პროკურატურა - გია უდესიანის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა უძრავი ქონებისა და წილების გამოძალვის, ასევე თავისუფლების უკანონო აღკვეთის ორგანიზების საქმეზე დაიწყო

საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ, უძრავი ქონებისა და სამეწარმეო ორგანიზაციის წილების გამოძალვის, ასევე თავისუფლების უკანონო აღკვეთის ორგანიზების ფაქტებზე გია უდესიანის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო. ამის შესახებ დღეს გენერალურ პროკურატურაში გამართულ ბრიფინგზე გახდა ცნობილი.

პროკურატურის განცხადებით, დევნა დაიწყო საქართველოს სსკ-ის 181-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’ და ,,გ“ ქვეპუნქტებით და 24, 143-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით.

ასევე, სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო გამოძალვაში მონაწილე ზაზა გუგავას მიმართ, საქართველოს სსკ-ის 181-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’ და ,,გ“ ქვეპუნქტებით.

„საქმეზე ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2009 წლის 9 ნოემბერს, გ.უ.-ს ორგანიზებით, ამ ეტაპზე დაუდგენელმა პირებმა, ბიზნესმენი ე.ლ. ძალადობის გამოყენებითა და მუქარით მოიტაცეს რუსთაველის გამზირზე მდებარე ერთ-ერთი აფთიაქიდან, იძულებით მოათავსეს იქვე მყოფ ავტომანქანაში, აღუკვეთეს თავისუფლად გადაადგილების უფლება და მისივე ნების საწინააღმდეგოდ, გადაიყვანეს „ზაჰესში“ მდებარე საბაჟო ტერმინალში, სადაც გ.უ. და ზ.გ. იარაღის მუქარითა და სხვა უკანონო ზემოქმედებით მოითხოვდნენ მისგან ქონების დათმობას მათთვის სასურველ პირზე გადაფორმების გზით. დანაშაულებრივი მიზნის მისაღწევად, გ.უ.-მ ასევე ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა პრაქტიკულად თავისუფლებააღკვეთილ ე.ლ-ს. მასვე განუცხადა, რომ იყო იმჟამინდელ შინაგან საქმეთა მინისტრთან დაახლოებული პირი და უკან არაფერზე დაიხევდა. მუქარისთვის მეტი დამაჯერებლობის მისაცემად, ადგილზე მიიყვანეს შსს-ს მაღალჩინოსანი დ.ტ., წარუდგინეს შს მინისტრის მოადგილედ და მისი თანდასწრებით მოითხოვდნენ ქონების გადაფორმებას, რისთვისაც ადგილზე ასევე მიიყვანეს ნოტარიუსი.

გ.უ.-ს და ზ.გ-ს დანაშაულებრივი მოქმედების შედეგად, ე.ლ-მ შპს ,,ბარდნალაში’’ მისი კუთვნილი 30%-იანი წილი (ნომინალური ღირებულებით 10280 ლარი) და მის პირად საკუთრებაში არსებული, ცაგერის რაიონის სოფელ ჩქუმში მდებარე მიწის ნაკვეთი, (ფართობით 3998 კვ.მ) მასზე არსებული შენობა-ნაგებობებით (ღირებულებით 7000 ლარი), გადააფორმა მოქალაქე მ.ც.-ზე, ისე, რომ სანაცვლოდ თანხა არ მიუღია.

იმის გამო, რომ უძრავი ქონება საჯარო რეესტრში კვლავ ე.ლ.-ს სახელზე იყო აღრიცხული, 2009 წლის 15 დეკემბერს კვლავ დაუკავშირდა ზ.გ. და აიძულა ერთხელ უკვე მ.ც.-ზე გაყიდული უძრავი ქონების რ.ქ-ზე მიყიდვა. ე.ლ.-მ ეს მოთხოვნაც შეასრულა და ამჯერად რ.ქ-ს მიჰყიდა ცაგერის რაიონის სოფელ ჩქუმში მდებარე მიწის ნაკვეთი, (ფართობით 3998 კვ.მ) მასზე არსებული შენობა-ნაგებობებით ისე რომ, როგორც 11 ნოემბრის შემთხვევაში, თანხა არ მიუღია“,-აცხადებენ პროკურატურაში.

დღეს, საქართველოს გენერალურ პროკურატურაში ზ.გ.-ს უშუალოდ წარედგინება ბრალდება, ხოლო გ.უ.-ს მიმართ გამოტანილი ბრალდების შესახებ დადგენილება გასაცნობად წარედგინება მის ადვოკატს, რადგან გ.უ. თავად იმყოფება ძებნაში. საგამოძიებო უწყება კანონმდებლობით გათვალისწინებულ ვადაში მიმართავს სასამართლოს ბრალდებულების მიმართ აღკვეთის ღონისძიების გამოყენების მოთხოვნით“, - აღნიშნულია პროკურატურის განცხადებაში.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა