მარკო მიკელსონი - 2008 წელს ყურადღება სხვაგან იყო - რუსეთი ზოგადი საერთაშორისო უსაფრთხოების რადარებზე თითქოს არ არსებობდა

2008 წელს ყურადღება სხვაგან იყო - რუსეთი ასე ვთქვათ, ზოგადი საერთაშორისო უსაფრთხოების რადარებზე თითქოს არ არსებობდა, - ამის შესახებ ესტონეთის პარლამენტის საგარეო ურთიერთობების საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ, მარკო მიკელსონმა „ინტერპრესნიუსთან“ ექსკლუზიურ ინტერვიუში განაცხადა.

მან ისაუბრა 2008 წელს რუსეთის მიერ წამოწყებული ომის შესახებ საქართველოსთან და აღნიშნა, რომ საქართველოს ჩრდილოელი მეზობლის მიზანი იყო, ნატო-ს სამხრეთ კავკასიაში გაფართოვებისთვის ხელი შეშლოდა.

„ყველას გვესმის, რატომ დაიწყო ომი რუსეთმა, როდესაც 2008 წელს თქვენი მთავრობის პროვოცირება მოახდინა: ეს სტრატეგიული მიზანი იყო, რომ საქართველოს ტერიტორიების ნაწილის ოკუპირება მოეხდინათ და უზრუნველეყოთ ისიც, რომ ნატო სამხრეთ კავკასიაში არასდროს გაფართოვდება. მნიშვნელოვანი სტრატეგიული ძალისხმევა გასწიეს, რათა ევროპულ სახელმწიფოებს და მოკავშირეებს იმ გაყინული კონფლიქტებისა თუ ოკუპირებული ტერიტორიების სირთულე ეღიარებინათ, როგორიცაა ე.წ. სამხრეთ ოსეთში და აფხაზეთში არსებული მდგომარეობა. ერთია ის, როგორ მიდის შიდა საქმეები და რამდენად ხართ მომზადებული, როგორც ძლიერი დემოკრატია და ღია, მძლავრი ეკონომიკა იმისთვის, რომ „კლუბს“ შეუერთდეთ, მაგრამ საკითხი რუსულ ძალისხმევასაც ეხება, რომ გაყინული კონფლიქტების თემა ნატო-ს მოკავშირეებს შორის ყოფილიყო. რამდენჯერმე, ევროპის სხვადასხვა კუთხეში მომისმენია, რომ პოლიტიკოსები ფიქრობენ: „თქვენ კონფლიქტი გაქვთ რუსეთთან, ჩვენ კი არ შეგვიძლია, კონფლიქტი ნატო-ში შემოვიტანოთ“. თქვენი მხრიდან, თქვენი დიპლომატიიდან ძალისხმევები უზარმაზარი მნიშვნელობისაა და უნდა მოახერხოთ, ეს არ იყოს ისეთი რამ, რომ მოკავშირე ქვეყნების პოლიტიკოსების წარმოდგენაში მსგავსი ბარიერები საბოლოო ფინიშის ხაზად იყოს აღქმული. ეს ყველაფერი თქვენგან ბევრ ძალისხმევას მოითხოვს“, - განაცხადა მარკო მიკელსონმა.

მისივე თქმით, მაშინ ევროპის და დასავლეთის ყურადღება სხვაგან იყო.

„2008 წელს ყურადღება იყო ავღანეთში, შემდეგ შუა აღმოსავლეთში, ასევე, ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლისკენ. რუსეთი ასე ვთქვათ, ზოგადი საერთაშორისო უსაფრთხოების რადარებზე არ არსებობდა. სამარცხვინო ის არის, რომ 2014 წელს, ყირიმის მოვლენების დროსაც კი, ბევრ მოკავშირე ქვეყანას ყურადღება სხვაგან ჰქონდა მიპყრობილი და არა - რუსეთისკენ“, - განაცხადა ესტონეთის პარლამენტის საგარეო ურთიერთობების საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ.

ინტერვიუს სრული ვერსია იხილეთ ბმულზე.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა