მიმდინარე წლის 15 დეკემბრის მდგომარეობით, C ჰეპატიტის სკრინინგი 1 769 206 ადამიანმა გაიარა - დადებითი პასუხი  8.22% -ს დაუფიქსირდა

2019 წლის 15 დეკემბრის მდგომარეობით, C ჰეპატიტის სკრინინგი 1 769 206 ადამიანმა გაიარა, საიდანაც დადებითი პასუხი 145,505 (8.22%) მოქალაქეს დაუფიქსირდა, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ჯანმრთელობის ხელშეწყობის და განათლების ფონდიდან აცნობეს.

მათივე ინფორმაციით, პროგრამის დაწყებიდან, 2015 წლიდან, მიმდინარე წლის ნოემბრის ჩათვლით სკრინინგით დადებითი პასუხის მქონე 122 629 მოქალაქიდან აქტიური ინფექცია 81 300 პირს დაუდასტურდა.

ფონდის ინფორმაციით, დღეს როცა ყველა კვლევა, მკურნალობის მსგავსად უფასო გახდა, ადამიანების დიდი ნაწილი მაინც თავს არიდებს სკრინინგს.

ჯანდაცვის სამინისტროს, ჯანდაცვის დეპარტამენტის, პროგრამების სამმართველოს უფროსის, ეკა ადამიას განცხადებით, პროცესში ჩართული ყველა მხარე კვლევების ჩატარებით და დაავადების მაქსიმალურად ადრეული გამოვლენით დაინტერესებული უნდა იყოს.

„თუ წინა წლებში ბარიერებად ფინანსურ ან გეოგრაფიულ ხელმისაწვდომობას ვასახელებდით, დღეს ეს არ შეიძლება რეალურ ბარიერს წარმოადგენდეს, რადგან 2018 წლიდან დავიწყეთ დეცენტრალიზაციის პროექტი და პრაქტიკულად 700-ზე მეტ ობიექტზე არის ხელმისაწვდომი სკრინინგული კველევა, როგორც სამედიცინო დაწესებულებებში, ასევე არასამთავრობო ორგანიზაციებში, იუსტიციის სახლებში, მობილური ბრიგადებით და სხვა. რაც შეეხება ფინანსურ ბარიერს, ესეც ვერ იქნება რეალური, რადგან დღეისათვის პროგრამის ფარგლებში ბენეფიციარებისთვის არა მხოლოდ სკრინინგი, მთლიანად დიაგნოსტიკური კომპონენტი უფასოა.

გარდა ამისა, ჩვენ დაწყებული გვაქვს ინტეგრირებული სკრინინგის პროგრამა სამ ინფექციაზე (C ჰეპატიტი, შიდსი და ტუბერკულოზი) ქვეყნის მასშტაბით, რომლის ფარგლებშიც ფინანსური ინსენტივი გათვალისწინებულია სერვისის მიმწოდებლებისათვის. ამდენად, პროცესში ჩართული ყველა მხარე წესით დაინტერესებული უნდა იყოს კვლევების ჩატარებით და დაავადების მაქსიმალურად ადრეული გამოვლენით. როგორც მოგეხსენებათ ადრეულ სტადიაზე გამოვლენა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, ღვიძლის მძიმე დაზიანების თავიდან ასაცილებლად“, - აცხადებს ადამია.

მისივე თქმით, მიუხედავად ინსენტივებისა, პროგრამაში მაინც არიან ისეთი პირები, რომლებიც არ აგრძელებენ კვლევებს, ან არ იწყებენ მკურნალობას.

„მაგალითად, სკრინინგით დადებითი პაციენტებიდან დაახლოებით 24 000 პაციენტი არ მისულა კონფირმაციული კვლევის ჩასატარებლად. უფრო მეტიც, კონფირმაციით დადებითი პაციენტებიდან (ვინც დაზუსტებით იცის რომ დაავადებულია ც ჰეპატიტით) 17 000 ადამიანს არ დაუწყია მკურნალობა.

ამ პაციენტების მოსაზიდად სამინისტრო დამატებით ახორციელებს მიდევნების პროგრამას, ვუკავშირდებით პაციენტებს დამატებით, თუმცა ტექნიკურად არის ისეთი პრობლემები, რომ ტელეფონები არ არის ზუსტი, ან გამოცვლილი აქვთ და ვერ ხერხდება დაკავშირება. აღნიშნულის მიუხედავად, დაახლოებით 20% მოზიდვა და ჩართვა განხორციელდა“, - ამბობს ადამია.

მისივე განცხადებით, ელიმინაციის პროგრამის სამიზნე არის დაავადებული მოქალაქეების 90% გამოვლენა, მათ შორის 95% მკურნალობა და ნამკურნალევთა შორის 95%-ის განკურნება.

„მიმდინარე შედეგებით, განკურნების მაჩვენებელი პროგრამის ფარგლებში 98,7%-ს სცდება, ამდენად მთავარი პრობლემა პაციენტების გამოვლენასა და მათ მკურნალობაში ჩართულობაში რჩება. მინდა მოვუწოდო ყველას, ვინც ჯერ კიდევ არ დაინტერესებულა თავისი ჯანრთელობის მდგომარეობით, რომ მეგობრებო, გამოიყენეთ ეს უნიკალური შესაძლებლობა, რომელიც ამ ეტაპზე აქვს ჩვენ ქვეყანას. გადახედეთ წარსულს, როდესაც ეს მედიკამენტი ჩვენი მოქალაქეებისათვის ხელმისაწვდომი არ იყო და ჯანმრთელობის დასაბრუნებლად უცხოეთში გადახვეწა, სახლების გაყიდვა და სხვა მძიმე პროცესების გავლა უწევდათ. დაფიქრდით მომავალზე, რადგან მუდმივი არაფერი არ არის და ყველა პროგრამას აქვს ლოგიკური დასაწყისი და დასასრული, ამიტომ ისარგებლეთ აწმყოში არსებული რეალური, ხელშესახები სარგებლით და გაუფრთხილდით თქვენი და თქვენი ახლობელი ადამიანების ჯანმრთელობას“, - განაცხადა ადამიამ.

ლევან ლორთქიფანიძე - ხელისუფლება ნელ-ნელა ცდილობს, რომ 78-ე მუხლის გაუქმების შესაძლებლობას შევეგუოთ
ქართული პრესის მიმოხილვა 11.12.2025
BDO × ITMC: როგორ აძლიერებს BDO-ს ექსპერტიზა ITMC-ის როლს რეგიონულ ლოგისტიკურ ეკოსისტემაში
Tower Group-ის პრემიალურ პროექტებზე წინასაახალწლო, განსაკუთრებული ფასებია
BDO Academy-მ შპს „ნიკორა“-ში სწავლების ელექტრონული მართვის სისტემა (LMS) დანერგა
კომპანია „მანი მუვერსმა“ „ნეოლეთის“ 100%-იანი წილი შეიძინა
საახალწლო შეთავაზება APEX Development-ის ბინებზე