კულტურის სამინისტრო თბილისის თეატრებს სპექტაკლების ჩვენების დროებით შეჩერების რეკომენდაციით მიმართავს

კულტურის სამინისტრო თბილისის თეატრებს სპექტაკლების ჩვენების 16 მარტამდე შეჩერების რეკომენდაციით მიმართავს. როგორც „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროში განუცხადეს, თეატრებისადმი შესაბამისი რჩევა ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციის საფუძველზე გაიცემა.

მათივე ინფორმაციით, აღნიშნულ პერიოდში თეატრებში შესაბამისი სადეზინფექციო სამუშაოები ჩატარდება.

“ჯანდაცვის სამინისტროდან უკვე მოვიდა რეკომენდაცია. ვამზადებთ წერილს, რომელიც ყველა თეატრსა და შესაბამის სსიპ-ებს (მუზეუმები, ანსამბლები) გაეგზავნებათ. 16 მარტამდე თუკი რამე წარმოდგენა იყო დაგეგმილი, ყველაფერი გადაიდება. რეკომენდაცია არის, რომ დეზინფექცია ჩატარდეს“, - განუცხადეს „ინტერპრესნიუსს“ სამინისტროში.

კულტურის სამინისტროს რეკომენდაციასთან დაკავშირებით "ინტერპრესნიუსი" რამდენიმე თეატრის ხელმძღვანელსაც ესაუბრა. მათი განცხადებით, მზად არიან, სპექტაკლების დროებით შეჩერებასთან დაკავშირებით კულტურის სამინისტროს რეკომენდაციებს დაემორჩილონ.

კერძოდ, როგორც „ინტერპრესნიუსს“ დუმბაძის სახელობის მოზარდ მაყურებელთა პროფესიული სახელმწიფო თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელმა, დიმიტრი ხვთისიაშვილმა განუცხადა, შესაბამისი რეკომენდაციის მიღების შემდეგ, სპექტაკლების გრაფიკი შეიცვლება. მისი განმარტებით, ოფიციალურად ხვალინდელი წარმოდგენა ჯერ გაუქმებული არ არის, თუმცა 4 მარტიდან ყველა სხვა სპექტაკლი დროებით გადადებულია.

„თავისთავად დავემორჩილებით განკარგულებას, სახელმწიფო დაწესებულება ვართ. კულტურის დეპარტამენტის უფროსი დამიკავშირდა. მითხრეს, რომ ოფიციალურ წერილს მივიღებთ. აღნიშნულის გათვალისწინებით, სპექტაკლები პრაქტიკულად შევაჩერეთ. ერთადერთი ხვალინდელი სპექტაკლი გვქონდა დარჩენილი. მაყურებელთან ანგარიშვალდებული ხომ უნდა ვიყოთ და ამიტომ დოკუმენტს ველოდებით. ჯერ ოფიციალურად ხვალინდელი წარმოდგენა გაუქმებული არ მაქვს, თუმცა ყველა სხვა სპექტაკლი გაჩერებულია. ხვალინდელ სპექტაკლთან დაკავშირებით ველოდებით, რომ დღის მანძილზე მოგვივა ელექტრონული ფოსტით სარეკომენდაციო წერილი ან ბრძანებულება. როგორც კი დოკუმენტს მივიღებთ, ვიმოქმედებთ. ჩვენ შესაბამის რიცხვს მოვძებნით, სადღაც ალბათ, აპრილ-მაისში, როცა შეეძლებათ მოქალაქეებს ამ სპექტაკლზე ბილეთებით მოსვლა. ვისაც ეს არ აწყობს, თანხა დაუბრუნდებათ. ჩვენთან ასეა, რომ ბილეთი, რაც ინტერნეტით იყიდება, თავად მოქალაქეებმა უნდა გააუქმონ“,- განმარტავს დიმიტრი ხვთისიაშვილი.

რუსთაველის თეატრის მარკეტინგის სამსახურის უფროსის, ია შერაზადიშვილის განმარტებით კი, ისინი სამინისტროსგან შესაბამისი ბრძანებას ელიან.

„საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროდან ბრძანების მიღებას ველოდებით. სავარაუდოდ, რადგან მათ მიიღეს უკვე ეს გადაწყვეტილება, მათ დაქვემდებარებაში არსებულ სამსახურებში გადაიგზავნება, სწორედ ამის მიხედვით ვიმოქმედებთ. რაც შეეხება ჰიგიენას, გაასმაგებულად ვასუფთავებთ“,-აღნიშნავს შერაზადიშვილი.

„ინტერპრესნიუსთან“ ასევე ისაუბრა მარჯანიშვილის თეატრის დირექტორმა, ეკა მაზმიშვილმა. როგორც მან განმარტა, ისინი სამინისტროს მიერ გაცემულ რეკომენდაციას ითვალისწინებენ, თუმცა როდის გაიმართება სპექტაკლები, ეს მოგვიანებით გახდება ცნობილი, რადგან ამ საკითხზე მსჯელობა მიმდინარეობს.

„შესაბამისი ზომები უნდა მივიღოთ. რა თქმა უნდა, რეკომენდაციას გავითვალისწინებთ. ჩვენ ეს სპექტაკლები უნდა გადავიტანოთ. დეზინფექციას ისედაც ვატარებდით, მაგრამ ახლა დამატებით სამუშაოებსაც ვასრულებთ“, - აცხადებს ის.

რეკომენდაციების შესახებ ინფორმირებულია მუსიკისა და დრამის თეატრიც. როგორც პიარმენეჯერი ნინო გალეგაშვილი განმარტავს, მათ რეკომენდაციის შესახებ შეიტყვეს, თუმცა 16 მარტამდე სპექტაკლები არ იგეგმებოდა.

„16 მარტამდე სპექტაკლები არ გვაქვს. რეკომენდაცია მივიღეთ, მაგრამ სპექტაკლები დანიშნული მაინც არ იყო“, - განაცხადა გალეგაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ რეკომენდაცია ახალი კორონავირუსის გავრცელებასთან დაკავშირებული პრევენციული ღონისძიებების ფარგლებში გაიცა.

ემილ ავდალიანი - სამხრეთ კავკასიის რეგიონმა დიდი ძალების მეტოქეობის ხანაში შეაბიჯა, დღეს თამაშის ახალი წესები ყალიბდება,  მტკივნეული და გარდამავალი პერიოდია
ქართული პრესის მიმოხილვა 14.04.2021
როგორ ჩატარდება ერთიანი ეროვნული გამოცდები? - შარშანდელ რეკომენდაციებში შესაძლოა, კორექტირება შევიდეს - ინტერვიუ სოფიო გორგოძესთან
გიორგი კეკელიძის ახალი ინიციატივა: აპრილი წიგნის ჩუქების თვედ გამოცხადდეს
თანაბარი განათლება მაღალმთიანი სოფლების ბავშვებს
ვასილ ხოდელი - ლიბერთის ნებისმიერი სესხი გაიცემა საბაზრო პირობებით