გიორგი წოწკოლაურმა დევნილთა დასახლებაში აფეთქების შედეგად დაშავებული მამაკაცი კლინიკაში მოინახულა

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილემ გიორგი წოწკოლაურმა ქარელში, დევნილთა საცხოვრებელ შენობაში მომხდარი აფეთქებისას დაშავებული 58 წლის მამაკაცი ხეჩინაშვილის სახელობის საუნივერსიტეტო კლინიკაში მოინახულა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროდან აცნობეს.

გიორგი წოწკოლაურის განცხადებით, „მამაკაცის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა“ .

„მას ინტენსიური მკურნალობა უტარდება დამწვრობის ცენტრში, სადაც შემთხვევიდან უმოკლეს დროში გადაიყვანეს. სამედიცინო პერსონალი ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუმჯობესდეს. ამ დროისთვის შემიძლია გითხრათ, რომ დაშავებულს სხეულის 35%-იანი დამწვრობა აღენიშნება. რამდენიმე საათში, ვფიქრობ, შესაძლებელი იქნება მის მდგომარეობაზე დაზუსტებით საუბარი”, - განაცხადა გიორგი წოწკოლაურმა.

მინისტრის მოადგილე შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულთან გიორგი ხოჯევანიშვილთან და ქარელის მუნიციპალიტეტის მერთან ზაზა გულიაშვილთან ერთად, ქარელში, შემთხვევის ადგილზეც იმყოფებოდა. აფეთქების შედეგად დაზიანებული დევნილთა საცხოვრებელი შენობის აღდგენა უმოკლეს ვადაში მოხდება.

გია ხუხაშვილი - ხელისუფლებამ მონოპოლიების, კარტელების, ოლიგოპოლიების შექმნას უნდა შეუშალოს ხელი - თუ ქვეყანაში პოლიტიკური რისკებისაგან დაზღვეული ჯანსაღი კონკურენტული გარემო შეიქმნა, ასეთ შემთხვევაში ფასები თავისთავად დარეგულირდება
სადირ ჯაპაროვის პრეზიდენტობის ხუთი წელი: მთავარი გამოცდა ჯერ კიდევ წინაა
ქართული პრესის მიმოხილვა 26.01.2026
„ნიკორამ“ ახალი, მაღალტექნოლოგიური ქარხანა გახსნა