უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატი - პირადად ჩემზე ზეწოლა არ განხორციელებულა, არც სხვა მოსამართლეებს უთქვამთ საუბარში, რომ მათზე ზეწოლა იყო

სამოქალაქო სამართალწარმოების დავებს განვიხილავდი, განვიხილე ადმინისტრაციული სამართალწარმოების დავებიც, თუმცა აქ ჩემს მიმართ რაიმე ზეწოლა არ ყოფილა, - ასე უპასუხა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატმა ლაშა ქოჩიაშვილმა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის, დავით მათიკაშვილის მიერ დასმულ კითხვას. დავით მათიკაშვილის კითხვა შეეხებოდა იმას, ხდებოდა თუ არა 2004 – 2012 წლებში მოსამართლეებსა და სასამართლო სისტემაზე ზეწოლა.

„რაც არის მოცემულობა და ამ მოცემულობას გვერდს ვერ ავუვლით, 2004-2012 წლებში იყო ვერტიკალში არსებული ძალადობრივი სისტემა, რომელმაც შეაღწია აბსოლუტურად ყველა სფეროში სახელმწიფო მმართველობის. პარტია და სახელმწიფო ფაქტობრივად გაერთიანდა, „ნაციონალურ მოძრაობას“ ვგულისხმობ და ყველაფერი ხდებოდა ისე, როგორც ამის ნება-სურვილი ჰქონდა იმ პირს, საიდანაც მოდიოდა ვერტიკალი. ასევე ამ სისტემამ თავისი ზემოქმედება იქონია სასამართლოზე. არის მეორე მომენტი, არის სისტემაზე ზეწოლა და არის მოსამართლეზე ზეწოლა. მე მინდა ორივე სეგმენტში გკითხოთ, თქვენ განგიცდიათ თუ არა როგორც პირადად მოსამართლეს ზეწოლა სახელმწიფოსგან და მეორე თვითონ სასამართლო სისტემაზე ზეწოლა თუ გიგრძვნიათ. შეიძლება პირადად ლაშა ქოჩიაშვილთან არ ყოფილა ასეთი რამ, მაგრამ სისტემაზე როცა ხდებოდა ზეწოლა, ამის აღქმადობა მოსამართლეებს რამდენად ჰქონდათ“,- ჰკითხა დავით მათიკაშვილმა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატს, რაზეც ლაშა ქოჩიშვილმა უპასუხა, რომ თვითონაც და ყველა მოსამართლე გადაწყვეტილებას დამოუკიდებლად იღებდა.

„ვიყავი საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარე ქუთაისში და აბსოლუტურად ყველა დამოუკიდებლად მუშაობდა არსებული კანონმდებლობის საფუძველზე. შემდეგ ბორჯომის რაიონულ სასამართლოშიც თავმჯდომარე ვიყავი და აქაც ანალოგიურად. თბილისის საქალაქო სასამართლოში 2009 წლიდან ვარ და ნებისმიერ გადაწყვეტილებაზე პასუხისმგებელი ვარ. რაიმე ზეწოლა არ განხორციელებულა პირადად ჩემზე, სხვა მოსამართლეებთან დაკავშირებით არ შემიძლია ვისაუბრო. პირადად საუბარშიც არავის უთქვამს, რომ ვთქვათ ჩემზე ზეწოლა განხორციელდა და ასეთი გადაწყვეტილება მივიღე. ამგვარი არ ყოფილა“,- განაცხადა ლაშა ქოჩიშვილმა.

დავით მათიკაშვილის კიდევ ერთი კითხვა შეეხებოდა იმას, გაიზარდა თუ არა მოსამართლის დამოუკიდებლობის ხარისხი 2012 წელის შემდეგ.

„ინდივიდუალური მოსამართლის დამოუკიდებლობა ახლა საკანონმდებლო ცვლილებებმა გაზარდა. თუნდაც სისხლის სამართლის კუთხით კონსტიტუციაში განხორციელდა ცვლილებები. საერთოდ, როდესაც მოსამართლე არ შეიძლება გათავისუფლდეს რეორგანიზაციის შემთხვევაში, ინიშნები მუდმივად და თუ მოსამართლე არ არის დამოუკიდებელი, მაშინ ამ მოსამართლეშია პრობლემა“, - უპასუხა ლაშა ქოჩიაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატს, ლაშა ქოჩიაშვილს უსმენენ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა