არჩილ თალაკვაძე უცხოელ პარტნიორებს - მსურს, გადმოგცეთ გზავნილი, რომ საქართველო რჩება მომავალზე ორიენტირებულ სახელმწიფოდ და ქმნის საერთო ღირებულებებზე დაფუძნებულ საუკეთესო მომავალს

მსურს, გადმოგცეთ გზავნილი, რომელიც უკვე არაერთხელ გსმენიათ, თუმცა, კიდევ ერთხელ მინდა ხაზი გავუსვა - საქართველო რჩება მომავალზე ორიენტირებულ სახელმწიფოდ და ქმნის ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებთან საერთო ღირებულებებზე დაფუძნებულ საუკეთესო მომავალს, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ბათუმში, საქართველოს თავდაცვისა და უსაფრთხოების კონფერენციაზე განაცხადა.

არჩილ თალაკვაძემ სიტყვით გამოსვლისას საქართველოს მიერ მიღწეული პროგრესის, ქვეყნის წინაშე არსებული გამოწვევებისა და სამომავლო გეგმების შესახებ ისაუბრა. თალაკვაძემ აღნიშნა, რომ საქართველო აგრძელებს წვლილის შეტანას გლობალური მშვიდობისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფაში და განაგრძობს საკუთარი დემოკრატიის გაძლიერებას.

„საქართველო მხარს უჭერს ნატოსა და ევროკავშირის შავი ზღვის რეგიონში ჩართულობას“,- განაცხადა სიტყვით გამოსვლისას პარლამენტის თავმჯდომარემ.

მისივე თქმით, დასახული მიზნებისკენ სწრაფვას ადასტურებს ქვეყანაში განხორციელებული წარმატებული რეფორმები და გადადგმული პრაქტიკული ნაბიჯები. ამ კონტექსტში, არჩილ თალაკვაძემ საკონსტიტუციო, მართლმსაჯულებისა და საარჩევნო რეფორმებზე გაამახვილა ყურადღება. პარლამენტის თავმჯდომარის შეფასებით, აღნიშნული რეფორმები საქართველოს კიდევ უფრო აძლიერებს, ხოლო მის დემოკრატიულ ტრანსფორმაციას შეუქცევადს ხდის. პარლამენტის თავმჯდომარემ დამსწრეებს შეახსენა, რომ საკონსტიტუციო დონეზე მოწესრიგდა თავდაცვისა და უსაფრთხოების საკითხები, ასევე, კონსტიტუციაში აისახა ქვეყნის საგარეო პოლიტიის პრიორიტეტები და ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაცია უმნიშვნელოვანეს მიზნებად გამოცხადდა.

სიტყვით გამოსვლისას, არჩილ თალაკვაძემ ყურადღება ქვეყნის უმთავრეს სტრატეგიულ პარტნიორთან - ამერიკის შეერთებულ შტატებთან წარმატებულ თანამშრომლობაზე გაამახვილა და აშშ-ის წარმომადგენელთა პალატისა და კონგრესის წევრებს, ასევე, პირადად კონგრესმენ ადამ კინზინგერს საქართველოს მხარდამჭერი აქტის ინიცირებისა და მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

„ამერიკის შეერთებულ შტატებთან, ნატოსა და ევროკავშირთან პარტნიორობა დღეს იმაზე მეტს ნიშნავს ჩვენთვის, ვიდრე ოდესმე, იმისათვის, რომ ვუზრუნველყოთ ის სწორი გზა, რომელსაც ვადგავართ, უზრუნველყოთ მშვიდობიანი განვითარება და პროგრესი. იმის ფონზე, რომ მსოფლიო სულ უფრო და უფრო რთული და საშიში ხდება, მეკავშირეები მუდმივად ერთმანეთის გვერდით უნდა იდგნენ“,- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

არჩილ თალაკვაძემ, ასევე, ქვეყნის უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს როლსა და მნიშვნელობას გაუსვა ხაზი.

„საქართველოს პარლამენტი ძალისხმევას არ იშურებს იმისთვის, რათა უკეთ ემსახუროს მოქალაქეებს ღიაობისა და ანგარიშვალდებულების კიდევ უფრო გაუმჯობესებით, გადაწყვეტილებების მიღების პროცესში მოქალაქეთა უფრო აქტიური ჩართვითა და მოქალაქეებზე ორიენტირებული და ინოვაციებზე დაფუძნებული კარგი მმართველობის გაძლიერებით“, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

ლევან ლორთქიფანიძე - მეგობრების გადამტერებით ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფა შეუძლებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2024
პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს