არჩილ თალაკვაძე - ბერლინის კედლის დანგრევიდან 30 წლის შემდეგ, რუსეთი, სამწუხაროდ, საქართველოში მავთულხლართების კედელს ინარჩუნებს

ბერლინის კედლის დანგრევიდან 30 წლის შემდეგ, რუსეთი, სამწუხაროდ, საქართველოში მავთულხლართების კედელს ინარჩუნებს, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ პლენარულ სხდომაზე ყოველწლიური ანგარიშის წარდგენისას განაცხადა. მან სიტყვით გამოსვლისას ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ მდგომარეობაზე ისაუბრა. პარლამენტის თავმჯდომარემ აფხაზებსა და ოსებს მოუწოდა, ისარგებლონ ყველა იმ სიკეთით, რაც საქართველოში შეიქმნა.

„საქართველო, ისევე როგორც არაერთხელ თავის ისტორიაში, რთული გამოწვევების წინაშე დგას. გრძელდება საქართველოს რეგიონების უკანონო ოკუპაცია, რომლის შედეგებს ყოველდღიურად ვაწყდებით ადამიანების გატაცების, მკვლელობების, კონტრაბანდის, გადაადგილების შეზღუდვის, უკანონო პატიმრობის, მშობლიურ ენაზე განათლების მიღების აკრძალვის და სხვა მძიმე დარღვევების სახით. ჩვენი პასუხი არის „ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ“, საერთაშორისო მხარდაჭერის კონსოლიდაცია, ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაცია, ეკონომიკური განვითარება, ენერგოუსაფრთხოება და დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერება. რუსულმა ოკუპაციამ ეს რეგიონები დააყენა ჰუმანიტარული კრიზისის, სამხედრო ბაზებად გადაქცევის და მომავლის არარსებობის წინაშე.

ბერლინის კედლის დანგრევიდან 30 წლის შემდეგ, რუსეთი, სამწუხაროდ, საქართველოში მავთულხლართების კედელს ინარჩუნებს, რომელიც ხელოვნურად ჰყოფს ადამიანებს. ეს კედელი არის დროის და საერთაშორისო სამართლის წინააღმდეგ. ჩვენ ჩვენს აფხაზ ძმებს აუცილებლად დავიბრუნებთ და ეს თაობა შეძლებს ქვეყნის გამთლიანებას. მინდა კიდევ ერთხელ მივაწვდინო ხმა ჩვენს აფხაზ და ოს თანამემამულეებს: თქვენ გაქვთ შესაძლებლობა, რომ ყველა იმ სიკეთით ისარგებლოთ, რაც საქართველოში შევქმენით, ქვეყნის განვითარების და ევროპული ინტეგრაციის გზით. შეგიძლიათ იამაყოთ ამით და გამოიყენოთ ეს შესაძლებლობები“, - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა