არჩილ თალაკვაძე - ისეთ ინტერპრეტაციებს ნუ გააკეთებთ, რაც სალომე ზურაბიშვილს არ უთქვამს

პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე პრეზიდენტის პოზიციის ინტერპრეტაციად მიიჩნევს განცხადებას, რომ რუსეთის დელეგაცია სერგეი ლავროვის ხელმძღვანელობით თბილისში შესაძლოა, „ოკუპირებული ტერიტორიების“ შესახებ კანონის გვერდის ავლით ჩამოვიდეს.

როგორც თალაკვაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, პრეზიდენტს ასეთი რამ არ უთქვამს და „სინამდვილეში ერთმნიშვნელოვნად მხოლოდ ის განაცხადა, რომ საქართველომ მიიღო ევროპის საბჭოს თავმჯდომარეობა და შესაბამისად, აიღო ვალდებულებები ექვსთვიან პერიოდში ყველა ღონისძიებაზე, რომელზეც ტრადიციულად და ყოველთვის აქვს ევროპის საბჭოს ფორმატში, როდესაც ქვეყანა ხდება თავმჯდომარე“.

„ეს თავისთავად გულისხმობს მინისტერიალის ჩატარებას საქართველოში. მინისტერიალი ტარდება ყველა წევრი ქვეყნის დელეგაციის მონაწილეობით და ზუსტად ეს განმარტა პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა.

მე გთხოვთ, რომ ისეთ ინტერპრეტაციებს ნუ გააკეთებთ, რაც მას არ უთქვამს. თუ თქვენ გაქვთ პრეტენზიები და თუ გინდათ ჩემი კომენტარი იმ ადამიანზე, რომლებიც გუშინდელის შემდეგ ცდილობენ კამპანიის აგორებას, მე შემიძლია აგიხსნათ, რა ამოძრავებთ ამ ადამიანებს, რატომ აკეთებენ ასეთ განცხადებებს და რას გააკეთებენ ეს ადამიანები გაზაფხულზე, მაგასაც გეტყვით“, - განუცხადა თალაკვაძემ ჟურნალისტებს.

მისი თქმით, საქართველო და მისი ხელისუფლება არასდროს, არცერთ ფორმატში არ გაექცევა რუსეთისთვის იმის შეხსენებას, იმ პოზიციების დაფიქსირებას, რომ რუსეთი ოკუპაციას ახორციელებს, საერთაშორისო შეთანხმებებს არღვევს, თავის ვალდებულებებს არ ასრულებს და ეს ოკუპაცია უნდა დასრულდეს.

„ნებისმიერ ფორმატში საქართველო რუსეთის ფედერაციას შეახსენებს ამ დარღვევებს, მათ შორის ქალბატონმა ზურაბიშვილმა გუშინ რუსეთის ფედერაციას შეახსენა, რომ მას სტრასბურგის საქმეზე ვალდებულები აქვს დაკისრებული და უნდა შეასრულოს“, - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

ამასთან, მისივე თქმით, მინისტერიალის დაგეგმვასთან დაკავშირებით ევროპის საბჭოსთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კომუნიკაცია იქნება.

„რისკებზე ნამდვილად არის სამსჯელო და საფიქრალი. მინისტერიალი მომზადების პროცესშია. ჩვენ გვაქვს სამდივნოსთან კავშირი. ევროპის საბჭოსთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან იქნება კომუნიკაცია დაგეგმვასთან დაკავშირებით და ჩვენ საზოგადოებას წინასწარ, ყველა მნიშვნელოვან საკითხზე, საქმის კურსში ჩავაყენებთ“,-განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

ცნობისთვის, საქართველომ, როგორც თავმჯდომარე ქვეყანამ, მაისში ევროპის საბჭოს მინისტერიალს და ორგანიზაციის წევრი ქვეყნების დელეგაციებს უნდა უმასპინძლოს. არსებული ინფორმაციით, რუსეთის დელეგაციას სერგეი ლავროვი წარმოადგენს, რომელსაც თავის მხრივ, „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“ კანონი არაერთხელ აქვს დარღვეული.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ქართულმა პოლიტიკურმა სისტემამ მდგრადობა დაკარგა და გარე ჩარევის გარეშე მისი გამოსწორება შეუძლებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2021
სტეპან გრიგორიანი - რუსეთი ჩქარობს სამხრეთ კავკასიაში დასავლეთთან შედარებით უპირატესობის მიღწევას
მინდია დავითაძე - საამაყოა, როცა WIPO-ს გენერალური დირექტორის მხრიდან დადებითად ფასდება საქპატენტის საქმიანობა
საერთაშორისო სისტემა ინტელიექსპრესი საქართველოს მოქალაქეებისთვის ევროპულ სერვისებზე წვდომას ამარტივებს