თორნიკე შარაშენიძე არჩევნებთან დაკავშირებით ირაკლი კობახიძის განცხადებაზე - როგორც ჩანს, ძალიან დიდ გაყალბებას აპირებენ, სხვა ახსნა ამას არ აქვს

როგორც ჩანს, მაშინ ძალიან დიდ გაყალბებას აპირებენ, სხვა ახსნა ამას არ აქვს, - ასე ეხმაურება „ინტერპრესნიუსთან“ ექსპერტი თორნიკე შარაშენიძე უმრავლესობის წევრის, ირაკლი კობახიძის განცხადებას, რომ მმართველი პარტიის პროგრამა მინიმუმი საპარლამენტო არჩევნებზე ამომრჩეველთა ყოველი მეორე ხმის მიღება იქნება, თუმცა პარტიას 60%-იანი მაჩვენებლის მიღწევის რესურსიც აქვს.

შარაშენიძე აცხადებს, რომ „ქართულმა ოცნებამ“ რა დაპირებაც არ უნდა გასცეს, ხალხი აღარ დაუჯერებს, შესაბამისად, პარტია 60%-ის მიღებას ვერ შეძლებს.

„როგორც ჩანს, მაშინ ძალიან დიდ გაყალბებას აპირებენ, სხვა ახსნა ამას არ აქვს. მსგავსი არაადეკვატური განცხადება არც ერთი ხელისუფლებისგან არ მსმენია. მსგავსი არ მსმენია შევარდნაძის ხელისუფლების მხრიდან 2003-ში და სააკაშვილის ხელისუფლების მხრიდან 2012-ში.

რა უნდა გააკეთონ, ვინ დაუჯერებს მაგათ. დაპირებებს არავინ დაუჯერებს ეს ერთი და მეორეც, რა უნდა გამოასწორონ სიტუაცია 8 თვეში, რაც 8 წელიწადში ვერ გააკეთეს, ასე რომ მართალი გითხრათ, კომიკურია უკვე ეს ყველაფერი, არაადეკვატურობას აქვს საზღვარი წესით, მაგრამ როგორც ჩანს, ვიღაც-ვიღაცების არაადეკვატურობა უსასრულობაშია.

გავიდნენ ქუჩაში, ხალხს დაელაპარაკონ და გაიგებენ რეალობას. ჯერ მშვიდობით მივიდნენ სახლში, ქუჩაში რომ გავლენ...“ - განაცხადა შარაშენიძემ.

მისივე თქმით, „ქართულ ოცნებაში“ არანაირი ცვლილება არ არის და პარტიის წევრები ერთი და იმავე განცხადებებს იმეორებენ.

„რაზე ეტყობათ, რომ მიდგომა შეიცვალა? ერთი და იგივეს იმეორებენ თუთიყუშებივით, რომ პოლიტიკაში ვინც აკრიტიკებს, „ნაცები“ არიან, ამერიკელები თუ აკრიტიკებენ, სიცრუეში ცხოვრობენ, რა შეიცვალა, რაზეა ლაპარაკი? ამ დროს ჩვენ ვხედავთ ინფლაციას, ლარის გაუფასურებას და ათას უბედურებას, რომელიც გარშემო ხდება“, - აღნიშნა შარაშენიძემ.

ცნობისთვის, ირაკლი კობახიძემ გუშინ განაცხადა, რომ მმართველი პარტიის პროგრამა მინიმუმი საპარლამენტო არჩევნებზე ამომრჩეველთა ყოველი მეორე ხმის მიღება იქნება, თუმცა მისივე თქმით, პარტიას 60%-იანი მაჩვენებლის მიღწევის რესურსიც აქვს.

მირიან მირიანაშვილი - ხელისუფლებამ სტრატეგიული შეცდომა დაუშვა, როცა უარი თქვა პრემიერის აშშ-ში ოფიციალურ მიწვევაზე
გიორგი ბილანიშვილი - ის, რაც ახლა საქართველოში ხდება, ერთმნიშვნელოვნად მოსკოვის ინტერესებში შედის
ქართული პრესის მიმოხილვა 02.05.2024
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს