ჯანდაცვის სამინისტროს ისრაელის ნაციონალური სასწრაფო - სამედიცინო დახმარების ოფიციალური პირები ესტუმრნენ. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროდან აცნობეს. მათივე ცნობით, მათთან მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ, საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის დირექტორთან, ავთანდილ თალაკვაძესთან ერთად, სამუშაო შეხვედრა გამართა.
„შეხვედრაზე მხარეებმა ერთმანეთს საკუთარი ქვეყნის გამოცდილება გაუზიარეს, განიხილეს ურთიერთთანამშრომლობის საკითხები და სამომავლო შესაძლებლობები. ისრაელის წარმომადგენლობამ დადებითად შეაფასა საქართველოში განხორციელებული ჯანდაცვის რეფორმები, კერძოდ, განსაკუთრებული ყურადღება დაუთმო ქვეყანაში სასწრაფო დახმარების სამსახურის მნიშვნელოვან გაუმჯობესებას.
ისრაელის ნაციონალური სასწრაფო- სამედიცინო დახმარების ხელმძღვანელი პირები ასევე ესტუმრნენ საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის სასწავლო-სატრენინგო ბაზას. მხარეებმა ერთმანეთს ადგილობრივი სამუშაო პრაქტიკა გააცნეს და იმსჯელეს ქართულ-ისრაელურ სამსახურებს შორის საერთო და განმასხვავებელ ძირითად საკვანძო საკითხებზე.
„ჯანდაცვის სამინისტროს საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრი პერმანენტულად აწარმოებს შეხვედრებს ისეთ წამყვან ქვეყნებთან, რომლებთაც სასწრაფო დახმარების მიმართულებით განსაკუთრებით წარმატებული მოდელი აქვთ დანერგილი“, - ნათქვამია ინფორმაციაში.