ამ ეტაპზე ინვესტორებთან მოლაპარაკების საკითხი დახურულია, ვინაიდან ჩვენ დარწმუნებულები ვართ, რომ ჩვენი რესურსით შევძლებთ ამ საავადმყოფოებში საკმაოდ მოკლე დროში ეფექტური მართვის შედეგად რეინვესტირებების განხორციელებას და მათი ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებას, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ სამედიცინო ჰოლდინგზე საუბრისას განაცხადა.
მისივე ინფორმაციით, საპარტნიორო ფონდს წლების განმავლობაში ჰქონდა გადაცემული კლინიკები იმისათვის, რომ მოეძიებინა ინვესტიციები და დაეწყო მათი ეფექტური მართვა, მაგრამ სამწუხაროდ, ეს დღემდე ვერ მოხერხდა. მინისტრის თქმით, ეს რთული პასუხისმგებლობა ჯანდაცვის სამინისტრომ საკუთარ თავზე აიღო.
,,საქართველოში წლების მანძილზე არსებული საყოველთაო ჯანდაცვის დაფინანსების პირობებში არაერთი კერძო კლინიკა გაიხსნა და ძალიან წარმატებულად ფუნქციონირებს, რამაც გამოიწვია დისბალანსი სახელმწიფო კლინიკების განვითარებასა და კერძო კლინიკების განვითარებას შორის. სახელმწიფოს დიდიხანია ესაჭიროება თავის ქვეშ დაქვემდებარებული კლინიკები იმისათვის, რომ უფრო მყარად უზრუნველყოს სერვისების განხორციელება. საპარტნიორო ფონდს წლებია გადაცემული ჰქონდა ეს კლინიკები, იმისათვის რომ მოეძიებინა ინვესტიციები და დაეწყო მათი ეფექტური მართვა, მაგრამ სამწუხაროდ, ეს დღემდე ვერ მოხერხდა. აქედან გამომდინარე, ჩვენ ავიღეთ ჩვენს თავზე ეს რთული პასუხისმგებლობა და მივიღეთ გადაწყვეტილება ჩამოგვეყალიბებინა სამედიცინო ჰოლდინგი და შესაბამისი მმართველი გუნდის ჩამოყალიბებით ეფექტურად გვემართა ეს საავადმყოფოები. მსოფლიოს გამოცდილებით ყველა სახელმწიფოს, რომელსაც გააჩნია ისეთი გამოცდილების მოდელი როგორიც აქვს საქართველოს, აუცილებელია და მნიშვნელოვანია სახელმწიფოს გააჩნდეს საყრდენი წერტილები, სწორედ ეს საავადმყოფოები წარმოადგენს ჯანდაცვის სამინისტორსა და ჩვენი მოსახლეობისთვის იმ საყრდენ წერტილს სადაც აუცილებლად უნდა განვითარებულიყო სახელმწიფოს დაქვემდებარებაში მყოფი კლინიკები. ამ ეტაპზე ინვესტორებთან დალაპარაკების საკითხი დახურულია, ვინაიდან ჩვენ დარწმუნებულები ვართ, რომ ჩვენი რესურსით შევძლებთ ამ საავადმყოფოების საკმაოდ მოკლე დროში ეფექტური მართვის შედეგად რეინვესტირების განხორციელებას და მათი ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებას,” - აღნიშნა ეკატერინე ტიკარაძემ.
ცნობისთვის, საქართველოს სამედიცინო ჰოლდინგი, რომელშიც თბილისის რესპუბლიკური საავადმყოფო, ონკოლოგიური ცენტრი, ბავშვთა ინფექციური და ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფო გაერთიანდება, მოექცევა ერთიან კონცეფციაში და იქნება სახელმწიფოს მართვასა და საკუთრებაში. განხორციელდება კლინიკების ეტაპობრივი განვითარება საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად, როგორც სტრუქტურული, ასევე სამედიცინო სერვისების თვალსაზრისით. უკვე შექმნილია სპეციალური საბჭო, რომელიც მუშაობს აღნიშნული სამედიცინო დაწესებულებების სტრატეგიულ გეგმაზე.