ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეამ უკანონო პატიმრობაში მყოფ ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილთან დაკავშირებით სპეციალური განცხადება მიიღო.
„ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეა მოუწოდებს, დაუყოვნებლივ გათავისუფლდეს ცნობილი ექიმი, საქართველოს ორთოპედთა და ტრავმატოლოგთა ასოციაციის პრეზიდენტი ვაჟა გაფრინდაშვილი, რომელსაც საქართველოს ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო ხელისუფლებამ 15 ნოემბერს ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა“, - აღნიშნულია განცხადებაში.
ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეა გმობს დე ფაქტო ხელისუფლების მიერ ექიმის უკანონო დაკავებას და მოუწოდებს, მოიხსნას მის მიმართ წაყენებული ყველა ბრალდება და უზრუნველყოფილი იყოს რეგიონისადმი დაუბრკოლებელი წვდომა საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის შესაბამისად;
ასევე, ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეა მოუწოდებს საერთაშორისო თანამეგობრობას, გამოიყენოს ყველა აუცილებელი მშვიდობიანი საშუალება ოკუპირებული ცხინვალის რეგიონში ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის გათავისუფლების მისაღწევად;
ასევე, ასამბლეა ადასტურებს სრულ მხარდაჭერას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში.