13 დეკემბერს, თელავში, სასტუმროში „Holiday Inn Telavi“, 13:00-დან 17:00 საათამდე სოციალური მომსახურების სააგენტოს ორგანიზებით, დასაქმების ფორუმი გაიმართება. ამის შესახებ „ინტერპესნიუსს“ სოციალური მომსახურების სააგენტოდან აცნობეს.
მათი თქმით, ფორუმის მიზანი სამუშაოს მაძიბელთა დასაქმების ხელშეწყობაა.
„დასაქმების ფორუმი მნიშვნელოვანი და ეფექტური ინსტრუმენტია სამუშაოს მაძიებელთა დასაქმების ხელშეწყობისათვის. ფორუმი სამუშაოს მაძიებლებს უმარტივებს წვდომას ვაკანსიებზე, მათ საშუალება აქვთ, ერთ სივრცეში, ერთდროულად გაეცნონ და აარჩიონ სხვადასხვა შეთავაზება რამოდენიმე დამსაქმებელისგან.
დასაქმების ფორუმზე, დამსაქმებლები სამუშაოს მაძიებლებს შრომის ბაზარზე არსებულ, აქტიურ ვაკანსიებს შესთავაზებენ. წარმოდგენილი იქნება აქტიური ვაკანსიები სხვადასხვა სფეროებიდან. მათ შორის: მომსახურების, გაყიდვების, ტურიზმის, საბანკო და სადაზღვევო სფეროებიდან.
ფორუმზე მონაწილეობის მისაღებად გთხოვთ ეწვიოთ www.ssa.gov.ge-ს, გადახვიდეთ დასაქმების ფორუმის სარეგისტრაციო ბანერზე და დარეგისტრირდეთ თქვენთვის სასურველ დროს. ფორუმზე რეგისტრაცია შეუძლია ყველა იმ პირს, რომელიც რეგისტრირებულია შრომის ბაზრის მართვის საინფორმაციო სისტემა worknet.gov.ge-ზე. worknet.gov.ge-ზე რეგისტრირებულ სამუშაოს მაძიებლებს ფორუმის შესახებ ინფორმაცია წინასწარ გაეგზავნებათ მოკლე ტექსტური შეტყობინების სახით.
სოციალური მომსახურების სააგენტოს წარმომადგენლები, ფორუმის მიმდინარეობისას, სამუშაოს მაძიებლებს დასაქმების ხელშემწყობ სახელმწიფო პროგრამებსა და სერვისებს დეტალურად გააცნობენ“, - აღნიშნავენ სააგენტოში.