„ევექსის ჰოსპიტლებმა“ 50 მილიონი ლარის ობლიგაციები ქართულ ბაზარზე ლარში ისტორიულად ყველაზე დაბალი საპროცენტო პრემიუმით  განათავსა

„საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფის“ შვილობილმა კომპანიამ, „ევექსის ჰოსპიტლებმა“, 50 მილიონი ლარის ღირებულების, 5 წლიანი ვადის მქონე ადგილობრივი, არაუზრუნველყოფილი ობლიგაციები გამოუშვა.

ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ „სამედიცინო კორპორაცია ევექსიდან“ აცნობეს.

მათივე ინფორმაციით, ობლიგაციების განთავსების აგენტია სს „გალტ ენდ თაგარტი“.

ობლიგაციები მიბმულია საქართველოს ეროვნული ბანკის რეფინანსირების განაკვეთზე 310 საბაზისო პუნქტიანი პრემიუმით, რაც დღემდე ადგილობრივ ბაზარზე განთავსებულ ლარის ობლიგაციებს შორის ყველაზე დაბალია. ობლიგაციების გაყიდვიდან მიღებული თანხა „ევექსის ჰოსპიტლების“ შედარებით ძვირიანი სასესხო ვალდებულებების რეფინანსირებას მოხმარდება.

“მოხარული ვარ, რომ „ევექსის ჰოსპიტლებმა“ კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ტრანზაქცია წარმატებით დაასრულა. ეს არის ლარში დენომინირებული ობლიგაციების ყველაზე დაბალმარჟიანი ემისია ქართულ კორპორაციულ ბაზარზე, რომელიც კიდევ ერთხელ ადასტურებს ინვესტორების მაღალ ნდობას ქართული ეკონომიკის, ჩვენი ვალუტის და კომპანიის მიმართ. კომპანიის ობლიგაციების მიმართ განსაკუთრებული ინტერესი ფინანსური ინსტიტუტების მხრიდან და მათ შორის ევროპის რეკონსტრუქციის და განვითარების ბანკისგან დაფიქსირდა, რომელიც ობლიგაციების ერთ-ერთი მთავარი ინვესტორია.

ობლიგაციების გამოშვება დაგვეხმარება კიდევ უფრო შემცირდეს კომპანიის დაფინანსების საპროცენტო ხარჯი, რაც ხელს შეუწყობს ბიზნესის ჯანსაღ ზრდას. და ბოლოს, მადლობა მინდა გადავუხადო სს “გალტ ენდ თაგარტის“ გუნდს, ჩვენს დიდი ხნის პარტნიორს, მათი მხარდაჭერისთვის”, - განაცხადა საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფის გენერალურმა დირექტორმა, ნიკოლოზ გამყრელიძემ.

მირიან მირიანაშვილი - ხელისუფლებამ სტრატეგიული შეცდომა დაუშვა, როცა უარი თქვა პრემიერის აშშ-ში ოფიციალურ მიწვევაზე
გიორგი ბილანიშვილი - ის, რაც ახლა საქართველოში ხდება, ერთმნიშვნელოვნად მოსკოვის ინტერესებში შედის
ქართული პრესის მიმოხილვა 02.05.2024
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს