დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე - მეუფე იაკობმა სინანული იმასთან დაკავშირებით გამოთქვა, რომ ასეთი ფორმით განაცხადა ის, რაც განაცხადა

მეუფე იაკობმა სინანული გამოთქვა იმასთან დაკავშირებით, რომ ასეთი ფორმით განაცხადა ის, რაც განაცხადა, - ამის შესახებ საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა ანდრია ჯაღმაიძემ განაცხადა.

აღსანიშნავია, რომ მეუფე ნიკოლოზმა გუშინ, სინოდის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა, რომ მეუფე იაკობმა პატრიარქს ჩააბარა აღსარება და სინოდის წევრებისგანაც ითხოვა შენდობა თავისი საქციელისათვის. აქედან გამომდინარე, ჟურნალისტებმა დეკანოზ ანდრია ჯაღმაიძეს ჰკითხეს, კონკრეტულად რასთან დაკავშირებით მოიხადა ბოდიში ბოდბელმა მთავარეპისკოპოსმა.

„მან სინანული გამოთქვა იმასთან დაკავშირებით, რომ ასეთი ფორმით განაცხადა ის, რაც განაცხადა. შინაარსი, მე როგორც მახსოვს და თქვენც, ალბათ, იცით, რომ მან გაიმეორა, რომ ისევ იმავე აზრზეა და უკან არ მიაქვს თავისი სიტყვები“, - განაცხადა დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ.

ამასთან, როგორც დეკანოზმა აღნიშნა, ადამიანი, რომელიც შენდობას ითხოვს, ეს მისი მხრიდან „ქრისტიანული სულისკვეთების გამოვლინებაა“.

„ქრისტიანული ცხოვრების წესი აგებულია გულწრფელ შენდობის თხოვნაზე. როდესაც ადამიანს ჰგონია, რომ ყველაფერში მართალია, ის შენდობას არ ითხოვს, მაგრამ როდესაც ადამიანს შეუძლია შენდობის თხოვნა, ეს არის ქრისტიანული სულისკვეთების გამოვლინება, ამიტომ ეკლესია ამას იწყნარებს“, - განაცხადა ჯაღმაძემ.

რაც შეეხება მეუფე პეტრეს ამჟამინდელ სტატუსთან დაკავშირებით დასმულ კითხვას, დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ განმარტა, რომ ეს არის დროებით შეჩერებული მღვდელმსახურება.

„საპატრიარქოს ოქმის წაკითხვისას ჩანდა გარკვევით, რომ ეს არის დროებითი ზომა. ჯერჯერობით ასეა“, - განაცხადა საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა.

მან ამასთანავე განმარტა, რომ სინოდი არის თვითონ ის უმაღლესი ორგანო, სადაც აღნიშნული გადაწყვეტილების გასაჩივრება შეიძლება. რაც შეეხება იმას, განახლდება თუ არა უახლოეს მომავალში სინოდის სხდომა, დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ განმარტა, რომ სხდომას პატრიარქი ნიშნავს, ამიტომ მის განახლებასთან დაკავშირებით ინფორმაცია არ აქვს.

პაატა ცაგარეიშვილი - სომხეთის ტერიტორიაზე სატრანსპორტო დერეფნების დებლოკირებით მეზობელი ქვეყანა სატრანზიტო სტატუსს შეიძენს
ქართული პრესის მიმოხილვა 15.12.2025
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები განცხადებას ავრცელებენ
Dunkin’ საქართველოსთვის 2025 ისტორიული მიღწევების წელია
ორმაგი დიპლომის პროგრამების შეთანხმება SEU-სა და ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტს შორის