე არიან წამსვლელი.

ერდოღანმა შეძლო გამოიყურებოდეს როგორც გამარჯვებული. თუ რუსეთში გამარჯვებულად პუტინი გამოიყურება, თურქეთში უპირობო გამარჯვებულის იმიჯი ერდოღანს აქვს

თუ არა თურქეთზე, არამედ ერდოღანზე ვისაუბრებთ, ვნახავთ, რომ ერდოღანმა შეძლო გამოიყურებოდეს როგორც გამარჯვებული. თუ რუსეთში გამარჯვებულად პუტინი გამოიყურება, თურქეთში უპირობო გამარჯვებულის იმიჯი ერდოღანს აქვს.

ერდოღანისთვის მნიშვნელოვანი იყო ქვეყნის შიგნით მისი პირადი ავტორიტეტისა და რეიტინგის გაზრდა. მოგეხსენებათ თურქეთის ეკონომიკას უამრავი პრობლემები აქვს, მისი ოპოზიცია საკმოად გაძლიერებულიცაა და აქამდე სულ ძლიერდებოდა. სირიაში დაწყებულმა სამხედრო ოპერაციამ მის რეიტინგზე საკმაოდ დადებითად იმოქმედა. სხვათა შორის, თურქეთი დღემდე არ აღიარებს ბაშარ ასადის ხელისუფლებას.

ერდოღანმა მოიგო ის, რომ ყველას დაანახა - მას აქვს უნარი ესაუბროს როგორც რუსეთს, ისე ამერიკას

გარდა ამისა, მიუხედავად იმისა, რომ მის მიმართ ბევრი კრიტიკულადაა განწყობილი ქვეყნის გარეთ, ერდოღანმა კიდევ ერთხელ დაამტკიცა - მას არ ეშინია ამერიკის, იგი ვაშინგტონს უსმენს, მაგრამ მისი არ ეშინია, არის დამოუკიდებელი პოლუსი, რომ თურქეთს აქვს თავისი ნაციონალური ინტერესები, რომლითაც ის ხელმძღვანელობს.

შეიძლება ითქვას, რომ სირიაში დაწყებული სამხედრო ოპერაციით ერდოღანმა როგორც ქვეყნის შიგნით მოიგო თავისი პოზიციების გაძლიერების თვალსაზრისთ, ისე ქვეყნის გარეთაც მეტად ანგარიშგასაწევი ფიგურა გახდა.

- ეს გასაგებია, მაგრამ ქურთული საკითხი, რომელიც ასე აწუხებს ანკარას და რის გამოც აქტიურობდა აქამდე თურქეთი სირიის მიმართულებაზე, ამ საკითხში ბევრი არც არაფერი შეცვლილა...

- ქურთულ საკითხში რაიმეს მიღწევა პრაქტიკულად შეუძლებელია. ვგულისხმობ თურქეთისთვის, როგორც ქურთულ საკითხში მნიშვნელოვანი კორექტივების შეტანას. ერდოღანმა მოიგო ის, რომ ყველას დაანახა, მას - აქვს უნარი ესაუბროს როგორც რუსეთს, ისე ამერიკას.

სირიის ოპერაციაში ჩეჩნების მონაწილეობა ნიშნავს იმას, რომ პუტინი ჩეჩნებს ენდობა

აქვს უნარი თავისი შეიარაღებული ქვედანაყოფები შეიყვანოს მეზობელი ქვეყნის ტერიტორიაზე, იქ გააკონტროლოს ვითარება და მიაღწიოს თავის მიზნებს. მან ასევე ყველას დაანახა, რომ იგი ძლიერი ფიგურაა და მასთან ბრძოლა ასე მარტივი და იოლი არაა.

- სირიაში აქტიურობით რა მოიგო რუსეთმა?

- ახლა ბევრს საუბრობენ ვინ მოიგო და რა მოიგო. მთავარია, რომ ახლა სირიის საკითხში არსებობს ძირითად მოთამაშეებს შორის თანხმობა. გარდა ამისა, არსებობს იმიჯური მოგებები. ბევრი ამბობს, რომ რუსეთმა სირიაში აქტიურობით მოიგო. მე კითხვას ასე დავსვამდი - რაში მდგომარეობს რუსეთის მოგება?

ფაქტია, რომ რუსეთმა მოიგო ის, რომ სირიაში შეინარჩუნა ბაშარ ასადის რეჟიმი, არ მისცა თურქეთს საშუალება ბაშარ ასადის რეჟიმი შეერყია, თურქეთსა და სირიას შორის ომი არ შემდგარიყო.

ძნელი წარმოსადგენია, რომ ყარაბაღის კონფლიქტში აზერბაიჯანი დათანხმდეს რუსეთის მიერ მშვიდობისმყოფელის როლის შესრულებას

გარდა ამისა, მან მოახდინა იმის დემონსტრირება, რომ რუსეთს შეუძლია მედიატორის როლის შესრულება. ერდოღანის ვიზიტი პუტინთან იმის დადასტურება იყო, რომ სირიაში რუსეთის გარეშე საკითხები არ გადაწყდებოდა.

ეს გახლავთ ის მოგება, რაზეც შეიძლება საუბარი სირიის კომპანიაში რუსეთის მოგებაზე.

- საინტერესო დეტალი თუ ბედის ირონია გახლდათ ის, რომ ქურთების შეიარაღებული ძალები იმ ტერიტორიებიდან, რომლებსაც ქურთები თავისად მიიჩნევენ და რომლისთვისაც იბრძოდნენ, იმ ჩეჩნურმა პოლიციამ გააცილა და აიძულა გასვლა, რომლებიც თავის დროზე ჩეჩნეთს რუსებისგან იცავდნენ.

თქვენი აზრით, რას შეიძლება ნიშნავდეს სირიულ ოპერაციაში ჩეჩნური პოლიციის მონაწილეობა?

- სირიის ოპერაციაში ჩეჩნების მონაწილეობა ნიშნავს იმას, რომ პუტინი ჩეჩნებს ენდობა. თქვენ სწორად შენიშნეთ, მხედველობაში მაქვს ის, რომ როცა ჩეჩნები და ქურთები ომობენ, ეს არავისთვის არაა საჩუქარი. სირიულ კამპანიაში ჩეჩნების მონაწილეობა აშკარად ფსიქოლოგიური ფაქტორი იყო.

სხვათა შორის, სირიის საკითხში თეირანის სიმშვიდე და სიჩუმეც აშკარად მრავლისმეტყველია. როგორც ჩანს, თეირანში გადაწყვიტეს დაელოდონ მოვლენათა განვითარებას

რაც შეეხება იმას, რომ სწორედ ჩეჩნებმა გააცილეს და აიძულეს შეიარაღებული ქურთები დაეტოვებინათ სირიის ჩრდილოეთ ტერიტორიები. ამ ოპერაციისთვის ჩეჩნებისათვის როლისა და ფუნქციის დაკისრება აბსოლუტურად სწორი გათვლა იყო. ეს ყველას ინტერესებში იყო. განსაკუთრებით რამზან კადიროვისთვის, რომელმაც კიდევ ერთხელ დამტკიცა რომ ის პუტინის ერთგული ჯარისკაცია.

- სხვათა შორის, ამ ცოტა ხნის წინ რუსეთის საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთმა მთავარმა იდეოლოგმა სერგეი კარაგანოვმა განაცხადა, რომ სირიაში განვითარებულმა პროცესებმა ნათლად დაანახა ყველას, რომ რუსეთს საერთაშორისო ასპარეზზე მშვიდობისმყოფელის როლის შესრულება შეუძლია.

რამდენად დიდია იმის ალბათობა, რომ რუსეთი მსოფლიოს სხვა კონფლიქტურ რეგიონებში შეეცდება მშვიდობისმყოფელის როლის შესრულებას?

- არ ვიცი, რომელ რეგიონში შეიძლება ჰქონდეს რუსეთს ამგვარი როლის შესრულების პერსპექტივა. თუ გავიხსენებთ, რომ არსებობს ისეთი შესანიშნავი რეგიონი, როგორც სამხრეთ კავკასიაა, ვიცით, რომ სამხრეთ კავკასიაში დღემდე მოუგვარებელია მთიანი ყარაბაღის გამო კონფლიქტი აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის.

ძნელი წარმოსადგენია, რომ ყარაბაღის კონფლიქტში აზერბაიჯანი დათანხმდეს რუსეთის მიერ მშვიდობისმყოფელის როლის შესრულებას. აზერბაიჯანმა კარგად იცის თუ რა შედეგით დასრულდა აფხაზეთისა და "სამხრეთ ოსეთის" კონფლიქტებში რუსეთის შუამავლობა და მშვიდობისმყოფელობა.

- სირიის თემაზე „ინტერპრესნიუსისთვის“ ადრე მოცემულ ინტერვიუში თქვენ გაქვთ ნათქვამი, რომ სირიის საკითხში რუსეთი და ირანი ერთმანეთის კონკურენტები არიან. მეტიც, რომ ყოველწლიურად ირანი სირიაში 13 მილიარდი აშშ დოლარის ინვესტიციას ახორციელებს.

თუ სირიაში მშვიდობა იქნა, მშვიდობის უზრუნველმყოფელი რუსეთი იქნა, ხოლო ინვესტიციების განმხორციელებელი ირანი, ცხადია, რომ ამგვარი ვითარება დიდხანს ვერ გაგრძელდება და ვერ იქნება...

- ეს არის ის თემა, რომელზეც არავინ საუბრობს, მათ შორის ისინი, ვინც სირიაში რუსეთის უპირობო გამარჯვებაზე საუბრით არ იღლება. სირიის საკითხზე ისე მსჯელობენ, თითქოს ირანი სირიაში არც კი იყოს. არადა, ასე ნამდვილად არაა.

სხვათა შორის, სირიის საკითხში თეირანის სიმშვიდე და სიჩუმეც აშკარად მრავლისმეტყველია. როგორც ჩანს, თეირანში გადაწყვიტეს დაელოდონ მოვლენათა განვითარებას. ორივე მხარს უჭერს ბაშარ ასადს, მაგრამ რუსეთი და ირანი რომ სირიაში ერთმანეთის კონკურენტები არიან, ეს ფაქტია და ამას ორივე მხარე აცნობიერებს და ჯერჯერობით ეგუება.

ყველას ესმის, რომ სირია, როგორც ერთიანი სახელმწიფო კარგა ხანია აღარაა და როგორც ჩანს, ვეღარც იქნება. სირიაში იქნება ზონები, სადაც ცენტრალური ხელისუფლების გავლენა დიდი იქნება, მაგრამ იქნება ზონები, სადაც მისი გავლენა პრაქტიკულად არც არანაირი არ იქნება.

- რაც შეეხება სირიის მთლიანობას. ბევრი თქვენი რუსი კოლეგა გამოთქვამდა მოსაზრებას, რომ ჩრდილოეთ სირიის ნაწილში მცხოვრები ქურთები ავტონომიის ფორმით იქნებოდნენ სირიის შემადგენლობაში. რამდენად დიდია იმის ალბათობა, რომ ერაყის მსგავსად სირიაშიც შეიქმნას ქურთების ავტონომია?

- სირიაში ქურთული ავტონომიის პერსპექტივა არ არსებობს. სირია ერაყი არაა. ქურთების საკითხთან მიმართებაში ერაყსა და სირიაში აბსოლუტურად განსხვავებული სიტუაცია და მიმართებები არსებობს.

ყველამ იცის, რომ ქურთები დღევანდელ მსოფლიოში ერთადერთი საკმაოდ მრავალრიცხოვანი ერია, რომელსაც არ გააჩნია სახელმწიფო და ეს პრობლემა სხვადასხვა ფორმით სულ იარსებებს.

სირიაში ქურთული ავტონომიის პერსპექტივა არ არსებობს. სირია ერაყი არაა

ერაყში არსებობს ქურთების ავტონომია. ჩემი აზრით, ყველა პარამეტრით ის ფაქტობრივად არის დამოუკიდებელი სახელმწიფო. მიუხედავად ამისა, 21 საუკუნეში ჩვენ კიდევ ბევრჯერ მოგვიწევს ქურთების პრობლემაზე საუბარი.

- საუბრის დასაწყისში თქვენ სწორად შენიშნეთ - ამერიკელები ხან აცხადებენ, რომ გადიან სირიიდან, ხან კიდევ აცხადებენ, რომ მხოლოდ დისლოკაციის ადგილს იცვლიან.

მსოფლიომ იხილა კადრები თუ როგორ ესროდნენ ქურთები ქვებს ამერიკულ სამხედრო ტექნიკას, რომელიც გადიოდა თუ მხოლოდ ადგილს ინაცვლებდა. ფაქტია, რომ ვაშინგტონის ამ გადაწყვეტილებით ქურთები თავის უკმაყოფილებას გამოხატავდნენ.

თქვენ როგორ შეაფასებდით სირიაში აშშ-ს მოქმედებას? თქვენი აზრით, სავარაუდოდ, რა მიზანი აქვს აშშ-ს სირიაში?

- მეც ვნახე ეს კადრები. სირიის თემაზე აშშ-ს თავდაცვის მდივანმა მარკ ესპერმა განაცხადა, რომ ამერიკელები სირიაში ხაფანგში არიან. ეს მან თქვა და არა ვინმე სხვამ.

ვითარება ასეთია - ტრამპის ადმინისტრაციამ რაც არ უნდა გააკეთოს, არანაირი აზრი არ ექნება. ტრამპმა სირიაში რა ნაბიჯებიც არ უნდა გადადგას, ამით ვერც სირიაში მოიგებს რამეს, და ვერც ქვეყნის შიგნით.

ტრამპმა სირიაში რა ნაბიჯებიც არ უნდა გადადგას, ამით ვერც სირიაში მოიგებს რამეს და ვერც ქვეყნის შიგნით

- ამ თემაზე საუბრისას ბევრი შენიშნავდა, რომ ის, რაც სირიაში ხდება, სხვა არაფერია თუ არა ახლო აღმოსავლეთში აშშ-ს პოლიტიკის სრული ფიასკო. თქვენც ასე ფიქრობთ?

- თუ საუბარია ახლო აღმოსავლეთში აშშ-ს პოლიტიკის ფიასკოზე, შეიძლება იმის თქმა, რომ ეს ფიასკო დიდი ხნის წინაა დაწყებული. იგი უპირველესად არაპროფესიონალიზმს უკავშირდება.

დიახ, აშკარად არაპროფესიონალიზმის შედეგია ის, რომ აშშ-ს ახლა თურქეთთან არ აქვს კარგი ურთიერთობები. საუდის არაბეთი აშშ-ს მოკავშირეა. აშშ-მ საუდის არაბეთს 46 მილიარდი დოლარის იარაღი მიჰყიდა, მაგრამ ფაქტია, რომ აშშ-საუდის არაბეთის ურთიერთობაში გარკვეული ტიპის სიცივე შეინიშნება.

შესაძლოა, ეს ბუნებრივიც კი იყოს. მუსლიმანური სამყარო საკმაოდ განსხვავდება დასავლური ცივილიზაციისაგან. მუსლიმანური სამყარო საკმაოდ ამბიციურია, ცდილობს იყოს მეტად დამოუკიდებელი, ვიდრე არის, არ უყვარს, როცა მას რამეს ასწავლიან. შესაძლოა, ეს ფაქტორებიც იყოს იმის მიზეზი, რომ ამერიკელებისთვის ახლო აღმოსავლეთში ყოფნა იოლი არაა.

- მოსკოვის ინიციატივით სოჭში რუსეთ-აფრიკის ფორუმი პომპეზურად გაიმართა. ხმამაღალი განცხადებების გარდა, ცნობილი გახდა, რომ რუსეთი აფრიკის ქვეყნებს მის მიმართ ვალებს ჩამოაჭრის და შესასყიდად ისევ იარაღს შესთავაზებს.

თქვენი დაკვირვებით, სავარაუდოდ, რას შეიძლება ნიშნავდეს აფრიკის მიმართულებით რუსეთის მოძრაობა?

- აქ ორ რამეზე შეიძლება იყოს საუბარი - რუსეთი ცდილობს დანარჩენ მსოფლიოს დაანახოს, რომ რუსეთი აფრიკაშიცაა. მეორე, პუტინი ცდილობს მასთან დაახლოებულ მილიარდერებს - დერიპასკას, პრიგოჟინსა და სხვებს აფრიკის ქვეყნებში მიეცეთ საქმიანობის საშუალება.

პუტინი ცდილობს მასთან დაახლოებულ მილიარდერებს - დერიპასკას, პრიგოჟინსა და სხვებს აფრიკის ქვეყნებში მიეცეთ საქმიანობის საშუალება

ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში კარგა ხანია პრიგოჟინი საქმიანობს. ბევრი იმაზეც კი საუბრობს, რომ ამ ქვეყანაში რუსული ბაზებიც კი შეიძლება გაჩნდეს. გაუგებარია იქ რაში სჭირდება რუსეთს სამხედრო ბაზები, მაგრამ, ფაქტია, რომ ამაზე სერიოზულად საუბრობენ. არ ვიცი რა გეგმები აქვს რუსეთს აფრიკაში, მაგრამ ვიცით, რომ აფრიკის კონტინენტზე გააქტიურა თავისი საქმიანობა ჩინეთმა.

- თუ ჩინეთის ეკონომიკურ მდგომარეობას, განვითარების პერსპექტივებს რუსეთის დღევანდელ მდგომარეობას შევადარებთ, აშკარაა, რომ აფრიკის კონტინენტზე ჩინეთის კონკურენტი რუსეთი ვერანაირად ვერ იქნება...

- აფრიკაში რუსეთი ჩინეთის კონკურენტი ვერ იქნება, მაგრამ პუტინთან დაახლოებული მილიარდერების კომპანიებს შეეძლებათ აწარმოონ ბიზნესი და რამდენადაც შესაძლებელია ამით იხეირონ როგორც რუსულმა ეკონომიკამ, ისე პუტინთან დაახლოებულმა მილიარდერებმა.

კობა ბენდელიანი

“ინტერპრესნიუსი”

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა