ილია ელოშვილის განცხადებით, ოპოზიციას წარმოდგენა არ აქვს, როგორ გაიცემა სოციალური დახმარებები რაიონების მიხედვით

ყოველი დახმარება გაიცემა მოკვლევის საფუძველზე და ასეთი გასაშუალოვება გვიჩვენებს, რომ ოპოზიციას წარმოდგენა არ აქვს თუ როგორ გაიცემა სოციალური დახმარებები რაიონების მიხედვით,- ასე პასუხობს თბილისის მერის მოადგილე ილია ელოშვილი ოპოზიციის კრიტიკას, თითქოს მერია მიზნობრივ დახმარებებს „პრესტიჟული" და „არაპრესტიჟული" უბნების მიხედვით დიფერენცირებულად გასცემს.

როგორც ელოშვილი აცხადებს, მიზნობრივი ერთჯერადი დახმარების რაოდენობას კომისია განსაზღვრავს, მისი მაქსიმალური ოდენობა კი 1500 ლარია.

„როგორც ყოველთვის ოპოზიციამ გაიმარტივა საქმე და შეცდომაში შეიყვანა მოსახლეობა. მათ აიღეს თითოეულ რაიონზე გამოყოფილი მთლიანი თანხები და გაყვეს სოციალურად დაუცველებზე, გაასაშუალოვეს და ატეხეს განგაში, რომ თითქოს არათანაბრად არის გადანაწილებული - პრესტიჟულ უბნებში მეტი და არაპრესტიჟულ უბნებში ნაკლები. არ არსებობს პრესტიჟული და არაპრესტიჟული უბნები ჩვენთვის. სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ სოციალური დახმარებები არის გადანაწილებული კომისიის მიერ რაიონების სპეციფიკიდან გამომდინარე, მისი წინა ისტორიის და სიდიდის მიხედვით, თითოეული რაიონი იღებს მთლიან თანხას.

რაც შეეხება დახმარებას, სიტყვა „მიზნობრივი" ნიშნავს, რომ ეს არის ერთჯერადი მიზნობრივი დახმარება და ამის მაქსიმუმი 1500 ლარია. ყოველი დახმარება გაიცემა მოკვლევის საფუძველზე. ასეთი გასაშუალოვება გვიჩვენებს, რომ ოპოზიციას წარმოდგენა არ აქვს თუ როგორ გაიცემა სოციალური დახმარებები რაიონების მიხედვით. ჩვენი დახმარებები ორიენტირებულია მოქალაქეზე და არანაირად არ ანსხვავებს მოქალაქე რომელ უბანში ცხოვრობს. ყველა მოქალაქე არის თანაბარი.

ერთი ადამიანი აიღებს მაქსიმუმ 1500 ლარს, ოღონდ მოკვლევის საფუძველზე და არ ხდება ამის გასაშუალოვება, მათემატიკურად გაყოფა და ასე ჩამორიგება. ეს არ არის სოციალური დახმარება, რომელსაც სოციალურად დაუცველები იღებენ. ეს არის გამგეობის მიზნობრივი დახმარება. ამ თანხის ფარგლებში გამგეობა ლავირებს და გასცემს იმდენ დახმარებას, რამდენსაც ჩათვლის მოკვლევის საფუძველზე საჭიროდ.

შეიძლება ეს იყოს ჯანმრთელობის კუთხით, სახლის აღდგენის კუთხით და ა.შ. ყოფილა, რომ საახალწლო დახმარებაც დაგვიმატებია",- განაცხადა ელოშვილმა.

ლევან ლორთქიფანიძე - მეგობრების გადამტერებით ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფა შეუძლებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2024
პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
IPS-ის ორგანიზებით თბილისში ევროპული ბრენდის - URSA-ს ხმის და თბოიზოლაციის მასალების პრეზენტაცია გაიმართება
ვრცელდება თუ არა თქვენს ავტომობილზე Toyota 10/Lexus 10-ის გარანტია?
ADB-მ და Mastercard-მა ფინანსური ინკლუზიისა და ციფრული ინოვაციების გასაუმჯობესებლად ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერეს ხელი