ავტოსატრანსპორტო შემთხვევის შედეგად, ადამიანის სიცოცხლის მოსპობის ფაქტზე ბრალდებულს 4 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

გორის რაიონულმა სასამართლომ გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევაში, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია, ზ.კ. დამნაშავედ ცნო.

პროკურატურის ინფორმაციით, სასამართლოში წარდგენილი მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2018 წლის 6 ივლისს, დაახლოებით 01:25 საათზე, გორის რაიონის სოფელ ხელთუბნის საავტომობილო გზაზე, ზ.კ.-მ, რომელიც MERCEDES BENZ-ის მარკის ავტომობილით გორის მიმართულებით გადაადგილდებოდა, ვერ უზრუნველყო ავტომობილის უსაფრთხო მართვა, დაარღვია „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 33-ე მუხლის მეორე პუნქტის მოთხოვნები და გზის სავალ ნაწილზე მწოლიარე მდგომარეობაში მყოფ თ.მ.-ს ავტომობილით გადაუარა. მიღებული დაზიანებების შედეგად თ.მ. საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა.

„სამართალდამცველებმა ზ.კ. 2019 წლის 9 თებერვალს დააკავეს. მას ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეხუთე ნაწილით (ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევა, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია (2018 წლის 06 ივლისს მოქმედი რედაქცია)) წარედგინა და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

გორის რაიონულმა სასამართლომ ზ.კ. დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად 4 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ლევან ლორთქიფანიძე - მეგობრების გადამტერებით ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფა შეუძლებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2024
პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს