საკრებულოს სახელდებისა და სიმბოლიკის კომისია ზურაბ ჟვანიას ქუჩაზე სამისამართე აბრების დაზიანებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

თბილისის საკრებულოს სახელდებისა და სიმბოლიკის კომისია ზურაბ ჟვანიას ქუჩაზე სამისამართე აბრების დაზიანებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

მათი ინფორმაციით, თბილისის საკრებულომ 2005 წელს, ძმები ზუბალაშვილების ქუჩის მონაკვეთს ზურაბ ჟვანიას სახელი მიანიჭა, თუმცა ქუჩაზე სამისამართე აბრები ამ დრომდე განთავსებული არ იყო.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიამ, მერიის შესაბამის სამსახურებთან ერთად, ზურაბ ჟვანიას ქუჩაზე აბრები მიმდინარე წელს დაამონტაჟა.

„სამწუხაროა, რომ აღნიშნული აბრები დღეს მიზანმიმართულად დააზიანეს. რამდენადაც ჩვენთვის ცნობილია, ქუჩის ამ ნაწილის სახელდებასთან დაკავშირებით ადამიანთა გარკვეულმა ჯგუფმა პროტესტი ამ ფორმით გამოხატა. პროტესტი მათი უფლებაა და მისაღები იქნებოდა, რომ არა მისი გამოხატვის კანონთან შეუსაბამო ფორმები.

გვინდა აღვნიშნოთ, რომ წარსულში არსებული მიდგომები, ქალაქგეგმარებითი აუცილებლობის გარეშე ქუჩების გაყოფასთან და ცვლილებების პროცესში ადგილობრივი მოსახლეობის აზრის გაუთვალისწინებლობა მანკიერი პრაქტიკა იყო. წარსულში, საზოგადოების აზრის გათვალისწინების გარეშე არაერთი გადაწყვეტილება მიიღებოდა, თუმცა ეს მოსახლეობას სამართალდარღვევის უფლებას არ აძლევს.

სწორედ, წარსულში დაშვებული შეცდომების გათვალისწინებით, ჩვენ მივიღეთ რეგულაციები, რომლებიც მოქალაქეთა ჩართულობის გარეშე, სახელდების პროცესს შეუძლებელს ხდის.

სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიამ მოქალაქეთა ჯგუფის ინიციატივა განიხილა, რომლის მიხედვითაც მოსახლეობა ზურაბ ჟვანიას სახელის გადარქმევას და ქუჩის ნაწილისთვის კვლავ ძმები ზუბალაშვილების სახელწოდების დაბრუნებას ითვალისწინებდა.

განხილვის ფარგლებში, სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიამ მოქალაქეებთან შეხვედრები გამართა და მათ მოქმედ საკანონმდებლო რეგულაციებთან დაკავშირებით დეტალური ინფორმაცია მიაწოდა.

კომისია დაინტერესებულ მხარეებს კანონმდებლობით განსაზღვრულ ჩარჩოებში მოქცევისკენ და კონსტიტუციით გარანტირებული უფლებებით სარგებლობისკენ მოუწოდებს. თუ ისინი თვლიან, რომ 2005 წელს, ადგილობრივმა თვითმმართველობამ მათი უფლებები შელახა, მიმართონ სასამართლოს.

თავის მხრივ, სახელდებისა და სიმბოლიკის კომისია იღებს ვალდებულებას, სასამართლოს გადაწყვეტილების არსებობის შემთხვევაში, საკითხი გამჭვირვალედ და მოქალაქეთა სრული მონაწილეობით განიხილოს“,- აღნიშნულია განცხადებაში.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა