ლევან ბოძაშვილი - შეთანხმება მისასალმებელია, თუმცა ახლა პარტიებმა უნდა დააფიქსირონ ვისთან შექმნიან კოალიციას

40%-იანი ჩამკეტი და 1%-იანი ბარიერი ნიშნავს, რომ კოალიციური მთავრობის ალბათობა დიდია, სხვა შემთხვევაში რიგგარეშე არჩევნები გარდაუვალია, - ამის შესახებ უშიშროების საბჭოს მდივნის ყოფილი მოადგილე ლევან ბოძაშვილი აცხადებს.

როგორც ბოძაშვილი აღნიშნავს, შეთანხმება მისასალმებელია, თუმცა ახლა პარტიებმა უნდა დააფიქსირონ ვისთან შექმნიან კოალიციას.

“40%-იანი ჩამკეტი და 1%-იანი ბარიერი ნიშნავს, რომ კოალიციური მთავრობის ალბათობა დიდია, სხვა შემთხვევაში რიგგარეშე არჩევნები გარდაუვალია. შესაბამისად, არჩევნებში მონაწილე პოლიტიკურმა სუბიექტებმა უნდა წინასწარ დააფიქსირონ თუ პოტენციურად ვისთან ერთად შექმნიან კოალიციურ მთავრობას, იმ შემთხვევაში თუ 40% არავის ექნება. ეს არის აუცილებელი საარჩევნო სიცხადე, რომელიც საერთაშორისო სტანდარტსა და საუკეთესო პრაქტიკას წარმოადგენს.

ასეთ შემთხვევაში წინა პლანზე გამოვა იდეოლოგიური და პროგრამული ხედვების თანხვედრა რაც აუცილებელია იმისათვის, რომ ამომრჩეველს არათუ გაუადვილდეს არჩევანის გაკეთება, არამედ პოლიტიკური სიმპათია ანტიპატიის გარდა იმის გათვლის საშუალება ჰქონდეს, რომ არჩევნების შემდგომი სურათი დაინახოს მეტნაკლები სიცხადით.

ამას გარდა, არსებული შეთანხმება საშუალებას იძლევა არსებული ორპოლუსიანი გარემო შეიცვალოს, ჩნდება მეტი საშუალება ახალი პოლიტიკური ძალების წარმოჩინების და რაც მთავარია პოლიტიკური სიმპათია-ანტიპათიის გარდა, მნიშვნელობა ენიჭება პროგრამულ საკითხებს, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენს ქვეყანაში პარტიულ პროგრამებს თითქმის არავინ კითხულობს“, - აცხადებს ლევან ბოძაშვილი.

ცნობისთვის, მმართველ გუნდსა და ოპოზიციას შორის საარჩევნო მოდელზე შეთანხმება მიღწეულია. ამის შესახებ აშშ-ის ელჩის რეზიდენციაში ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლების შეხვედრის დასრულების შემდეგ გახდა ცნობილი.

დიალოგში მონაწილე ფასილიტატორმა ელჩებმა შეთანხმების თაობაზე განცხადება გაავრცელეს.

როგორც ფასილიტატორი დიპლომატების განცხადებაშია ნათქვამი, დღევანდელი შეთანხმება ითვალისწინებს, რომ საარჩევნო სისტემა 2020 წლის არჩევნებისთვის დაეფუძნება 120 პროპორციულ და 30 მაჟორიტარულ მანდატს, საარჩევნო ოლქების სამართლიან განაწილებას, 1%-იან საარჩევნო ბარიერს და ჩამკეტს, რომელიც უზრუნველყოფს, რომ ხმების 40%-ზე ნაკლების მიმღებმა პარტიამ ვერ შეძლოს საპარლამენტო უმრავლესობის შექმნა.

ასევე ოპოზიციისა ხელისუფლებას შორის გაფორმებულ მემორანდუმში წერია:

"ჩვენ ვეთანხმებით საქართველოს მართლმსაჯულების სისტემაში უმაღლესი სტანდარტების დაცვისა და მათი დახვეწისკენ სწრაფვის მნიშვნელობას. მიუხედავად განსხვავებული აზრისა, ყველანი ვთანხმდებით, რომ აუცილებელია რეაგირება ქმედებებზე, რომლებიც შესაძლოა აღქმულ იქნეს, როგორც სასამართლო და საარჩევნო პროცესების არასათანადო პოლიტიზაცია და მომავალში მსგავსი ქმედებები თავიდან უნდა იქნეს აცილებული".

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა