გიორგი გახარია - ერთობლივად უნდა მივისწრაფოდეთ ევროპისკენ და ყველაფერი გავაკეთოთ, რომ საქართველო და უკრაინა იყვნენ ევროპული პოლიტიკური სივრცის ნაწილი

ჩვენ ერთობლივად, სტრატეგიული თანამშრომლობის ფარგლებში, უნდა მივისწრაფოდეთ ევროპისკენ და ყველაფერი გავაკეთოთ, რომ საქართველო და უკრაინა იყვნენ ევროპული პოლიტიკური სივრცის ნაწილი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ უკრაინის უმაღლესი რადას თავმჯდომარე დმიტრო რაზუმკოვთან შეხვედრისას განაცხადა.

პრემიერის პრესსამსახურის ინფორმაციით, მთავრობის მეთაურმა შეხვედრისას ორი ქვეყნის საერთო მისწრაფებებსა და გამოწვევებზე გაამახვილა ყურადღება.

„ჩემთვის დიდი პატივია, ვიმყოფებოდე უკრაინის მიწაზე საქართველოს პრემიერ-მინისტრის რანგში, რათა კიდევ ერთი ნაბიჯი გადავდგათ ჩვენს ორ მოძმე ხალხს შორის მეგობრობის, თანამშრომლობის განვითარებისა და წინსვლისკენ. ჩვენ გვაერთიანებს როგორც წარსული, ასევე გვაკავშირებს მსგავსი გამოწვევები, რომლის წინაშეც ჩვენი მოქალაქეები და სახელმწიფოები დგანან - ეს არის ჩვენი ქვეყნების ტერიტორიული მთლიანობა. დარწმუნებული ვარ, ამ მიმართულებით ერთობლივად შევძლებთ ძალზე ეფექტური და შედეგიანი ნაბიჯების გადადგმას. მოხარული ვარ, რომ დღეს, ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში ხელს მოვაწერთ ხელშეკრულებას საქართველოსა და უკრაინას შორის მაღალი დონის სტრატეგიული საბჭოს შექმნის შესახებ. ეს სწორედ ის ფორმატი და სტრატეგიული ურთიერთობის ის დონეა, რომელიც ჩვენს სახელმწიფოებსა და მოქალაქეებს უნდა აერთიანებდეს“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

გიორგი გახარიამ ასევე ისაუბრა საპარლამენტო დონეზე არსებულ წარმატებულ თანამშრომლობაზე და პოზიტიურად შეაფასა საქართველოს, უკრაინის და მოლდოვის პარლამენტებს შორის თანამშრომლობის სამმხრივი ფორმატის საქმიანობა. საქართველოს პრემიერ-მინისტრს ოფიციალური ვიზიტისთვის მადლობა გადაუხადა უკრაინის უმაღლესი რადას თავმჯდომარემ და აღნიშნა, რომ მისთვის დიდი პატივია, უმასპინძლოს გიორგი გახარიას მეცხრე მოწვევის პარლამენტში.

„ჩვენს ქვეყნებს ძალიან ბევრი აერთიანებს, გვაქვს საერთო მისწრაფებები და სამწუხაროდ, მსგავსი გამოწვევები - ეს არის ჩვენი ბრძოლა ტერიტორიული მთლიანობისთვის, მაგრამ ჩვენმა ურთიერთობამ და ქვეყნების ისტორიამ დაამტკიცა, რომ ჩვენ ამ გამოწვევებს ღირსეულად გავუმკლავდებით. დარწმუნებული ვარ, შევძლებთ განვავითაროთ ჩვენი ურთიერთობები, როგორც პარლამენტის, ასევე სხვა დონეზე“, - განაცხადა დმიტრო რაზუმკოვმა.

უკრაინის უმაღლესი რადას თავმჯდომარესთან შეხვედრას საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი და პრემიერ-მინისტრის მრჩეველი საერთაშორისო ურთიერთობათა საკითხებში ირაკლი ჩიქოვანი დაესწრნენ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა