გია ჟორჟოლიანი „ქართულ ოცნებას“ და უმრავლესობის გარეთ არსებულ დეპუტატებს მოლაპარაკებებისკენ მოუწოდებს

დეპუტატი გია ჟორჟოლიანი მმართველ გუნდს და უმრავლესობის გარეთ არსებულ დეპუტატებს რეალური საკონსტიტუციო ცვლილებების განსახორციელებლად მოლაპარაკებების დაწყებისკენ მოუწოდებს. როგორც მან დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, საკონსტიტუციო ცვლილებების განხორცილება უახლოეს დღეებში უნდა დაიწყოს.

"საარჩევნო სისტემის შესახებ მიმდინარე მოლაპარაკებები „ქართულ ოცნებას“ და ე.წ. გაერთიანებულ ოპოზიციას შორის ჩიხში შევიდა. მოლაპარაკებებში ჩართული არც ერთი მხარისგან არ ვლინდება პასუხისმგებლიანი დამოკიდებულება, რომლის მიზანი კონსენსუსის მიღწევა და ისეთ საარჩევნო სისტემაზე შეთანხმება უნდა იყოს, რომელიც დააკმაყოფილებს საზოგადოების ინტერესებს. ბოლო პერიოდში, როგორც „ქართული ოცნების", ისე „ნაციონალური მოძრაობის" მიერ გადადგმული ნაბიჯები ხელს არ უწყობს მოლაპარაკებების სტაბილურად წარმართვას. ამის მიუხედავად, აუცილებელია ყველაფერი გაკეთდეს, რათა განხორციელდეს ისეთი ცვლილებები, რომელიც საარჩევნო სისტემას გარდაქმნის უფრი მეტი პროპორციულობისკენ და ინკლუზიურობისკენ, რაც დემოკრატიული და სამართლიანი არჩევნების წინაპირობა იქნება. ე.წ. დიალოგის შეწყვეტა კიდევ უფრო მეტ რადიკალიზაციას მოიტანს. ამ ვითარებაში ყველა საშუალება უნდა იქნეს გამოყენებული მდგომარეობის შედარებით დასტაბილურებისათვის და საარჩევნო სისტემის გაუმჯობესებისათვის", - განაცხადა ჟორჟოლიანმა.

მისივე თქმით, შესაძლებელია შედარებით მეტი კონსენსუსი, მეტი პროპორციულობა, მეტი ინკლუზიურობა.

„დღევანდელ პარლამენტში შეიძლება დაიწყოს მსჯელობა ასეთი გადაწყვეტილებების მისაღებად, თუ „ქართული ოცნება“ ამისთვის მზად იქნება. „ნაციონალურ მოძრაობას“ და „ევროპულ საქართველოს“ პარლამენტში ჰყავთ 27 დეპუტატი. 28 დეპუტატი არც უმრავლესობაშია და არც „ნაციონალურ მოძრაობასა“ და „ევროპულ საქართველოში“. თუ მოხერხდება „ოცნებისა“ და ამ 28 დეპუტატის შეთანხმება, ეს იქნება 120 ხმა, რაც ჭარბობს კიდევაც საკონსტიტუციო ცვლილებისათვის საჭირო ხმათა რაოდენობას. სამსჯელო თემები შეიძლება იყოს: მეტი პროპორციულიბა და ინკლუზიურობა. მაგალითად, 115 პროპორციული და 35 მაჟორიტარული მანდატი. აგრეთვე, ბარიერის მოხსნა. იგულისხმება ამ სისტემის შემოღება მხოლოდ ერთჯერადად. 2024 წლის პროპორციული საარჩევნო სისტემის შეცვლის საკითხი, მხოლოდ 2020 არჩევნების შემდეგ შეიძლება განხილულ იქნეს, თუ ეს საკითხი საერთოდ დადგება. ჩვენ გვქონდა საუბარი იმ დეპუტატების დიდ ნაწილთან, რომლებიც არც უმრავლესობაში არიან, არც „ნაციონალურ მოძრაობასა“ და „ევროპულ საქართველოში“ და მათ ასეთი მსჯელობის დასაწყებად გარკვეული მზადყოფნა გამოთქვეს. მსგავსი ცვლილებების განხორციელება გაზრდის არჩევნებისადმი ნდობის და ლეგიტიმურობის ხარისხს.თუ „ოცნებას“ რეალურად სურს დემოკრატიული ცვლილებები, მაშინ ის უნდა დათანხმდეს ამ ინიციატივის შესახებ მოლაპარაკებებს. მივმართავთ ყველა პოლიტიკურ ჯგუფს, გამოვიყენოთ ჯერ კიდევ არსებული შესაძლებლობა", - განაცხადა ჟორჟოლიანმა.

იხილეთ ვიდეო

მირიან მირიანაშვილი - ხელისუფლებამ სტრატეგიული შეცდომა დაუშვა, როცა უარი თქვა პრემიერის აშშ-ში ოფიციალურ მიწვევაზე
გიორგი ბილანიშვილი - ის, რაც ახლა საქართველოში ხდება, ერთმნიშვნელოვნად მოსკოვის ინტერესებში შედის
ქართული პრესის მიმოხილვა 02.05.2024
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს