ამირან გამყრელიძე - ჩინეთიდან საქართველოში დაბრუნებული 34 მოქალაქიდან საეჭვო სიმპტომები არცერთს დაფიქსირებია, მიუხედავად ამისა ორი კვირა კარანტინში უნდა გაატარონ

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, ჩინეთიდან დაბრუნებულ საქართველოს მოქალაქეებს ახალი კორონავირუსის სიმპტომები არ დაუფიქსირდათ.

გამყრელიძის თქმით, მიუხედავად ამისა, ჩინეთიდან ჩამოსული მოქალაქეები მაინც გაივლიან ორ კვირიან კარანტინს.

“მოქალაქეების დაბრუნება მოხდა სპეციალური თვითმფრინავის საშუალებით, რომელიც საქართველოს მთავრობამ უზრუნველყო და შემოსვლისას თითოეულ მათგანს ჩაუტარდა თერმოსკრინინგი, ეპიდემიოლოგის კონსულტაცია, ასევე იქ იყვნენ კლინიცისტი ექიმები. თითოეულმა მათგანმა შეავსო თვითმფრინავში ყოფნისას გარკვეული კითხვარი, თუ სად ბრძანდებოდნენ ბოლო დღეების და კვირების განმავლობაში, იყვნენ თუ არა შეხებაში კორონავირუსით დაინფიცირებულ ადამიანებთან. ეს ადამიანები გადაყვანილები იქნებიან ორკვირიან კარანტინში, საჩხერის სამედიცინო ცენტრთან არსებულ სასტუმროში, გამოიყო შესაბამისი ფართი, სადაც მათ ორი კვირის განმავლობაში ჩაუტარდებათ დაკვირვებები.

ჩვენ გვქონდა ინფორმაცია, რომ რამდენიმე მათგანს შესაძლებელია, ჰქონოდა შეხება კორონავირუსით დაინფიცირებულ ადამიანთან, ამიტომაც აუცილებელი იყო ამ ტიპის ღონისძიების გატარება. ხაზს ვუსვამ, არც ერთს არც ტემპერატურა დაფიქსირებია, არც საეჭვო სიმპტომები, რომელიც კორონავირუსულ ინფექციას ახასიათებს, მაგრამ მიუხედავად ამისა, ჩაითვალა საჭიროდ, რომ მათ ორი კვირა უნდა გაატარონ კარანტინში შესაბამისი სამედიცინო მეთვალყურეობის ქვეშ",-განაცხადა გამყრელიძემ.

მისივე თქმით, თუ აღნიშნული ორი კვირის განმავლობაში რომელიმე მათგანს დაეწყება რესპირაციული სიმპტომები, მაშინ მათი გადაყვანა ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებულ განყოფილებაში მოხდება.

ჟურნალისტის შეკითხვაზე, იგეგმება თუ არა დანარჩენი მოქალაქეების საქართველოში ჩამოყვანა, გამყრელიძემ განაცხადა, რომ ეს ჩინეთში მყოფი საქართველოს მოქალაქეების სურვილზეა დამოკიდებული.

“ეს გახლდათ სურვილის მიხედვით, საქართველოს მოქალაქეებმა, რომლებიც ცხოვრობდნენ ჩინეთში, მიმართეს საქართველოს საელჩოს ჩინეთში და სახელმწიფომ უზრუნველყო მათი გადმოყვანა ჩინეთიდან. თუ იქნება შემდგომში ასეთი სურვილი, ეს საკითხი განიხილება”,- აღნიშნა გამყრელიძემ.

იხილეთ ვიდეო: როგორია ჩინეთიდან დაბრუნებული 34 წლის საქართველოს მოქალაქის მდგომარეობა, რომლებიც სამშობლოში დაბრუნების შემდეგ, 2-კვირიან კარანტინს გაივლიან

ლევან ლორთქიფანიძე - ხელისუფლება ნელ-ნელა ცდილობს, რომ 78-ე მუხლის გაუქმების შესაძლებლობას შევეგუოთ
ქართული პრესის მიმოხილვა 11.12.2025
BDO × ITMC: როგორ აძლიერებს BDO-ს ექსპერტიზა ITMC-ის როლს რეგიონულ ლოგისტიკურ ეკოსისტემაში
Tower Group-ის პრემიალურ პროექტებზე წინასაახალწლო, განსაკუთრებული ფასებია
BDO Academy-მ შპს „ნიკორა“-ში სწავლების ელექტრონული მართვის სისტემა (LMS) დანერგა
კომპანია „მანი მუვერსმა“ „ნეოლეთის“ 100%-იანი წილი შეიძინა
საახალწლო შეთავაზება APEX Development-ის ბინებზე