20 ივნისის საქმეზე ბრალდებული - სიტყვით გამოსვლისას ნიკა მელიამ განაცხადა, რომ მშვიდობიანად შევსულიყავით პარლამენტის შენობაში

20 ივნისის საქმეზე "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ბრალდებული წევრის, ნიკა მელიას სასამართლო პროცესზე ამავე საქმეზე ბრალდებულმა სოსო ბაჯელიძემ განაცხადა, რომ პარლამენტთან დაპირისპირება ნიკა მელიას მოწოდების შემდეგ დაიწყო.

„სიტყვით გამოსვლისას ნიკა მელიამ განაცხადა, რომ მშვიდობიანად შევსულიყავით პარლამენტის შენობაში. ნიკა მელიას განცხადების გაკეთებიდან რამდენიმე წუთში, დაპირისპირება დაიწყო", - განაცხადა ბაჯელიძემ.

მისივე განმარტებით, პარლამენტში დაპირისპირების გარეშე შესვლა შეუძლებელი იყო.

ცნობისთვის, 20 ივნისის საქმეზე ბრალდებული სოსო ბაჯელიძე 16 სექტემბერს სასამართლომ 5 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა. მას ბრალდების მხარე ჯგუფურ ძალადობას ედავება. რაც შეეხება ნიკა მელიას, მას ბრალი წარდგენილი აქვს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით, რაც გულისხმობს ჯგუფური მოქმედების ხელმძღვანელობას და ჯგუფურ მოქმედებაში მონაწილეობას, რასაც თან ახლდა ძალადობა, რბევა, სხვისი ნივთის დაზიანება და განადგურება, იარაღის გამოყენებით ხელისუფლების წარმომადგენლისადმი წინააღმდეგობა და მათზე თავდასხმა.

ნიკა მელიას თბილისის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით 30 000-ლარიანი გირაო შეუფარდა. ამასთან, სასამართლოს გადაწყვეტილებით, მელიას დამატებითი შეზღუდვებიც დაუწესდა. კერძოდ კი, ნიკა მელია საცხოვრებელ ადგილს საგამოძიებო ორგანოს ინფორმირებისა და თანხმობის გარეშე ვერ დატოვებს. მას ასევე აეკრძალა საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილას საჯარო განცხადებების გაკეთება, მოწმეებთან ნებისმიერი სახის კომუნიკაცია. მას ასევე დაეკისრა საგამოძიებო ორგანოებისათვის პასპორტისა და პირადობის დამადასტურებელი სხვა დოკუმენტის ჩაბარების ვალდებულება. თბილისის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებით, მელიას ელექტრონული სამაჯური გაუკეთდა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა