15 წლის ლუკა სირაძის მიმართ ჩვენების იძულების ფაქტზე დაკავებული გამომძიებლის საქმის პროკურორი, ლევან ქუთათელაძე აცხადებს, რომ პროკურატურას გააჩნია მტკიცებულებები, რომლითაც გამომძიებელ მარიანა ჩოლოიანის ბრალეულობა ვლინდება.
როგორც პროკურორმა თბილისის საქალაქო სასამართლოში ჟურნალისტებს განუცხადა, ბრალდების მხარემ სასამართლოს ჩოლოიანის მიმართ პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით მიმართა. მისივე თქმით, პატიმრობის შუამდგომლობა საქმიდან გამომდინარე საფრთხეებითაა დასაბუთებული. საუბარია, განმარტებით, საუბარია მტკიცებულების მოპოვებისა და მოწმეებზე ზემოქმედების საფრთხე.
პროკურორ ქუთათელაძის განმარტებით აღნიშნულ საქმეზე ორი პირია დაზარალებული, თუმცა ვინ, ჟურნალისტებთან არ დააკონკრეტა.
„ეს გახლავთ მოწმეთა ჩვენებები, ინფორმაციის გამოთხოვის შედეგად მოპოვებული სხვადასხვა ნივთიერი მტკიცებულები, რომლებიც დასაბუთებული ვარაუდის სტანდარტით ადასტურებენ, რომ ბალდებულის მიერ ჩადენილ იქნა სსკ-ის 335-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული მართლსაწინააღმდეგოდ ბარალეული ქმედება. აღნიშნული გულისხმობს გამოძიების ეტაპზე, მოწმეთა ზემოქმედებას, როდესაც ხდებოდა არასრულწლოვანთა მიმართებით იძულებით ჩვენების მიცემა. ცალსახად ვერ გავიზიარებთ დაცვის მხარის აპელაციას იმასთან დაკავშირებით, რომ საქმეზე არსებობს, მხოლოდ და მხოლოდ, ერთი მტკიცებულება. საქმეზე არსებობს დასაბუთებული ვარაუდის სტანდარტით მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ადასტურებს იმას, რომ ბრალდებულის მიერ ჩადენილი იქნა მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედება. საუბარია ორ ეპიზოდზე. შესაბამისად, საქმეზე დაზარალებულად ცნობილია ორი პირი“, - განაცხადა ლევან ქუთათელაძემ.