საქართველოში გადაუდებელი დახმარების საერთაშორისო ჯგუფი შეიქმნება

საქართველოში ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ აკრედიტირებული გადაუდებელი სამედიცინო დახმარების საერთაშორისო ჯგუფი შეიქმნება. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროდან აცნობეს.

მათივე ინფორმაციით, აღნიშნულთან დაკავშირებით, ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე და საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის დირექტორი ავთანდილ თალაკვაძე გერმანიის ცენტრალური მთავრობის კვლევითი ინსტიტუტის ოფიციალურ პირებს შეხვდნენ.

შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოში EMT ჯგუფის შექმნის მნიშვნელობასა და პროექტის განხორციელებისთვის საჭირო გზებზე ისაუბრეს. ასევე, ქართულ-გერმანული ურთიერთთანამშრომლობის ფარგლებში, კოლეგებმა პროექტის სამოქმედო გეგმა გაწერეს და სამომავლო შესაძლებლობები განიხილეს. გერმანულმა წარმომადგენლობამ პროექტს სრული მხარდაჭერა გამოუცხადა.

საქართველოში გადაუდებელი დახმარების საერთაშორისო ჯგუფები საველე სამედიცინო დახმარებას უზრუნველყოფენ. ისინი ინციდენტის ადგილზე მყისიერად ემერჯენსის ტიპის საველე ჰოსპიტალს მოაწყობენ და ნებისმიერი სიმძიმის პაციენტს მოემსახურებიან. EMT ჯგუფს ასევე შეეძლება კავკასიის რეგიონში, კერძოდ, სომხეთსა და აზერბაიჯანს, შესაბამისი საველე დახმარება აღმოუჩინოს.

პროექტი გერმანიის ცენტრალური მთავრობის „რობერტ კოხის ინსტიტუტის“ მხარდაჭერით, არასამთავრობო ორგანიზაცია ASB-ის მონაწილეობითა და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპული ოფისის კოორდინაციით ხორციელდება. საქართველოში EMT ჯგუფებს ჯანდაცვის სამინისტროს სსიპ საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრი უხელმძღვანელებს.

გია ხუხაშვილი - ხელისუფლებამ მონოპოლიების, კარტელების, ოლიგოპოლიების შექმნას უნდა შეუშალოს ხელი - თუ ქვეყანაში პოლიტიკური რისკებისაგან დაზღვეული ჯანსაღი კონკურენტული გარემო შეიქმნა, ასეთ შემთხვევაში ფასები თავისთავად დარეგულირდება
სადირ ჯაპაროვის პრეზიდენტობის ხუთი წელი: მთავარი გამოცდა ჯერ კიდევ წინაა
ქართული პრესის მიმოხილვა 26.01.2026
„ნიკორამ“ ახალი, მაღალტექნოლოგიური ქარხანა გახსნა