ლევან გოგიჩაიშვილი ჯანდაცვის მინისტრს - რისი მიღწევა გინდათ, პაციენტი ექიმს აუმხედროთ და ექთანი - ექიმს?!

რისი მიღწევა გინდათ, პაციენტი ექიმს აუმხედროთ და ექთანი - ექიმს?! ეს არ არის სწორი, - ასე მიმართა პარლამენტის დამოუკიდებელმა დეპუტატმა ლევან გოგიჩაიშვილმა პარლამენტში „მინისტრის საათის“ ფორმატში მისულ ჯანდაცვის მინისტრს, ეკატერინე ტიკარაძეს, რითაც საყოველთაო ჯანდაცვის რეფორმის შესახებ ისაუბრა.

როგორც გოგიჩაიშვილმა აღნიშნა, საინტერესოა გრძელვადიან პერსპექტივაში რას უზრუნველყოფს ჯანდაცვის მინისტრის მიდგომები.

ამასთან, გოგიჩაიშვილი მიიჩნევს, რომ მინისტრისთვის პარლამენტში მისვლის გამო მადლობის გადახდა არაეთიკურია.

„არ დამთავრდა ამ პარლამენტში ეს გაუთავებელი მადლობები. იმიტომ მოვიდა მინისტრი, რომ არის „მინისტრის საათი“. ყოველ ჯერზე თქმა, მადლობა, რომ მობრძანდით, ვფიქრობ ძალიან არაეთიკურია და აკნინებს პარლამენტის როლს“,- განაცხადა გოგიჩაიშვილმა.

ამასთან, დეპუტატი დაინტერესდა, როდის მივა ეკატერინე ტიკარაძე ჯანდაცვის კომიტეტზე, სადაც ფრაქცია „დამოუკიდებელმა დეპუტატებმა“ დაიბარეს.

„ჩემმა ფრაქციამ თქვენი მოსვლის შესახებ საკითხი დააყენა იმიტომ, რომ შინაარსობრივი თვალსაზრისით იქ უფრო საინტერესო იქნება, განსაკუთრებით იმ ადამიანებისთვის, რომლებსაც თქვენი რეფორმა ეხება. თქვენ რომ გამობრძანდებით, ძალიან გთხოვთ ხაზი გასუვათ კონკრეტულად ჩემს კითხვას, ფრაქციის მოთხოვნით, როდის მობრძანდებით ჯანდაცვის კომიტეტზე? ეს, ახლა ძალიან კომფორტული სივრცეა. (კითხვების დასმისთვის) ორ წუთზე მეტის საშუალება არ გვაქვს. ვფიქრობ ძალიან ბევრი კითხვაა ამ მიმართულებით, განსაკუთრებით თქვენს ხედვასთან დაკავშირებით. მე აქ თქვენი ღია წერილი მიდევს, როდესაც რეაქცია გქონდათ იმ პროტესტთან და წუხილთან დაკავშირებით, რომელიც მოჰყვა თქვენს რეფორმას - 520-ე დადგენილებას. ვფიქრობ, ძალიან ვულგარული ტონი არის იმ თვალსაზრისით, რომ პაციენტის და ექიმის დაპირისპირების რაღაც მცდელობაა. ნორმალურად მიგაჩნით თქვენ რომ, თქვენ უნდა წაიყვანოთ ისეთი პოლიტიკა, სადაც ადამიანებს ერთმანეთს დააპირისპირებთ?! ეს არის ბოლშევიკური სულისკვეთება. ამას აკეთებენ ადამიანები, რომლებიც შემდეგ რაღაც გმირებად მოევლინებიან. რისი მიღწევა გინდათ, პაციენტი ექიმს აუმხედროთ, ექთანი ექიმს აუმხედროთ?! ეს არ არის სწორი. ჩვენ რეფორმა იმისთვის გვჭირდება, რომ გრძელვადიან პერსპექტივაში არ ჩამოგვეშალოს ის, რაც შევქმენით. ამ ქვეყანაში არის სფეროები, სადაც რეალური შედეგი დადგა, პროფესიონალიზმი გაიზარდა, მაგრამ თქვენი მიდგომები გრძელვადიან პერსპექტივაში რას უზრუნველყოფს?! ჩვენ გვინდა, რომ თქვენი რეფორმა ხვალ და ზეგ უკეთესი იყოს, ვიდრე გუშინ და გუშინწინ იყო. ჩვენ ვაცნობიერებთ იმ ფაქტს, რომ შესაძლოა, ბაზარზე გამოჩნდნენ კომპანიები ან კლინიკები, რომლებმაც კარგად არ ისარგებლეს, მაგრამ თქვენ ყველა ერთ ქვაბში ჩაყარეთ. არ მოგიხდენიათ დიფერენცირება. თქვენ გააკეთეთ, რომ ყველა არის ცუდი, ყველამ რაღაც გააფუჭა და რა მიიღეთ?!“ - მიმართა გოგიჩაიშვილმა ჯანდაცვის მინისტრს.

ლევან ლორთქიფანიძე - ხელისუფლება ნელ-ნელა ცდილობს, რომ 78-ე მუხლის გაუქმების შესაძლებლობას შევეგუოთ
ქართული პრესის მიმოხილვა 11.12.2025
BDO × ITMC: როგორ აძლიერებს BDO-ს ექსპერტიზა ITMC-ის როლს რეგიონულ ლოგისტიკურ ეკოსისტემაში
Tower Group-ის პრემიალურ პროექტებზე წინასაახალწლო, განსაკუთრებული ფასებია
BDO Academy-მ შპს „ნიკორა“-ში სწავლების ელექტრონული მართვის სისტემა (LMS) დანერგა
კომპანია „მანი მუვერსმა“ „ნეოლეთის“ 100%-იანი წილი შეიძინა
საახალწლო შეთავაზება APEX Development-ის ბინებზე