გია ვოლსკი სენატორების წერილზე - არის საკითხები, რომელიც საომარი მოქმედებების დროს გამოყენებულ ტერმინს მაგონებს - ამას ჰქვია „მეგობრული ცეცხლი“, როცა მეგობარი უნებლიედ მეგობარს აზიანებს

არის საკითხები, რომელიც საომარი მოქმედებების დროს გამოყენებულ ტერმინს მაგონებს - ამას ჰქვია „მეგობრული ცეცხლი“, როცა მეგობარი უნებლიედ მეგობარს აზიანებს, - ასე უპასუხა პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ ამერიკელი სენატორების წერილის თაობაზე დასმულ კითხვას.

მისი თქმით, სენატორების მიერ გახარიასთვის გაგზავნილი წერილის შინაარსი საკმაოდ პრინციპული და საქმიანია.

ვიცე-სპიკერი მიიჩნევს, რომ კონგრესმენებისა და სენატორების წერილების უპასუხოდ დატოვება დაუშვებელია.

ვოლსკის განცხადებით, აუცილებელია არამხოლოდ წერილობითი პასუხების გაცემა, არამედ ამერიკელ კოლეგებთან შეხვედრაც.

„წერილის შინაარსი საკმაოდ საქმიანი, პრინციპული და ძალიან კრიტიკულია. არის საკითხები, რომელზეც ჩვენ სიღრმისეული და ერთობლივი ანალიზი გვმართებს. ასევე, არის საკითხები, რომელიც რაღაც ტერმინს მომაგონებს, რომელიც საომარი მოქმედებების დროს გამოიყენება - ამას ჰქვია „მეგობრული ცეცხლი“, როცა მეგობარი უნებლიედ მეგობარს აზიანებს. ქართულ-ამერიკული პარტნიორული ურთიერთობები მხოლოდ ერთი მხარის ინტერესი არ არის, ეს არის რეგიონის ინტერესი, ჩვენი, ორივეს ინტერესია და არავითარ შემთხვევაში არ უნდა დავუშვათ ამ საკითხების უპასუხოდ დატოვება. ეს პასუხები უნდა იყოს საქმიანი და მხოლოდ ფაქტებზე დაყრდნობილი. როგორც წერილის ადრესატს, ასევე პოლიტიკოსებს მართებთ არა მხოლოდ წერილობითი და დეკლარაციული პასუხების გაცემა, არამედ, ფაქტებით აღჭურვილი დელეგაციების შეხვედრა ამერიკელ კოლეგებთან“, - განაცხადა ვოლსკიმ.

პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი თვლის, რომ აშშ-სა და საქართველოს შორის ურთიერთობების გადახედვა დაუშვებელია, რადგან საქართველო ამერიკისთვის რეგიონში საიმედო მოკავშირეა.

„არანაირი ურთიერთობები არ უნდა გადაიხედოს, ეს გამორიცხულია, რადგან ამერიკის შეერთებული შტატებისთვის რეგიონში მოკავშირე, ისეთი, როგორიც საქართველოა, არ არის მხოლოდ პათეტიკასთან ან სენტიმენტებთან დაკავშირებული საკითხი, ეს არის საგანგებო, სტრატეგიული პოლიტიკური მნიშვნელობის საკითხი. თუ ჩვენს მიმართ რაიმე კითხვა არსებობს, ამ კითხვებს პასუხი უნდა გავცეთ, ვინაიდან ეს პარტნიორული ურთიერთობა მნიშვნელოვანია როგორც საქართველოსთვის, ასევე რეგიონალური სტაბილურობისთვის და უსაფრთხოებისთვის. სასწორის ერთ მხარეს დევს პოლიტიკური თემა, რაშიც ცამდე მართლები ვართ და მეორე მხარეს დევს თემა, რომელიც ქართულ-ამერიკულ ინტერესებში აერთიანებს ყველაფერს, რასაც ჰქვია რეგიონალური უსაფრთხოება და სტაბილურობა“, - აღნიშნა ვოლსკიმ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა