ადამიანის უფლებათა ცენტრი მურად წურწუმიას მკვლელობის საქმეზე სახელმწიფო ინსპექტორს ოფიციალურად მიმართავს

ადამიანის უფლებათა ცენტრი აგრძელებს მურად წურწუმიას ოჯახის სამართლებრივი ინტერესების დაცვას. სამედიცინო ექსპერტიზისა და სხვა მტკიცებულებების საფუძველზე ორგანიზაცია ბრალდებულებისთვის ბრალის კიდევ უფრო დამძიმებას არ გამორიცხავს. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ადამიანის უფლებათა ცენტრიდან აცნობეს.

მათივე ცნობით, დღეს ოფიციალურად, წერილობით მიმართეს სახელმწიფო ინსპექტორს და მოითხოვეს, თავისი კომპეტენციის ფარგლებში გამოიძიონ მურად წურწუმიას მკვლელობის საქმე.

„2020 წლის 2 იანვარს თბილისში, ვარკეთილის მე-3 მასივში, ე.წ. „დამპალოს სასაფლაოს“ ტერიტორიაზე, ავტომობილის გამო დაწყებული კონფლიქტის შედეგად, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელმა ზურაბ ფოფხაძემ და მისმა თანმხლებმა პირმა, ვახტანგ ბურძენიძემ, 24 წლის მურად წურწუმია სიკვდილამდე სცემეს. ბრალდებულებმა, ასევე, სცემეს მოკლულის ძმა, მუხრან ჩხვირკია, რომელმაც ადგილიდან გაქცევა შეძლო.

მურად წურწუმიას სიცოცხლისთვის შეუთავსებელი მძიმე დაზიანებები აღენიშნებოდა, რის გამოც იგი 4 იანვარს საავადმყოფოში გარდაიცვალა, ხოლო მუხრან ჩხვირკია, ჯგუფურად განხორციელებული ძალადობის შედეგად, არაერთი მძიმე დაზიანებით გორის სამხედრო ჰოსპიტალში მოათავსეს.

მძიმე დაზიანებებით უგონო მდგომარეობაში მყოფი მურმან წურწუმია ბრალდებულებმა ერთ-ერთი ბრალდებულის ბინაში გადაიყვანეს, სადაც მთელი ღამის განმავლობაში არ გამოუძახებიათ სასწრაფო სამედიცინო დახმარება და არ გაუწევიათ სამედიცინო დახმარება. 3 იანვარს, დილით, ზურაბ ფოფხაძემ საცხოვრებელი სახლი დატოვა, ბურძენაძემ კი სასწრაფო მას შემდეგ გამოიძახახა, რაც მურად წურწუმიას მდგომარეობა დამძიმდა.

შსს-ს ისანი-სამგორის სამმართველოს თანამშრომლებმა 5 იანვარს დააკავეს შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ქ. თბილისის სამმართველოს II განყოფილების უფროსი ზურაბ ფოფხაძე, რომელიც სასამართლომ თანამდებობიდან გადააყენა. მას აღმკვეთი ღონისძიების სახით შეეფარდა პატიმრობა.

6 იანვარს მურად წურწუმიას გარდაცვალების საქმეზე პროკურატურამ დაზარალებულის უფლებამონაცვლედ გარდაცვლილის დედა ცნო და ასევე დაზარალებულად ცნო მუხრან ჩხვირკია.

ადამიანის უფლებათა ცენტრის იურისტი, ექსპერტთან ერთად, ოჯახთან შეთანხმებით, 8 იანვარს ესწრებოდა გარდაცვლილი მურად წურწუმიას გარეგნულ დათვალიერებას, რის შედეგადაც არ დადასტურდა თვალის დაკარგვის ფაქტი.

მიუხედავად იმისა, რომ ბრალდებული ვახტანგ ბურძენაძე ორჯერ გამოკითხეს, მას არ აკავებდნენ და ხელწერილით იყო გათავისუფლებული. 8 იანვარს, ადამიანის უფლებათა ცენტრისა და სხვა საზოგადოებრივი ორგანიზაციების მოთხოვნის შედეგად, ვახტანგ ბურძენიძეც დააკავეს. მას თბილისის საქალაქო სასამართლომ აღკვეთ ღონისძიებად პატიმრობა შეუფარდა.

8 იანვარს ადამიანის უფლებათა ცენტრის მონაწილეობით გამოკითხეს დაზარალებული მუხრან ჩხვირკია, რომელმაც კიდევ ერთხელ დაადასტურა რომ სასაფლაოზე განვითარებულ მოვლენებში ჯგუფურად ორი პირი მონაწილეობდა.

დაკავებულებს ბრალი ედება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის მეექვსე ნაწილით (სხეულის განზრახ მძიმე დაზიანება, რამაც გამოიწვია სიცოცხლის მოსპობა) და სსკ-ის 126-ე მუხლის I პრიმა ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (ცემა ან სხვაგვარი ძალდობა), რამაც ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, ჯგუფურად, ასევე 143-ე მუხლის I ნაწილით (თავისუფლების უკანონო აღკვეთა), რაც სასჯელის სახით 8-დან 11 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ადამიანის უფლებათა ცენტრმა დღეს ოფიციალურად, წერილობით მიმართა სახელმწიფო ინსპექტორს და მოითხოვა, თავისი კომპეტენციის ფარგლებში გამოიძიოს მურად წურწუმიას მკვლელობის საქმე, რათა დამოუკიდებლად შეაფასოს გარდაცვლილის სავარაუდო წამების, არაადამიანური მოპყრობის გარემოებები, ასევე გამოიყენოს კანონმდებლობით მის ხელთ არსებული ბერკეტები, საქმეზე ობიექტური ჭეშმარიტების დასადგენად. ანალოგიური მოთხოვნით, საჯარო მიმართვის სახით, სახელმწიფო ინსპექტორს უკვე მიმართეს უფლებადამცველმა ორგანიზაციებმა, მათ შორის - ადამიანის უფლებათა ცენტრმა“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა