ირაკლი ხმალაძე ბიუჯეტის პროექტის კრიტიკაზე - ოპონენტები სხვას რას იტყვიან? - ისინი იმისთვის არიან, რომ ასეთი რაღაცები ილაპარაკონ - მე მათ არც ვუსმენ

2020 წლის ბიუჯეტი უპრეცედენტოდ მაღალია, - ამის შესახებ თბილისის ვიცე-მერმა, ირაკლი ხმალაძემ საკრებულოში, სხდომის დაწყებამდე განაცხადა, რომელზეც თბილისის 2020 წლის ბიუჯეტი უნდა დამტკიცდეს.

მან ისაუბრა ბიუჯეტის შესახებ და უპასუხა კითხვას ოპოზიციის განცხადებებთან დაკავშირებით, რომ თანხების არასწორი ხარჯვის გამო მერის პასუხისმგებლობა უნდა დადგეს.

"ოპონენტები სხვას რას იტყვიან? - ისინი ამისთვის არიან, რომ ასეთი რაღაცები ილაპარაკონ. თუ ბიუჯეტი გაინტერესებთ, ამაზე შემიძლია განმარტებები გავაკეთო. თუ მთავარი ისაა, რას ლაპარაკობს ოპოზიციური მხარე და როგორ მიმართავს პროკურატურას და იქ საქმე წარიმართება თუ არა, ამაზე სჯობს ისევ მათ მიმართოთ. სიმართლე გითხრათ, მე მათ განცხადებებს არც ვუსმენ, არც მომისმენია. მე შემიძლია გითხრათ, რომ 2020 წლის ბიუჯეტი უპრეცედენტოდ მაღალია. უკვე მესამედ მიწევს დედაქალაქის ბიუჯეტის წარდგენა და თითოეულ შემთხვევაში უფრო მეტია ბიუჯეტი - პირველი იყო 915 მილიონზე, მეორე იყო მილიარდიდან დავიწყეთ და წარდგენის დროსვე ვთქვით, რომ მილიარდ 100 მილიონამდე გაიზრდება და უკვე კორექტირებული ბიუჯეტი გვაქვს, მილიარდ 100 მილიონს უკვე აცდა, ახლა კი გეუბნებით, რომ ჩვენი 2020 წლის ბიუჯეტი და ჯამური ღონისძიებების ხარჯი წლის განმავლობაში შევსების პირობით იქნება მილიარდ 300 მილიონზე მეტი. ძალიან დიდი ნაწილი ამ თანხების იხარჯება ისევ სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის მიმართულებაში, როგორც ქუჩების და გზების რეაბილიტაცია, ასევე ახალი ავტობუსების, მატარებლების შეძენა, მოდერნიზება, კაპიტალური რემონტების ჩატარება და რა თქმა უნდა, დაწყებული ისტორიული არეალების რეაბილიტაცია, დასრულება. ჩემი აზრით, ეს არის ძირითადად დღეს სასაუბრო საკრებულოში და არა ის, ოპოზიცია რომ საუბრობს, თითქოს ხარჯები არასწორად არის განაწილებული", - აღნიშნა ხმალაძემ.

დედაქალაქის ვიცე-მერმა უპასუხა ჟურნალისტების კითხვას, არის თუ არა ინფრასტრუქტურა მთავარი გამოწვევა.

"ინფრასტრუქტურა ქალაქის გამოწვევა ყოველთვის არის და იქნება, მაგრამ ჩვენი ამბიცია და ყველაზე დიდი გამოწვევა მოსვლისთანავე იყო სატრანსპორტო სისტემის მოწესრიგება და რჩება კიდეც. თუ თვალს გადაავლებთ, წლების განმავლობაში რამხელა თანხების ინვესტირებას ახდენს მუნიციპალიტეტი, შეგიძლიათ, ნებისმიერ გასულ წელს შეადაროთ - ეს არის უპრეცედენტოდ მაღალი თანხები და მეორე, ყოველ წელს უფრო მეტი თანხების ინვესტირებას ვახდენთ, ვინაიდან ვატარებთ საზოგადოებრივი ტრანსპორტის წამახალისებელ პოლიტიკას და საჭიროა საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოწესრიგება", - განაცხადა ხმალაძემ.

ის ასევე გამოეხმაურა ოპოზიციის მხრიდან კრიტიკას საშტატო ერთეულების დამატებისა და პიარის ბიუჯეტის ზრდის შესახებ.

"თუ ჩვენ გვაინტერესებს ჩვენი ოპონენტების კრიტიკა, რატომ იზრდება საშტატო ერთეულები, საშტატო ერთეულების რაოდენობა გაზრდილია ჩვენი მოსვლის დღიდან მოყოლებული დღემდე საგრძნობლად. თუ რომელიმე ეტაპზე ვერ დავასაბუთეთ, თუ რატომ ვზრდით, მაშინ შემიძლია გავჩუმდე და მივიღო ეს კრიტიკა, მაგრამ თითოეულ ეტაპზე ჩვენ ვასაბუთებთ, რატომ ვაკეთებთ ამას - რადგან იზრდება მუნიციპალურ სერვისებზე მოთხოვნა და მათი მიწოდება, შესაბამისად იზრდება ხარისხიც. აქედან გამომდინარე, იმ არსებული საშტატო ერთეულებით, რითიც აქამდე ემსახურებოდა მუნიციპალიტეტი ქალაქს, დღეს და ხვალ ვერ მოემსახურება. ისევე, როგორც პიარში. თქვენ ალბათ, კომუნიკაციების სააგენტო გაქვთ მხედველობაში, თუ თვლით, რომ საზოგადოებასთან კომუნიკაცია უმნიშვნელოა, მე ამაში არ დაგეთანხმებით. ესეც მნიშვნელოვანია, საზოგადოებასთან უნდა გქონდეს კომუნიკაცია, არა მარტო ის, რომ ჩვენ ვაცნობოთ საზოგადოებას, თუ რას ვაკეთებთ, არამედ მივიღოთ საზოგადოებისგანაც სწორი ინფორმაცია. თუ გვეუბნებით, რომ ადმინისტრაციული ხარჯები იზრდება, ისინი რამდენადაც მახსოვს, იმავე ზღვარზეა, რაც იყო წინა წელს, მცირეოდენი ზრდა გვაქვს საშტატო ერთეულებში, თუმცა სახელფასო ფონდში ჯამში გვაქვს კლება", - აღნიშნა ირაკლი ხმალაძემ.

გიორგი ანთაძე - საქართველომ რეგიონში არსებული სამხედრო დისბალანსის გათვალისწინებით, თავისი თავდაცვის შესაძლებლობების გაუმჯობესებისკენ უფრო ქმედითი ნაბიჯები უნდა გადადგას
ქართული პრესის მიმოხილვა 03.08.2020
ალექსანდრე თვალჭრელიძე -  გაბრაზებული ამომრჩევლები ხმას მცირე პარტიებს მისცემენ, პარლამენტის გასაღები სწორედ მცირე პარტიების და  ახალი სახეების ხელშია
„ნიუ ჰაუსი“ მომხმარებელს 27-თვიან შიდა უპროცენტო განვადებას სთავაზობს - იცხოვრე კომფორტულ გარემოში