პროკურორის ინფორმაციით, ურეკის პოლიციის ყოფილი უფროსის უკანონო დაკავების ბრალდებით დაკავებულმა კუდ-ის ყოფილმა თანამშრომლებმა დანაშაული აღიარეს

ბადრი პატარკაციშვილის საქმეზე ურეკის პოლიციის განყოფილების ყოფილი უფროსის ჯემალ შამათავას უკანონო დაკავებასა და სამსახურეობრივი უფლებამოსილების გადამეტების ბრალდებით დაკავებულმა კუდ-ის ყოფილმა თანამშრომლებმა ილია გამგებელმა და დავით ქოქიაშვილმა ბრალი აღიარეს. როგორც სხდომის დასრულების შემდეგ ლევან ქარდავას ადვოკატმა, გია გოროზიამ ჟურნალისტებს განუცხადა, ამ ორმა პირმა ბრალი აღიარა, თუმცა მათ ქარდავა არ უმხელიათ.

მისივე განცხადებით, ქარდავა ბრალს არ აღიარებს.

„რაც შეეხება ორი ბრალდებულის მხრიდან აღიარებით ჩვენებას, ვგულისხმობ დავით ქოქიაშვილს და ილია გამგებელს, მათ აღიარეს მათ მიერ ჩადენილი დანაშაული, მათ არ დაუსახელებიათ ლევან ქარდავა და მათ არ მიუციათ ჩვენება, რომ აღნიშნულ დანაშაულში მონაწილეობდა ლევან ქარდავა, უბრალოდ, მათ აღიარეს მათ მიერ ჩადენილი დანაშაული. გამოძიების ეტაპზე მიცემულ ჩვენებას რაც შეეხება, მთავარია, რომ მოწმემ სასამართლო პროცესზე მისცეს ჩვენება და დაადასტუროს ან არ დაადასტუროს ის ჩვენება. გამოძიების ეტაპზე, როდესაც დაკითხული იყვნენ ისინი 2019 წლის 23 აგვისტოს, მათ ჩვენებებში ლევან ქარდავა არ უმხელიათ. რაც შეეხება ლევან ქარდავას, ის წარდგენილ ბრალში თავს დამნაშავედ არ ცნობს, ვინაიდან თვლის და მიაჩნია, რომ წარდგენილი ბრალდება არის აბსურდული და არანაირ მტკიცებულებას ის არ ემყარება და არის მოგონილი ბრალდება”, - განაცხადა ადვოკატმა.

საქმის პროკურორი, დავით გუმბერიძე აცხადებს, რომ არსებობს გამოძიებისას დავით ქოქიაშვილისა და ილია გამგებლის ჩვენებები, რომელშიც მათ სრულად აღიარეს დანაშაული და დანაშაულის ჩადენის ორგანიზატორად, ხელმძღვანელ პირად და უკანონო დაკავების ორგანიზატორად დაასახელეს ლევან ქარდავა და გიორგი დგებუაძე.

“დღევანდელ სასამართლო პროცესზე სასამართლომ მოისმინა ორი ბრალდებულის, ილია გამგებელისა და დავით ქოქიაშვილის აღიარება წარდგენილ ბრალდებასთან მიმართებაში. ბრალდებულებმა განმარტეს, რომ ისინი სრულად აღიარებენ ჩადენილ დანაშაულს, ვგულისხმობ პერიოდს, როდესაც ისინი მუშაობდნენ კონსტიტუციული უსაფრთხოების დეპარტამენტში. მუშაობის დროს ბრალდებულებმა, ასევე, ლევან ქარდავამ და გიორგი დგებუაძემ ორგანიზება მოახდინეს ურეკის იმჟამინდელი პოლიციის უფროსის უკანონო დაკავებასთან მიმართებაში. შედეგად, ჯემალ შამათავა უკანონო პატიმრობაში იმყოფებოდა 9 წლის განმავლობაში და საკმაოდ მძიმე დანაშაულის ჩადენის ფაქტზე სასჯელი ჰქონდა მისჯილი. რაც შეეხება აღიარებით და სრულად აღიარებით პოზიციას, ადვოკატის მიერ გაცხადებული წინასწარი პოზიცია და ის ოპტიმისტური განწყობა იმასთან მიმართებაში, რომ იქნებდა ამ პირებმა საქმის არსებითი განხილვისას არ მისცენ ჩვენება ლევან ქარდავას წინააღმდეგ, ამ მოცემულობით არ გამართლდება. ჩვენ გვაქვს გამოძიებისას დავით ქოქიაშვილისა და ილია გამგებელის მიღებული ჩვენებები, რომელშიც მათ სრულად აღიარეს დანაშაული და დანაშაულის ჩადენის ორგანიზატორად, ხელმძღვანელ პირად და უკანონო დაკავების ორგანიზატორად დაასახელეს ლევან ქარდავა და გიორგი დგებუაძე. ეს მოცემულობა კვლავ არის საქმის არსებით განხილვის ეტაპში და კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ ადვოკატის ოპტიმისტური მოლოდინები არ გამართლდება”, - აღნიშნა პროკურორმა.

ლევან ლორთქიფანიძე - მეგობრების გადამტერებით ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფა შეუძლებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2024
პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს