ადვოკატი ანა კოტეტიშვილი მიხეილ კალანდიას განაჩენს ეხმაურება

მსჯავრდებულ მიხეილ კალანდიას ყოფილი ადვოკატი, ანა კოტეტიშვილი თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ გამოტანილ გამამტყუნებელ განაჩენს ეხმაურება, რომლის თანახმად, ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე მიხეილ კალანდიას 11 წლით და 3 თვით პატიმრობა მიესაჯა.

„უპირველეს ყოვლისა მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ დარწმუნებული ვარ მიხეილ კალანდიას უდანაშაულობაში. დღესაც მჯერა, რომ მიხეილ კალანდიას მიმართ არ არსებობდა ბრალდების წარდგენის საფუძველი და უნდა დამდგარიყო გამამართლებელი განაჩენი.

აქვე მინდა გამოვეხმაურო, მიხეილ კალანდიას ბიძის, დიმიტრი კაკუბავას სრულიად სამარცხვინო და ცილისმწამლებლურ განცხადებებს, რომელსაც იგი სისტემატურად აკეთებდა ჩემს მიმართ. მე ვიცავდი რა ადვოკატთა ეთიკის კოდექსს, ვიდრე არ დადგა კონკრეტული განაჩენი მიხეილ კალანდიას მიმართ, როგორც მისი ყოფილი ადვოკატი არ ვაკეთებდი არანაირ კომენტარს, რათა ამით თუნდაც ირიბად, არ შემელახა მიხეილ კალანდიას ინტერესები. ამ ეტაპზე, ვინაიდან სამწუხაროდ დადგა გამამტყუნებელი განაჩენი, დიმიტრი კაკუბავას მიზანმიმართულ ცილისმწამებლურ კამპანიაზე ვაცხადებ, რომ თითქმის ორი წლის მანძილზე, არასოდეს არ მიმოქმედია როგორც მიხეილ კალანდიას ადვოკატს მისი ინტერესების წინააღმდეგ ან მასთან და მისი ოჯახის წევრებთან შეთანხმების გარეშე და არასოდეს ამ ხნის მანძილზე მათ არ გამოუხატავთ უკმაყოფილება ჩემს მიმართ.

ჩემთან, როგორც ადვოკატთან, ხელშეკრულება მომსახურების შესახებ ორი წლის მანძილზე ორჯერ გააფორმა მიხეილ კალანდიას მამამ თენგიზ კალანდიამ. მე ვიცავდი ამ ოჯახის ყველა წევრს მაშინ, როდესაც მათი დაცვა იყო ყველაზე რთული და საპასუხისმგებლო. როდესაც პრაქტიკულად ოჯახის ყველა წევრს ბრალი ჰქონდა წაყენებული და მათი ინტერესების დაცვაზე თითქმის ყველა ადვოკატი უარს აცხადებდა“, - აღნიშნავს კოტეტიშვილი.

მისივე განცხადებით, ტყუილია დიმიტრი კაკუბავას ბრალდება თითქოს მან პროკურატურასთან გაცვლის ოქმში, არ მიუთითა კონკრეტული მოწმეები, ვინაიდან ამ გაცვლის ოქმზე ის საერთოდ არ აწერს ხელს. რაც შეეხება პროცესების დახურვას, ანა კოტეტიშვილის თქმით, სასამართლო სხდომას მის გარდა კიდევ მიხეილ კალანდიას სამი ადვოკატი ესწრებოდა და მან ყველაზე ბოლოს გამოთქვა საკუთარი აზრი, რომლითაც სხვა ადვოკატების მოსაზრებას დაეთანხმა, რის თაობაზეც შესაბამისი სხდომის ოქმი არსებობს.

„ყველა აბსურდულ და ცილისმწამებლურ განცხადებაზე მე მაქვს კონკრეტული პასუხი და დოკუმენტები. მე მაქვს მესიჯები, რომლითაც დიმიტრი კაკუბავა მთხოვდა გამეგრძელებინა მიხეილ კალანდიას დაცვა, მაგრამ ვინაიდან მიმაჩნდა რომ სტრატეგია, რომელსაც ირჩევდა იგი არ იყო საუკეთესო გზა მიხეილ კალანდიას დაცვისათვის, უარი ვთქვი ამ საქმეში მონაწილეობაზე, რის შემდეგაც დიმიტრი კაკუბავამ წამოიწყო ბინძური კამპანია ჩემს წინააღმდეგ. სამწუხაროა მოვლენების ამგვარი განვითარება, თუმცა როგორც აღვნიშნე, მიმაჩნდა და დღესაც დარწმუნებული ვარ, რომ მიხეილ კალანდია არის სრულიად უდანაშაულო და იგი იმყოფება უკანონო პატიმრობაში“, - აცხადებს ანა კოტეტიშვილი.

აღნიშნულ განცხადებას თავად ადვოკატი ავრცელებს.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა