კოლეჯ „სპექტრის“ 62 კურსდამთავრებულს საერთაშორისოდ აღიარებული დიპლომები გადაეცა

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ კოლეჯ „სპექტრის“ 62 წარმატებულ კურსდამთავრებულს ბრიტანული საერთაშორისო საგანმანათლებლო ორგანიზაციის (BTEC) მიერ ავტორიზებული საერთაშორისო პროფესიული პროგრამების დიპლომები გადასცეს.

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ინფორმაციით, ღონისძიებაში მონაწილეობა ასევე მიიღეს საქართველოს პარლამენტის, ათასწლეულის განვითარების ფონდის, ამერიკის შეერთებული შტატებისა და დიდი ბრიტანეთის საელჩოების წარმომადგენლებმა.

მიხეილ ჩხენკელმა სიტყვით მიმართა დამსწრე საზოგადოებას და მადლობა გადაუხადა ყველა იმ ჩართულ მხარეს, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს ბრიტანული საერთაშორისო საგანმანათლებლო ორგანიზაციის (BTEC) მიერ ავტორიზებული, საერთაშორისო პროფესიული პროგრამების დანერგვასა და განხორციელებაში. მინისტრმა აღნიშნა, რომ ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც ქართულ პროფესიულ კოლეჯში საერთაშორისო პროფესიული სტანდარტით აღიარებული დიპლომები გაიცა.

„დღეს უაღრესად მნიშვნელოვანი და, შეიძლება ითქვას, ისტორიული ღონისძიება გაიმართა კოლეჯ „სპექტრში“, სადაც 62 კურსდამთავრებულს, პირველად საქართველოში, გადეცა საერთაშორისო დიპლომი პროფესიულ განათლებაში. მინდა მივულოცო თითოეულ მათგანს ისეთი დიპლომის მიღება, რომელიც აღიარებულია მსოფლიოს 150 ქვეყანაში.

ზოგადად, პროფესიული განათლება არის ჩვენი პრიორიტეტი, რადგან ის პირდაპირ არის დაკავშირებული დასაქმებასთან და ჩვენი კურსდამთავრებულები საერთაშორისო დიპლომებით შეძლებენ ღირსეულად დასაქმდნენ როგორც საქართველოში, ასევე მის ფარგლებს გარეთ. ამ პროფესიული პროგრამების უნიკალურობა მდგომარეობს იმაში, რომ ისინი შეიქმნა ბრიტანული პროგრამების საფუძველზე და მათი განხორციელება დაფინანსებული იყო ამერიკის შეერთებული შტატების ათასწლეულის გამოწვევის ფონდის მიერ. ეს არის კარგი მაგალითი იმისა, თუ როგორ შეიძლება ჩვენი სტრატეგიული პარტნიორების დახმარებით მძლავრი პროგრამების შექმნა, რომელთა კურსდამთავრებულებიც არიან ჭეშმარიტად კონკურენტუნარიანები მსოფლიო ასპარეზზე,“ - განაცხადა მიხეილ ჩხენკელმა.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა კი აღნიშნა, რომ კერძო სექტორის ჩართულობა მნიშვნელოვანია პროფესიული განათლების სფეროს განვითარებისთვის, რადგან პროფესიული განათლება პირდაპირ კავშირშია კვალიფიციური კადრების მომზადებასთან, დასაქმებასთან და ქართული ბიზნესის განვითარებასთან.

პროფესიული კოლეჯის „სპექტრის“ კურსდამთავრებულებს, შესაბამისი პროფესიის დაუფლების შემდეგ, კვალიფიკაცია მიენიჭა ოთხ სხვადასხვა სპეციალობაში: შემდუღებელი, ელექტროობა, ჰაერის კონდიცირება და წყალმომარაგების სისტემები. BTEC-ის დიპლომი საერთაშორისო პროფესიული სტანდარტით 150 ქვეყანაშია აღიარებული.

ცნობისთვის, „ათასწლეულის გამოწვევის ფონდის“ დაფინანსებით, კოლეჯმა „სპექტრმა“ კოლეჯ „ახალ ტალღასთან“ ერთად ბრიტანული საერთაშორისო საგანმანათლებლო ორგანიზაციის მიერ ავტორიზებული ახალი პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამები შეიმუშავა. 2017 წლის შემოდგომიდან ორივე კოლეჯი სწავლებას ბრიტანეთის ტექნიკური და ეკონომიკური საბჭოს საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად სხვადასხვა პროფესიულ საგანმანათლებლო მიმართულებით ახორციელებს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა