ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, კორონავირუსით დაინფიცირებული კიდევ 5 ადამიანი იმ 44 წლის მამაკაცის ახლობლები არიან, რომელსაც ინფექცია დღეს დაუდასტურდა

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, კორონავირუსით დაინფიცირებული კიდევ 5 ადამიანი იმ 44 წლის მამაკაცის ახლობლები არიან, რომელსაც ინფექცია დღეს დაუდგინდა.

როგორც გამყრელიძემ აღნიშნა, ყველა მათგანი იტალიაში ერთად იმყოფებოდა.

„44 წლის მამაკაცთან დაკავშირებული ზოგიერთი კონტაქტი შეფასებული იქნა, როგორც შესაძლო შემთხვევა. მათგან აღებული იყო ნიმუშები და გადაგზავნილი შესამოწმებლად. აღებული ნიმუშებიდან 5 აღმოჩნდა დადებითი. ეს გახლავთ ერთი კლასტერი, ანუ ერთმანეთთან დაკავშირებული შემთხვევები, ოჯახური შემთხვევები, ერთი ჯგუფი ადამიანების, ვინც იყო ერთად სამოგზაუროდ იტალიაში და დაბრუნდნენ საქართველოში“, - განაცხადა გამყრელიძემ.

მისივე ინფორმაციით, დღევანდელი საღამოს მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 9 დადასტურებული შემთხვევაა.

ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, ერთ ჯგუფში იყო 8 ადამიანი, გუშინ და დღეს მათგან 6-ს კორონავირუსის არსებობა უკვე დაუდასტურდა. გამყრელიძის განმარტებით, დანარჩენს 2-ს კვლევა არ ჩატარებია.

"მათზე ჯერ არ გაკეთებულა კვლევა რადგან არ ჩაითვალა მიზანშეწონილად თავიანთი მონაცემების მიხედვით.“- განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

ამასთან, "ინტერპრესნიუსის" ინფორმაციით, დაინფიცირებული 5 პირიდან 1 44 წლის მამაკაცის შვილია, დანარჩენი 4 კი მისი მეგობრის ოჯახის წევრები არიან.

შეგახსენებთ, რომ 44 წლის მამაკაცს, რომელიც ექიმია, კორონავირუსი დღეს დაუდასტურდა. ის საქართველოში იტალიიდან კვირას დაბრუნდა, 3 დღე თვითიზოლაციაში იმყოფებოდა, მაღალი სიცხით კი ინფექციურ კლინიკას გუშინ მიმართა.

იხილეთ ვიდეო

ლევან ლორთქიფანიძე - ხელისუფლება ნელ-ნელა ცდილობს, რომ 78-ე მუხლის გაუქმების შესაძლებლობას შევეგუოთ
ქართული პრესის მიმოხილვა 11.12.2025
BDO × ITMC: როგორ აძლიერებს BDO-ს ექსპერტიზა ITMC-ის როლს რეგიონულ ლოგისტიკურ ეკოსისტემაში
Tower Group-ის პრემიალურ პროექტებზე წინასაახალწლო, განსაკუთრებული ფასებია
BDO Academy-მ შპს „ნიკორა“-ში სწავლების ელექტრონული მართვის სისტემა (LMS) დანერგა
კომპანია „მანი მუვერსმა“ „ნეოლეთის“ 100%-იანი წილი შეიძინა
საახალწლო შეთავაზება APEX Development-ის ბინებზე