ეს არ არის რეფორმა, ეს არის სურვილი და სად მიდის ეს სურვილი ამაზე ცალკე ეჭვები გვაქვს, რაღაცას ხომ არ აპირებთ, ისეთი კორუფციული სქემის აშენებას, რომლითაც ვიღაცები სერიოზულად ხელს მოითბობენ, - ასე მიმართა პარლამენტის დამოუკიდებელმა დეპუტატმა ლევან გოგიჩაიშვილმა ჯანდაცვის მინისტრს ეკატერინე ტიკარაძეს. გოგიჩაიშვილმა მინისტრს პასუხი მოსთხოვა კითხვაზე, ვინ იღებს პასუხისმგებლობას 520-ე დადგენილებით გამოწვეულ უარყოფით შედეგზე.
ასევე დეპუტატის მოსაზრებით, მინისტრის ნეგატიური გადაწყვეტილება „ტროლებით“ და "ბოტებით“ გადაფარეს.
„მე რომ ვიყო „ქართული ოცნების“ წევრი გისაყვედურებდით, რომ ამდენი ადამიანი თქვენი ერთი არასწორი კომუნიკაციით და პოლიტიკით ფაქტიურად, გადაკიდეთ „ქართულ ოცნებას“ იმიტომ, რომ თქვენ ხართ მათთან ურთიერთობაში „ქართული ოცნება“. მთელი სფერო გაერთიანდა, ყველამ თქვა ამ გადაწყვეტილების ნაკლოვანებაზე, ყველამ ისაუბრა და თქვენ მაინც გინდათ ჯიუტად წახვიდეთ და მეტი შეცდომები დაუშვათ. გამოსვლაშივე ჩანს უკვე თქვენი ე.წ. რეფორმა. ეს არ არის რეფორმა, ეს არის სურვილი და სად მიდის ეს სურვილი ამაზე ცალკე ეჭვები გვაქვს, რაღაცას ხომ არ აპირებთ, ისეთი კორუფციული სქემის აშენებას, რომლითაც ვიღაცები სერიოზულად ხელს მოითბობენ. სანამ ეს დადგენილება გამოვიდოდა 100-დან 100 იღებდა სერვისს და ახლა 4,6%-მა ვერ მიიღო სერვისი. თქვენ იღებთ პასუხისმგებლობას, რომ ამ ადამიანებმა ვერ მიიღეს სერვისი? ვინ იღებს ამაზე პასუხისმგებლობას? უარყოფით შედეგზე მერე რას იზამთ „ტროლების“ და „ბოტების“ საშუალებით, რომელიც ახლავს ხოლმე თქვენს დაწყებულ კამპანიას გამოდიან „ტროლები“ და აძულებენ მთელ კორპუსს ექიმების. არ შეიძლება ასე ყველაფრის ერთ ქვაბში მოხარშვა. ბრალსაც კი, რომელიც სისხლის სამართალში გვაქვს, ინდივიდუალური შერაცხვა გვაქვს. თქვენ თქვენს გამოსვლაში ადამიანებს კოლექტიურად რაცხავთ და ერთ ჯამში ყრით. რა გინდათ თქვათ, რომ ამ საპატივცემულო დიდ კორპუსში ყველა ცუდია, თუ სეგმენტია, რომელსაც თქვენთვის გამოარჩევთ? თქვენი პოლიტიკა როგორც ჩანს, არ არის კარგად გააზრებული, რადგან გააზრებულ პოლიტიკას ამხელა ნეგატივი არ მოყვებოდა და ეს ნეგატივი რომ გადაგეფარათ ამ ადამიანებს მიუსიეთ „ტროლები“, კამერებით დასდევდით და ბოლშევიკურ გრძნობებს აღძრავდით. მგონია, რომ მაინც შესაძლებელია ამის მოტრიალება, თუ ამას თქვენ თავში დაძლევთ. ნუ გაჯიუტდებით და დახურავთ ამ კარებს, პირიქით, იქნებ სადღაც თქვენც გადააფასოთ“, - მიმართა გოგიჩაიშვილმა ტიკარაძეს.