ალეკო ცქიტიშვილი აცხადებს, რომ მიხეილ კალანდიასთან მიმართებაში სასამართლოს გადაწყვეტილება ობიექტური და მოსალოდნელი იყო

„ადამიანის უფლებათა ცენტრის“ აღმასრულებელი დირექტორი ალეკო ცქიტიშვილი, რომელიც ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის ოჯახის ინტერესებს იცავს, აცხადებს, რომ მიხეილ კალანდიასთვის პატიმრობის შეფარდების განაჩენი ობიექტური და მოსალოდნელი იყო.

"სასამართლოს დღევანდელი გადაწყვეტილება ობიექტური და სრულიად მოსალოდნელი იყო მთელი რიგი ისტორიის, რიგი ინსტიტუტებისა და სხვადასხვა ორგანიზაციების ისტორიის შეფასების გათვალისწინებით. მოგეხსენებათ, ამ საქმეზე მუშაობდა, როგორც პარლამენტის საგამოძიებო კომისია, რომელმაც მრავალმხრივ და დეტალურად შეისწავლა ეს საქმე, თავისი რეკომენდაციები მიაწოდა პროკურატურას, ასევე ამ საქმესთან დაკავშირებით სახალხო დამცველის აპარატმაც შეისწავლა სხვადასხვა გარემოებები, მოამზადა დასკვნა და გამოაქვეყნა. სხვადასხვა ორგანიზაციების ანგარიშებშიც არის ასახული ამ საქმესთან დაკავშირებით შეფასებები. შესაბამისად, სრულად მოსალოდნელი იყო ის განაჩენი, რაც დღეს დადგა“,-განაცხადა ცქიტიშვილმა.

მისი თქმით, სასამართლომ თავიდანვე მიანიშნა, რომ ჯგუფური დანაშაულის ნიშნები იყო.

„დღეს უკვე გვაქვს განაჩენი, როდესაც მეორე მსჯავრდებულიც არის დათუნა სარალიძის მკვლელობისთვის გასამართლებული. გვესმის მსჯავრდებულის ნათესავების ემოციებიც, რასაც დღეს სასამართლოში გამოხატავდნენ, თუმცა ვფიქრობთ, დაზარალებულის მისამართით შეურაცხმყოფელი, ცილისმწამებლური და მუქარანარევი ემოციები არ უნდა იყოს. მსჯავრდებულს აქვს შესაძლებლობა, რომ გადაწყვეტილება სააპელაციო სასამართლოში, უზენაეს სასამართლოში და ასევე სტრასბურგის სასამართლოშიც გაასაჩივროს. სამწუხაროდ, დაზარალებულს ვერცერთი სასამართლო გარდაცვლილ შვილს ვერ გაუცოცხლებს, ამიტომ, როდესაც ისინი დაზარალებულს შეურაცხყოფას აყენებენ, გაითვალისწინონ დაზარალებულის ემოციებიც. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ კორექტულად, შეჯიბრობითობის პრინციპიდან გამომდინარე მიმდინარეობდეს სასამართლოში ბრძოლა. შეიძლება სწორედ „ბრძოლა“ ვუწოდოთ იმას, რასაც მსჯავრდებულის ნათესავების მხრიდან აქვს ადგილი. ეს არის „ნერვების ომი“ და ამ „ნერვების ომმა“ ფაქტობრივად არ უნდა დააზარალოს პირველ რიგში, საქმის ინტერესები. საზოგადოებასაც აქვს თავისი ემოციები, რომელიც ამ საქმესთან დაკავშირებით მრავალათასიანი საპროტესტო აქციებით გამოხატა“,-განაცხადა ალეკო ცქიტიშვილმა.

მისი განმარტებით, „ხორავას ქუჩის საქმეზე“ მიზანმიმართულად ხდებოდა მტკიცებულებების განადგურება, ფაქტებისა და გარემოებების გაყალბება.

„საზოგადოებას თვალში ნაცარს აყრიდა სახელმწიფო, როდესაც ამ საქმეზე ზეწოლა სწორედ კალანდიების ოჯახის ნათესავის, მირზა სუბელიანის, ყოფილი მაღალჩინოსნის მხრიდან ხდებოდა, რაც დადასტურდა კიდეც და მსჯავრი დაედო მირზა სუბელიანს სწორედ ამ საქმესთან დაკავშირებით, ეს დადასტურებულია. შესაბამისად, ჩვენ გვქონდა მოცემულობა, როდესაც საქმეზე მიზანმიმართულად ხდებოდა მტკიცებულებების განადგურება, ფაქტებისა და გარემოებების გაყალბება და რომ არა სამოქალაქო საზოგადოების კონსოლიდაცია, სწორედ ისე ჩაიფარცხებოდა ეს დანაშაული, როგორც სხვადასხვა გავლენიან პირებს ჰქონდათ დაგეგმილი და ჩაფიქრებული“,-განაცხადა ალეკო ცქიტიშვილმა.

ცნობისთვის, სასამართლომ მიხეილ კალანდია დავით სარალიძის განზრახ ჯგუფურად მკვლელობაში დამნაშავედ ცნო და მას 15 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა, თუმცა არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის თანახმად, სასჯელი ერთი მესამედით შეუმცირდა და საბოლოოდ, სასჯელის სახით 11 წელი და 3 თვე შეუფარდა. აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ნიკოლოზ მარსაგიშვილმა ამ წუთებში გამოაცხადა. მოსამართლის გადაწყვეტილებას დარბაზში ხმაური მოჰყვა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა