ევროპარლამენტარი მარკეტა გრეგოროვა - თუ საქართველოში რეფორმები არ განხორციელდება, ამას გარკვეული საპასუხო რეაქცია მოჰყვება

„ვფიქრობ, აშშ-ს კონგრესმენები და სენატორები ითვალისწინებენ, რომ თუ რეფორმები არ განხორციელდება, ამას გარკვეული საპასუხო რეაქცია მოჰყვება“, - ამის შესახებ ევროპარლამენტარმა მარკეტა გრეგოროვამ „ინტერპრესნიუსს“ ექსკლუზიურ ინტერვიუში განუცხადა.

მან ისაუბრა იმის შესახებ, რას უნდა ელოდოს საქართველო იმ შემთხვევაში, თუ წინასაარჩევნო პერიოდი საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად არ წარიმართება და დასავლელ პარტნიორებს გარკვეული კითხვები ექნებათ.

„ვფიქრობ, აშშ-ს კონგრესმენებისა და სენატორების წერილებშიც იყო, რომ ისინი ითვალისწინებენ, რომ თუ რეფორმები არ განხორციელდება, ამას გარკვეული საპასუხო რეაქცია მოჰყვება, რადგან ისინი არჩევნებს ლეგიტიმურად არ ჩათვლიან. რაც შეეხება ევროკავშირს, რა თქმა უნდა, მხარს ვუჭერთ რეფორმებს, მაგრამ ასევე არ გვინდა, რომ სიტუაცია რიგითი მოქალაქეებისთვის უფრო გავართულოთ. მაგალითად, უვიზო მიმოსვლის რეჟიმი შეეხება საქართველოს ჩვეულებრივ მოქალაქეებს და არა - პოლიტიკოსებსა და ამაზე პასუხისმგებლობის მქონე პირებს. ჩვენ რა თქმა უნდა, არ გვსურს, სიტუაცია, ასე ვთქვათ, უფრო „ძალადობრივი“ ან დრამატული გავხადოთ, შესაბამისად, გარკვეული ზომები და პასუხი ამას მოჰყვება და რასაკვირველია, არჩევნები დაკვირვების ქვეშ იქნება, თუმცა ასეთ მწვავე პასუხს, როგორიც უვიზო მიმოსვლის შეჩერებაა, არ ველოდები“, - განაცხადა გრეგოროვამ.

მისივე თქმით, არასტაბილური საქართველო ან არასტაბილური აღმოსავლური პარტნიორობა ყოველთვის უწყობს ხელს რუსულ „ფასს“.

„ის, თუ როგორ პოზიციაშია მთავრობა ამჟამად, როგორ ქმედებებს ახორციელებს და როგორ დაიწყო ეს ყველაფერი, ვითარებას უკეთესობისკენ არ ცვლის, ხომ ასეა? დისკუსიაც იმის შესახებ, თუ „რა ხდება სინამდვილეში და ვინ არის მართალი“, ხელს უწყობს სადეზინფორმაციო კამპანიებსა და უცხოურ ინტერვენციას. ძალიან მოხარული ვიქნებოდი, თუ საქართველოს თანამდებობის პირები უზრუნველყოფდნენ, რომ არჩევნებში არანაირი უცხოური ჩარევა არ განხორციელდეს“, - აღნიშნა გრეგოროვამ „ინტერპრესნიუსთან“ ინტერვიუში.

იხილეთ ინტერვიუს სრული ვერსია

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა