ადვოკატი - არც ერთ პოლიციელს არ უხსენებია მაჩალიკაშვილი, არც ერთს არ უთქვამს, რომ ბეჟან ლორთქიფანიძე რაიმე ფორმით რომელიმე სამართალდამცავზე ძალადობდა

არც ერთ პოლიციელს არ უხსენებია მაჩალიკაშვილი, არც ერთს არ უთქვამს, რომ ბეჟან ლორთქიფანიძე რაიმე ფორმით რომელიმე სამართალდამცავზე ძალადობდა, - ამის შესახებ ჟურნალისტებს 20 ივნისს, პარლამენტთან მიმდინარე მოვლენებზე ბრალდებული ბეჟან ლორთქიფანიძის ადვოკატმა გიორგი გელხაურმა განუცხადა.

როგორც გელხაურმა აღნიშნა, მოწმე არ არსებობს, ვინც იტყვის, რომ ბეჟან ლორთქიფანიძემ სამართალდამცავებზე იძალადა.

„არც ერთი მოწმე და არც ერთი პოლიციელი არ ამბობს, რომ ბეჟან ლორთქიფანიძემ რაიმე სახის დაზიანება მიაყენა, ან ვინმეზე ძალადობდა. დღევანდელ პროცესზე დაკითხულ მოწმეების ჩვენებებს შორის აცდენა იყო. თუმცა, არც ერთს არ უხსენებია მაჩალიკაშვილი, არც ერთ მოწმეს არ უთქვამს, რომ ბეჟან ლორთქიფანიძე რაიმე ფორმით პარლამენტის წინ კანონს არღვევდა, ან რაიმე ფორმით ძალადობდა რომელიმე სამართალდამცავზე.

დარბევა რომ მოხდა, ეს პოლიციის ერთ-ერთმა თანამშრომელმა თქვა. ის, რომ იქ დარბიეს ხალხი და დაზიანებები მიაყენეს, ეს ყველამ კარგად ვიცით, თუმცა, მოწმეებიდან რომლებიც იკითხებიან, არც ერთი საუბრობს, რომ ეს ბეჟან ლორთქიფანიძემ გააკეთა. ერთადერთი გადაწყვეტილება აქვს სასამართლოს მისაღები და ეს გამამართლებელი განაჩენი იქნება", - განაცხადა გელხაურმა.

საქმის პროკურორის, გიორგი მუკბანიანის განმარტებით, დღეს დაკითხულმა მოწმეებმა სასამართლოს ინფორმაცია მიაწოდეს, თუ როგორ მიმდინარეობდა 2019 წლის 20 ივნისს, პარლამენტის ადმინისტრაციული შენობის ტერიტორიაზე აქცია.

„სამართალდამცავებმა სასამართლოს ინფორმაცია მიაწოდეს უშუალოდ ძალადობრივი მოქმედებების შესახებ, ასევე პარლამენტის შენობის წინ განვითარებული მოვლენების შესახებ. მოწმეებმა განაცხადეს, რომ შესაბამისი გაფრთხილებები სამართალდამცავი უწყების წარმომადგენლების მხრიდან იყო, თუმცა, კონკრეტულად ვინ აკეთებდა ამ გაფრთხილებას, მათ ეს ინფორმაცია არ გააჩნიათ", - განაცხადა მუკბანიანმა.

20 ივნისის აქციის საქმეზე ბრალდებული მორის მაჩალიკაშვილისა და ბეჟან ლორთქიფანიძის საქმეზე 3 პოლიციელი დაიკითხა.

შემდეგი სასამართლო სხდომა 12 დეკემბერს, 13:00 საათზე გაიმართება.

20 ივნისის საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ჯგუფურ მოქმედებაში მონაწილეობას გულისხმობს, რასაც თან ახლდა რბევა, ძალადობა, სხვისი ნივთის დაზიანება და განადგურება, ხელისუფელების წარმომადგენლისადმი წინაღმდეგობა და მასზე თავდასხმა.

ლევან ლორთქიფანიძე - მეგობრების გადამტერებით ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფა შეუძლებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2024
პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს