„ახალი მემარჯვენეების“ ლიდერის მამუკა კაციტაძის განცხადებით, თუ პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის კანონპროექტი ჩავარდება, ივანიშვილს ძვირი პოლიტიკური ფასის გადახდა მოუწევს.
ამის შესახებ კაციტაძემ გადაცემა Newsroom-ის ეთერში განაცხადა.
მისივე თქმით, კანონპროექტის ჩაგდება ივანიშვილისგან გონივრული ნაბიჯი არ იქნება, რადგან ვერც კი წარმოუდგენია, ეს რა ფასად შეიძლება დაუჯდეს.
„თუკანონპროექტი ჩავარდა, ივანიშვილს მოუწევს ძვირი პოლიტიკური ფასის გადახდა. სამწუხაროდ, როცა ივანიშვილს ესმის ფასის გადახდა, ყველაფერი ფულთან დაკავშირებული გონია. მაგრამ, როდესაც პოლიტიკურ ფასზეა საუბარი, იგულისხმება მისი პოზიციიდან: 2020-ში მე უნდა დავკარგო ხელისუფლება ან უნდა გავყო ის, ამაზე უფრო დიდი ფასი რა უნდა გადავიხადო? 2020-ში უნდა ჩამოვშორდე ამ ზევსის ტახტრევანს. იქნებ მას მიმდინარე პოლიტიკური ფასების გადახდა ურჩევნია და სერიოზულად წავიდა ამ სიტუაციაზე. რაც მე ვფიქრობ, არ იქნება გონივრული ნაბიჯი მისგან, რადგან ვერც კი წარმოუდგენია, რა ფასად შეიძლება დაუჯდეს ამ სიტუაციის უკან მოტრიალება, ანუ არსებული კანონპროექტის ჩაგდება“,- განაცხადა კაციტაძემ.
რაც შეეხება იმას, აღნიშნულ კანონპროექტზე უმრავლესობის დეპუტატების განცხადებები დადგმულია თუ ბუნებრივი პროცესის ნაწილი, კაციტაძე ამბობს, რომ ეს პროცესი ბიძინა ივანიშვილის მიერ დადგმული სპექტაკლია.
„დავუშვათ არის სპექტაკლი, ერთი ვერსიით და მეორე ვერსია არის ის, რომ ეს ბუნებრივი პროცესია. ადამიანები, 20, 25, 30 მაჟორიტარი, რომელიც არაფრით გამოირჩეოდა აქამდე, უცებ წამოიმართა და დაუპირისპირდა ბიძინა ივანიშვილს, არა უბრალოდ პარტიის თავმჯდომარეს, არამედ ქვეყანაში დომინანტ პიროვნებას. ჯერ ეს ხომ უკვე სასაცილოა? მაგრამ, დავიჯეროთ, რომ ეს ასე იყო და გაუწყდათ მოთმინების ძაფი. თუ ეს ასეა, ამის პატრონი ივანიშვილი აცხადებს, რომ 2020 წლის არჩევნებში 60%-ს მივიღებთო? 105 კაცი ვერ უკონტროლებია პარლამენტში თავის დასმული და იქიდან 20 თუ 25 აჯანყდა. არ მჯერა მე არც იმ დეპუტატების დამოუკიდებლობის, ვინც ახლა გახდა დამოუკიდებელი, არც იმის, რომ ამათმა ახლა ასე უცებ გამოთქვეს პროტესტი და
ამ ვერსიის, რომ ეს არის ბუნებრივი პროცესი, ხომ მაქვს უფლება რომ არ მჯეროდეს?“- განაცხადა კაციტაძემ.