კინოთეატრების მარკეტინგის დირექტორის განცხადებით, დაუდგენელმა პირებმა „ამირანის"  შესასვლელთან დამონტაჟებული მონიტორი დააზიანეს

კინოთეატრების მარკეტინგის დირექტორის, გვანცა გარმელიას განცხადებით, დღეს, დილის 05:00 საათისთვის, „ამირანის" შესასვლელთან ვანდალიზმის ფაქტი დაფიქსირდა. როგორც „ინტერპრესნიუსს" გარმელიამ განუცხადა, მას არ აქვს ინფორმაცია, ვინ ჩაიდინა ვანდალიზმი, თუმცა შემთხვევის შედეგად დამტვრეულია კინოთეატრის ტერიტორიაზე დამონტაჟებული მონიტორი.

ამასთან, გარმელიას განმარტებით, მოქალაქეებმა, რომლებმაც გუშინდელ სეანსზე დასწრება ვერ შეძლეს, დღესაც შეუძლიათ მივიდნენ „ამირანში", ამისთვის კი მათ უნდა წარმოადგინონ გუშინდელი სეანსის ბილეთი. მისივე თქმით, დღეს ვინც 19:30 საათზე აპირებდა მისვლას „ამირანში", ადგილზე უნდა მივიდნენ დაახლოებით 18:00 საათიდან.

„სამწუხაროდ, რამდენიმე ადამიანმა, ვინც კინოში მოსვლას აპირებდა, ფიზიკური ტრავმა მიიღო. ასევე დღეს დილით „ამირანის" ტერიტორიაზე ვანდალიზმი განხორციელდა. გუშინ, იყო მაყურებელთა გარკვეული რაოდენობა, რომლებსაც ბილეთები ჰქონდათ ნაყიდი და ვერ მოახერხეს კინოში მოსვლა. ამ ადამიანებს დღეს ვეპატიჟებით. მათ დღეს უნდა წარმოადგინონ გუშინდელი სეანსის ბილეთები და შეძლებენ ფილმის დღევანდელ ჩვენებაზე დასწრებას. ჩვენ ისევ კოორდინირებულად ვთანამშრომლობთ სამართალდამცველებთან", - განაცხადა გარმელიამ.

შეგახსენებთ, რომ ქართულ-შვედური ფილმის - „და ჩვენ ვიცეკვეთ" ჩვენება საქართველოს კინოთეატრებში გუშინ გაიმართა.

ბიზნესმენი ლევან ვასაძე და მისი თანამოაზრეები, „ქართული მარშის“ წევრები და მხარდამჭერები ფილმის კინოთეატრებში ჩვენებას ეწინააღმდეგებოდნენ და პრემიერის ჩაშლას გეგმავდნენ, რასაც დაპირისპირება რამდენჯერმე მოჰყვა.

8 ნოემბერს, თბილისისა და ბათუმის კინოთეატრებთან გამართულ აქციებზე სულ 28 პირი დააკავეს. სისხლის სამართლის დანაშაულისთვის დაკავებულია 1 პირი, ადმინისტრაციული სამართალდარღვევისთვის კი 27 პირი. ინციდენტების დროს დაშავდა ორი სამართალდამცველი, რომლებსაც საავადმყოფოში შესაბამისი მკურნალობა ჩაუტარდათ.

ლევან ლორთქიფანიძე - მეგობრების გადამტერებით ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფა შეუძლებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2024
პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
IPS-ის ორგანიზებით თბილისში ევროპული ბრენდის - URSA-ს ხმის და თბოიზოლაციის მასალების პრეზენტაცია გაიმართება
ვრცელდება თუ არა თქვენს ავტომობილზე Toyota 10/Lexus 10-ის გარანტია?
ADB-მ და Mastercard-მა ფინანსური ინკლუზიისა და ციფრული ინოვაციების გასაუმჯობესებლად ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერეს ხელი