დავით ბაქრაძე - რაღაც მომენტში დასავლეთის მხრიდან ასეთი მწვავე კრიტიკა აუცილებელად გადადის კონკრეტულ მოქმედებებსა და სანქციებში

„ქართული ოცნების“ რეაქცია აჩვენებს, დღევანდელმა ხელისუფლებამ სრულად ამოწურა პოზიტიური განვითარების რესურსი და მთავარი დაბრკოლება ხდება საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური მომავლის გზაზე, - ასე გამოეხმაურა „ევროპული საქართველოს“ ლიდერი დავით ბაქრაძე კონგრესმენების მიერ საქართველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას სახელზე გამოგზავნილ წერილს.

მისივე განცხადებით, ბოლო ერთი კვირის განმავლობაში ეს არის უკვე მეორე კრიტიკული წერილი ამერიკის კონგრესისგან.

„ამას ემატება უპრეცედენტოდ მწვავე კრიტიკა და განხილვა ევროპარლამენტში, ლიეტუვის პრეზიდენტის ძალიან კრიტიკული განცხადება. ეს ყველაფერი აჩვენებს, რომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლების კრიტიკამ უკვე შეუქცევადი საერთაშორისო სახე მიიღო. ყველა ადამიანი, ვინც აკრიტიკებს დღევანდელ ხელისუფლებას, არის საქართველოს მეგობარი და არიან ის პოლიტიკოსები, ვისაც უნდა საქართველო იხილოს წარმატებულ, ევროპული მომავლის მქონე დემოკრატიად. დღევანდელი ხელისუფლება ებრძვის ამ ადამიანებს, ცდილობს მათ დისკრედიტაციას და მათზე პოლიტიკურ შეტევას. ეს არ არის დემოკრატიული ხელისუფლების პასუხი მეგობრების კრიტიკაზე. ეს არის ის როგორც იქცევიან ვადაგასული, გაბანკროტებული რეჟიმები, როდესაც ისინი იღებენ კრიტიკას დასავლური სამყაროდან“, - განაცხადა ბაქრაძემ.

მისივე თქმით, ჩვენი ამოცანა უნდა იყოს დასავლელი მეგობრების მხარდაჭერის პირობებში, ბოლომდე მივიყვანოთ ის ამოცანა, რასაც ჰქვია საქართველოს ევროპული მომავლის უზრუნველყოფა.

ბაქრაძის განმარტებით, თუ „ქართული ოცნება“ გააგრძელებს ასეთივე რეაგირებას კრიტიკაზე უფრო მწვავე კრიტიკას მიიღებს.

„თუ „ქართული ოცნება“ გააგრძელებს ამ ადამიანების წინააღმდეგ ბრძოლას და მათი პოლიტიკური დისკრედიტაციის მცდელობას, რომ თურმე ისინი უბრალოდ უვიცები არიან, არ იციან ისე აკეთებენ განცხადებებს, ან არიან ვიღაცის პოლიტიკური გავლენის ქვეშ, მიიღებენ უფრო მწვავე კრიტიკას და რაღაც მომენტში ასეთი მწვავე კრიტიკა დასავლეთის მხრიდან აუცილებელად გადადის კონკრეტულ მოქმედებებში და კონკრეტულ სანქციებში. ეს იქნება უკვე ის, რაც დააზიანებს არა მხოლოდ „ქართულ ოცნებას“, არამედ საქართველოსაც“,- განაცხადა დაბით ბაქრაძემ.

იხილეთ ვიდეო

ლევან ლორთქიფანიძე - მეგობრების გადამტერებით ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფა შეუძლებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2024
პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს