ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორი - კორონავირუსით დაინფიცირებული არცერთი პაციენტის სიცოცხლეს ამ ეტაპზე საფრთხე არ ემუქრება

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას ინფორმაციით, 44 წლის მამაკაცის მდგომარეობა, რომელიც მეოთხეა, ვისაც საქართველოში კორონავირუსის ინფექცია დაუდგინდა, კვლავ მძიმეა, თუმცა მის სიცოცხლეს რაიმე განსაკუთრებული საფრთხე ამ ეტაპზე არ ემუქრება.

როგორც ეზუგბაიამ კორონავირუსით დაავადებული პირების ჯანმრთელობის მდგომარეობაზე საუბრისას აღნიშნა, ამ ეტაპზე არცერთ პირს არ ემუქრება სიცოცხლითვის საშიში გართულება.

„რაც შეეხება პაციენტების მდგომარეობას, პირველი სამი პაციენტის მდგომარეობა კვლავ სტაბილურია, ამ ეტაპზე რამე მნიშვნელოვანი პროგრესირება არ ვლინდება. დანარჩენ პაციენტებთან განსხვავებული სიტუაცია გვაქვს.

მეოთხე მძიმე პაციენტის მდგომარეობა, რომელთანაც დადასტურებულია პნევმონია, კვლავ მძიმეა. ცხელება გრძელდება 38-39 გრადუსის ფარგლებში. ლაბორატორიული მონაცემებით, მდგომარეობა სტაბილურია. მის სიცოცხლეს რაიმე განსაკუთრებული საფრთხე ამ ეტაპზე არ ემუქრება, თუმცა ასე დაწყნარება არ შეიძლება, დინამიკაში დაკვირვება და მონიტორინგია საჭირო.

დანარჩენ პაციენტებში ყველასთან არის გამოვლენილი დაავადება სხვადასხვა კლინიკური სიმპტომით - ტემპერატურით, ხველით, სურდოთი, ყელის ტკივილით და სხვადასხვა ჩივილით. ამ პაციენტებიდან სამთან კომპიუტერული კვლევებით დადასტურებულია პნევმონია და მათთან დაწყებულია მკურნალობა, გრძელდება თითოეულის მონიტორინგი. მართალია, ამ ეტაპზე არცერთ პირს არ ემუქრება სიცოცხლისთვის საშიში გართულება, მაგრამ ეს არ გვაძლევს სიმშვიდის საფუძველს, იმიტომ რომ ამ დაავადებას პროგრესირება ახასიათებს“, - აცხადებს ეზუგბაია.

შეგახსენებთ, რომ საქართველოში ამ დროისთვის კორონავირუსის 15 შემთხვევაა დადასტურებული.

მირიან მირიანაშვილი - ხელისუფლებამ სტრატეგიული შეცდომა დაუშვა, როცა უარი თქვა პრემიერის აშშ-ში ოფიციალურ მიწვევაზე
გიორგი ბილანიშვილი - ის, რაც ახლა საქართველოში ხდება, ერთმნიშვნელოვნად მოსკოვის ინტერესებში შედის
ქართული პრესის მიმოხილვა 02.05.2024
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს