ჩინეთის ელჩი - ზოგიერთმა ქვეყანამ უგულებელყო ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რჩევები და უმაღლესი შემზღუდველი ზომები მიიღო - ეს არა მხოლოდ საზიანოა ეპიდემიის პრევენციისა და კონტროლისთვის,  არამედ აძლიერებს პანიკას

ზოგიერთმა ქვეყანამ უგულებელყო ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რჩევები და მაინც მიიღო უმაღლესი შემზღუდველი ზომები. მიგვაჩნია, რომ ეს არა მხოლოდ საზიანოა ეპიდემიის პრევენციისა და კონტროლისთვის, არამედ აძლიერებს პანიკას და გავლენას ახდენს მსოფლიო ეკონომიკასა და თავისუფალ ვაჭრობაზე, - ამის შესახებ ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ელჩმა, ლი იანმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე „ინტერპრესნიუსის“ კითხვის საპასუხოდ განაცხადა, მიიჩნევს თუ არა ჩინეთის ხელისუფლება საჭიროდ ეპიდემიის შეკავების მიზნით საზღვრის ჩაკეტვას და როგორ აფასებს სხვა ქვეყნების მიერ ჩინეთთან პირდაპირი ავიამომისვლის შეჩერებას.

ელჩის თქმით, იმ შემთხვევაში თუ რომელიმე სახელმწიფოს მიერ ჩინეთისადმი მიღებული ზომები ზღვარს გასცდება, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ შესაძლოა, აღნიშნულ ქვეყანას პასუხი მოსთხოვოს.

„გენერალურმა დირექტორმა ტედროს აბჰანომ გებრეიესუსმა ცხადყო, რომ ამ მომენტში არ არის აუცილებელი ისეთი ზომების მიღება, რომლებიც ხელს შეუშლის საერთაშორისო მოგზაურობასა და ვაჭრობას. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია ეწინააღმდეგება ჩინეთის წინააღმდეგ ტურიზმის, ვაჭრობისა და სხვა სფეროებში შეზღუდვების დაწესებას.

იმედი გვაქვს, რომ ზოგიერთი ქვეყანა მშვიდად, რაციონალურად და ობიექტურად შეაფასებს ეპიდემიის მდგომარეობას, პატივს სცემს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ავტორიტეტულ რეკომენდაციებს და თავიდან ავიცილებთ ზედმეტ რეაქციებს“, - განაცხადა ჩინეთის ელჩმა საქართველოში ლი იანმა.

რაც შეეხება საქართველოს, მისი თქმით, საქართველომ მიიღო გარკვეული დროებითი ზომები ეპიდემიის გავრცელების თავიდან ასაცილებლად, მათ შორისაა პირდაპირი ფრენების შეჩერება და ჩინეთიდან ცოცხალი ცხოველების იმპორტის აკრძალვა.

"მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ საქართველოს მხრიდან არ არის საჭირო ზედმეტი ნერვიულობა. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ ცხადყო, რომ ჩინეთზე სამოგზაურო და სავაჭრო შეზღუდვები არ არის რეკომენდებული. ვიმედოვნებთ, რომ საქართველო გააუქმებს ამ დროებით ზომებს რაც შეიძლება მალე, ჩინეთსა და საქართველოს შორის ჩვეული მიმოსვლის და მიმდინარე პროექტების შეუფერხებელი წინსვლის უზრუნველსაყოფად, რათა ერთობლივად შევუწყოთ ხელი ჩინეთ-საქართველოს ურთიერთობების უწყვეტ და ჯანსაღ განვითარებას და სხვადასხვა სფეროში პრაქტიკულ თანამშრომლობას", - განაცხადა ელჩმა.

იხილეთ ვიდეო: ჩინეთის ელჩის განცხადებით, ზოგიერთმა ქვეყანამ კორონავირუსთან დაკავშირებით გადამეტებული შემზღუდველი ზომები მიიღო

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა