რეგიონებიდან პაციენტების ტრანსპორტირებისთვის საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო რეანომობილების ავტოპარკის განახლებას მომავალ წელს დაასრულებს, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის ხელმძღვანელმა, ავთანდილ თალაკვაძემ განუცხადა.
თალაკვაძის ინფორმაციით, სამინისტროს 20-მდე რეანომობილი წლის ბოლომდე ეყოლება, 25-ს კი მომავალ წელს შეისყიდის.
„დღეის მდგომარეობით კერძო პატრონაჟის ქვეშ მყოფი რეანომობილები და სახელმწიფოს ავტოპარკში არსებული რეანომობილი დაახლოებით, 60-მდეა. მათი უმეტესობა უკვე მეორადი მოხმარებისაა, რადგან მათი წლოვანება 10 წელი და ზემოთაა. სახელმწიფომ ბოლო ორი წლის განმავლობაში რამდენიმე რეანომობილი შეისყიდა და ამ წლის ბოლომდე მის მფლობელობაში 20-მდე რეანომობილი იქნება. დამატებით კიდევ ფიქრობთ, 25 რეანომობილის შესყიდვას. აღნიშნული პარკი საკმარისი იქნება იმისთვის, რომ მოხდეს კრიტიკული პაციენტების ტრანსპორტირება სახელმწიფო რეფერალის უშუალოდ კრიტიკული პაციენტების მართვის ნაწილში“, - განაცხადა თალაკვაძემ.
მისივე თქმით, სამინისტროს მთავარი ამოცანაა, რომ ადგილზე კლინიკამ არანაკლებ 24 საათის განმავლობაში შეძლოს პაციენტის მართვა.
„ძირითადად ხდება ინტერპრეტეცია, რომ რეანობომილი ყველა კლინიკასთან უნდა იდგეს, რაც ასე არ არის. რეანომილები განთავსებულია რეფერალურ ცენტრებში და კლინიკიდან გამოძახების შემთხვევაში მიდის ადგილზე. ავტოპარკი მომავალ წელს სრულად შეივსება და ქვეყნისთვის საკმარისი იქნება“, - განაცხადა თალაკვაძემ.