ხათუნა ლაგაზიძე მიიჩნევს, რომ 1%-იანი ბარიერი არის „ერთ-ერთი მთავარი ხაფანგი ოპოზიციისთვის“

პოლიტოლოგი ხათუნა ლაგაზიძე მიიჩნევს, რომ ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის გუშინ მიღწეული შეთანხმება ის მაქსიმუმი იყო, რის მიღწევასაც ოპოზიცია არსებული რესურსების პირობებში შეძლებდა. როგორც ხათუნა ლაგაზიძემ „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, ოპოზიციას რომ ჰქონოდა შიდა რესურსიც, ხელისუფლებას რომ სცოდნოდა, ოპოზიციას შეეძლო მასობრივი საპროტესტო აქციების დაორგანიზება, ასეთ შემთხვევაში შედეგი სხვანაირი იქნებოდა.

„ერთი მხრივ, ეს არის შიდა რესურსი ანუ ეს არის ამომრჩევლის აქტიური მხარდაჭერა. აქტიურ მხარდაჭერაში ვგულისხმობ იმ ამომრჩეველს, რომელიც მზად იყო, რომ ქუჩაში აქციებით გაეპროტესტებინა პროპორციული არჩევნების ჩაგდება. ასეთი რესურსი ოპოზიციას, ყველაფრიდან ჩანდა, რომ არ ჰქონდა და მეორე რესურსი, რომელიც ოპოზიციას ჰქონდა და რომელიც მაქსიმალურად გამოიყენა, ეს იყო საერთაშორისო ზეწოლა ხელისუფლებაზე. მას რომ ჰქონოდა შიდა რესურსიც, ანუ ხელისუფლებას რომ სცოდნოდა, რომ მას შეეძლო მასობრივი საპროტესტო აქციების დაორგანიზება, ასეთ შემთხვევაში შედეგი სხვანაირი იქნებოდა, უფრო გადაიხრებოდა ოპოზიციისკენ, მაგალითად, იქნებოდა 130/20-ზე და არა 120/30-ზე, რომელიც 40%-იანი ბარიერის შემთხვევაში, ტოვებს „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში დარჩენის შანსს“, - განაცხადა ხათუნა ლაგაზიძემ.

ამასთან, მისი თქმით, დასავლეთმა საქართველოში სამოქალაქო სტაბილურობისთვის ოპტიმალურ ფორმულას დაუჭირა მხარი.

„ის, რომ დასავლეთს ხელისუფლებაზე ზეწოლის რესურსი აქვს და ძალიან დიდი, ეს გამოჩნდა ამ შედეგით. გამოჩნდა ისიც, რომ დასავლეთმა მაინც და მაინც დიდი ძალისხმევა არ გამოიჩინა ოპოზიციის იმ მოთხოვნაზე, რომელიც 130/20-ზე პროპორციას ითვალისწინებდა, რომელიც „ქართული ოცნების“ გამარჯვების შანსებს მნიშვნელოვნად ამცირებდა. დასავლეთიც ხედავს, რომ ოპოზიციას შიდა მხარდაჭერის რესურსი ნაკლები აქვს და აქედან გამომდინარე, მან გააკეთა საქართელოში სამოქალაქო სტაბილურობისთვის ის, რაც საჭიროდ ჩათვალა. ეს არ ნიშნავს იმას, რომ „ქართული ოცნება“ ამ ფორმულით აპრიორი იგებს, მაგრამ შანსები ამისი გაცილებით დიდია, ვიდრე 130/20 პროპორციის შემთხვევაში“, - განაცხადა ხათუნა ლაგაზიძემ.

ამასთან, ლაგაზიძე მიიჩნევს, რომ 1%-იანი ბარიერი ერთ-ერთი მთავარი ხაფანგი ოპოზიციისთვის.

„იმ შემთხვევაში თუ საერთო სიებზე შეთანხმება გართულდა, დაბალრეიტინგიან პარტიებს გაცილებით მეტი საცდური აქვთ, რომ ცალკე გავიდნენ არჩევნებში და ოპოზიციური ხმები დაქსაქსონ. გაიმარჯვებენ თუ არა ეს დაბალრეინტიგიანი პარტიები? დიდი ალბათობით, ვერ გაიმარჯვებენ, რადგან კონკურენცია იქნება ძალიან მაღალი და ძალიან ბევრისთვის ეს 1% საცდური აღმოჩნდება. მაგრამ ამის მიუხედავად, ფაქტი ის არის, რომ ოპოზიციური ხმები დაიქსაქსება და დაიქსაქსება ოპოზიციური რესურსიც. გარდა ამისა, ხელისუფლებისთვის ძალიან მარტივია 1%-იან პარტიებთან ვაჭრობა ანუ იმათთან, ვისაც მხოლოდ 1 ან 2 ადამიანის გაყვანის რესურსი აქვს პარლამენტში. ამიტომ ეს ბარიერი არის, მე ვთვლი, რომ ერთ-ერთი მთავარი ხაფანგი ოპოზიციისთვის“,- განაცხადა ხათუნა ლაგაზიძემ.

მისი თქმით, ოპოზიციისთვის ახლა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია მოახდინოს საკუთარი ძალისხმევის კონცენტრაცია საარჩევნო კამპანიასა და საზოგადოებაში ნდობის გაღრმავებაზე.

ცნობისთვის, საარჩევნო მოდელთან დაკავშირებით ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის შეთანხმება მიღწეულია. ოპოზიციისა და მმართველი გუნდის წარმომადგენლები 120/30-ზე მოდელზე, ერთპროცენტიან ბარიერზე, 40%-იან უმრავლესობის დასაკომპლექტებელ ბარიერზე, ე.წ. ჩამკეტზე შეთანხმდნენ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა