ირაკლი კობახიძე - უზენაესი სასამართლოს სხვა მოსამართლეებს შემდეგი მოწვევის პარლამენტი აირჩევს

უზენაესი სასამართლოს სხვა მოსამართლეებს შემდეგი მოწვევის პარლამენტი აირჩევს, - ამის შესახებ პარლამენტის ყოფილმა თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც უპასუხა კითხვას, განიხილავს თუ არა პარლამენტი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატთა ახალ, 6 - კაციან სიას. მისი თქმით, ამით პარლამენტმა გაითვალისწინა ვენეციის კომისიის რეკომენდაცია, რომლის მიხედვითაც უზენაეს სასამართლოს მხოლოდ ერთი მოწვევის პარლამენტი არ დააკომპლექტებდა.

„ჩვენ საჯაროდ განვაცხადეთ, რომ გავითვალისწინებდით ვენეციის კომისიის რეკომენდაციას იმის თაობაზე, რომ ერთი მოწვევის პარლამენტი არ დააკომპლექტებდა სრული შემადგენლობის ნახევარზე მეტს. მოგეხსენებათ, ამ მოწვევის პარლამენტმა 28 -დან 14 მოსამართლე აირჩია. შესაბამისად, ჩვენ ვრჩებით ამ განცხადებაზე. შემდეგი მოწვევის პარლამენტი აირჩევს უკვე სხვა მოსამართლეებს“, - განაცხადა კობახიძემ.

პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე ასევე გამოეხმაურა უზენაესი სასამართლოს 14 მოსამართლის დანიშვნაზე ეუთო/ოდირის დასკვნას. მისი თქმით, საერთაშორისო ორგანიზაციის დასკვნაში ბევრი უხეში ხარვეზია.

„დეტალურად გავეცანი ეუთო/ოდირის დასკვნას. მასში უამრავი უხეში ტექნიკური, ფაქტობრივი და შინაარსობრივი ხარვეზია, რაც ხალიან სამწუხაროა. ჩვენ კომუნიკაცია გვექნება საერთაშორისო პარტნიორებთან იმისათვის, რომ პრევენციული ეფექტი ჰქონდეს ჩვენს ამ თანამშრომლობას. არ შეიძლება, რომ ასეთი ხარვეზებით იყოს დატვირთული საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ მოწოდებული დასკვნა. არ ვიცი, რა არის ამის მიზეზი“, - განაცხადა კობახიძემ.

შეგახსენებთ, რომ პარლამენტში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების მორიგი სია შევიდა. ახალი 6-კაციანი სია პარლამენტს იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ წარუდგინა. მოსამართლეობის კანდიდატები არიან: ილონა თოდუა; გენადი მაკარიძე; ნინო სანდოძე; პაატა სილაგაძე; გიორგი ტყავაძე; თეა ძიმისტარაშვილი.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ქართულმა პოლიტიკურმა სისტემამ მდგრადობა დაკარგა და გარე ჩარევის გარეშე მისი გამოსწორება შეუძლებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2021
სტეპან გრიგორიანი - რუსეთი ჩქარობს სამხრეთ კავკასიაში დასავლეთთან შედარებით უპირატესობის მიღწევას
მინდია დავითაძე - საამაყოა, როცა WIPO-ს გენერალური დირექტორის მხრიდან დადებითად ფასდება საქპატენტის საქმიანობა
საერთაშორისო სისტემა ინტელიექსპრესი საქართველოს მოქალაქეებისთვის ევროპულ სერვისებზე წვდომას ამარტივებს