მთავრობამ, კორონავირუსის შესაძლო გავრცელების პრევენციის მიზნით, საჯარო დაწესებულებებში საქმიანობის განსაკუთრებულ ღონისძიებათა განსაზღვრის განკარგულება გამოსცა

საქართველოს მთავრობამ, კორონავირუსის შესაძლო გავრცელების პრევენციის მიზნით, საჯარო დაწესებულებებში საქმიანობის განსაკუთრებულ ღონისძიებათა განსაზღვრის შესახებ განკარგულება გამოსცა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურიდან აცნობეს.

განკარგულების საფუძველზე, კორონავირუსის შესაძლო გავრცელების აღსაკვეთად და მის წინააღმდეგ ერთიანი ღონისძიებების განხორციელების მიზნით, სამსახურში ორი კვირის განმავლობაში არ უნდა გამოცხადდეს საჯარო დაწესებულების ის თანამშრომელი, რომელიც განკარგულების ძალაში შესვლამდე ბოლო შვიდი დღის განმავლობაში, ძალაში შესვლის დროისთვის ან შემდეგ იმყოფებოდა კორონავირუსის მაღალი გავრცელების ქვეყნებში - ჩინეთში, სამხრეთ კორეაში, იტალიაში, ირანში, ავსტრიაში, საფრანგეთში, გერმანიაში, და ესპანეთში, ან მოემგზავრება ამ ქვეყნების გავლით საქართველოში.

განკარგულების საფუძველზე, აღნიშნულმა პირმა ორკვირიანი პერიოდი უნდა გაატაროს თვითიზოლაციის წესების დაცვით. განკარგულების მიხედვით, ორკვირიან თვითიზოლაციას ექვემდებარება ასევე მოქალაქე, რომელსაც კონტაქტი ჰქონდა იმ პირთან, რომელსაც დაუდასტურდა ახალი კორონავირუსი.

„მოქალაქე ვალდებულია, სამსახურში გამოუცხადებლობის მიზეზისა და რისკჯგუფში შემავალ პირთან კონტაქტის შესახებ ინფორმაცია მიაწოდოს დამსაქმებელი დაწესებულების უფლებამოსილ სამსახურს, ან თანამდებობის პირს, გადავიდეს თვითიზოლაციის რეჟიმში და შესაძლებლობის შემთხვევაში სამუშაო შეასრულოს დისტანციურად, უშუალო ხელმძღვანელის მიერ გაცემული დავალებების შესაბამისად.

საჯარო დაწესებულებების ხელმძღვანელებმა უნდა უზრუნველყონ მათ დაქვემდებარებულ საჯარო დაწესებულებებსა და ადმინისტრაციულ ორგანოებში ჯანმრთელობის დაცვის პროტოკოლების, რეკომენდაციებისა და ჰიგიენის წესების დაცვა.

განკარგულების მიხედვით, იზღუდება სამსახურებრივი მივლინებები, გარდა განსაკუთრებული შემთხვევებისა.

დასაქმებულმა პირებმა მწვავე რესპირაციული დაავადების სიმპტომის არსებობის შემთხვევაში უნდა მიმართონ ექიმს, აგრეთვე აცნობონ დაწესებულებებში ადამიანური რესურსების მართვაზე პასუხისმგებელ სამსახურს, ან თანამდებობის პირს, თუ საჭიროა თვითიზოლაციის რეჟიმში გადასვლა.

ეპიდემიური საფრთხის შემცირებამდე იზღუდება დაწესებულების მიერ საჯარო ღონისძიებების ორგანიზება გარეშე პირთა მონაწილეობით;

დაწესებულებების ხელმძღვანელებმა უნდა უზრუნველყონ დაწესებულებებში გარეშე პირთა დაშვებისა და გადაადგილების მაქსიმალური შეზღუდვა-რეგულირება.

საჯარო დაწესებულებების ხელმძღვანელებმა უნდა განსაზღვრონ დაწესებულებების თანამშრომლების ის ნაწილი, რომელიც დროებით გადავა დისტანციურ სამუშაო რეჟიმზე. კერძოდ, ის თანამშრომლები, რომელთა საქმიანობაც განსაკუთრებულად არ საჭიროებს სამუშაო ადგილზე ყოფნას და დისტანციურად შეასრულებენ სამუშაოს“,-ნათქვამია ინფორმაციაში.

განკარგულებაში აღნიშნულია, რომ დისტანციურ სამუშაო რეჟიმში გადასვლა არ ნიშნავს სამუშაო საათების შემცირებას ან თანამშრომელთა შვებულებაში ყოფნას. საჭიროების შემთხვევაში, დისტანციურ სამუშაო რეჟიმში გადასული თანამშრომელი სამსახურში მოთხოვნისთანავე, დაუყოვნებლივ, არა უგვიანეს 1 საათისა უნდა გამოცხადდეს. ცნობად იქნება მიღებული, რომ ამ განკარგულების პირველი პუნქტით განსაზღვრულ პირს უნარჩუნდება შრომის ანაზღაურება.

საბიუჯეტო ორგანიზაციებმა, დაწესებულებებმა და უწყებებმა უნდა უზრუნველყონ, ამ განკარგულების გათვალისწინებით, შიდაუწყებრივი სხვა დამატებითი ღონისძიებების განსაზღვრა, ასეთი საჭიროების შემთხვევაში.

განკარგულების მიხედვით, რეკომენდაცია ეძლევა ყველა პირს, მათ შორის, ფიზიკურ და იურიდიულ პირებს, ახალი კორონავირუსის შესაძლო გავრცელების პრევენციის მიზნით, იხელმძღვანელონ ამ განკარგულებით გათვალიწინებული დებულებებით.

ტოომას ჰენდრიკ ილვესი - არ გჭირდებათ ევროკავშირის დროშების ყველგან აღმართვა, თუ მის ღირებულებებს არ იზიარებთ - სიტყვების თქმით: ”ჩვენ ევროპელები ვართ“, ევროკავშირში ავტომატურად ვერ შეხვალთ
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2021
ლევან დოლიძე - რაც უფრო დიდხანს გაგრძელდება ვაშინგტონსა და ბრიუსელში ჩვენს შიდა პრობლემებზე მსჯელობა, მით უფრო გაგვიჭირდება მათთან იმ საკითხებზე საუბარი, რასაც ქვეყნის ინტერესები მოითხოვს
ბექა ნაცვლიშვილი - როგორც ჩანს, "ქართული ოცნება“ ემზადება მოლაპარაკების მესამე რაუნდისთვის და აგრძელებს კომუნიკაციას ევროკავშირთან, ამის შედეგი კი იქნება ის, თუ რა მოხდება მელიას გადადებულ სასამართლოზე
კახა ოქრიაშვილი - 15 მაისის აქციის სამზადისში აქტიურად ვარ ჩართული
ხარისხი გარანტირებულია: "კარფური" „მასტერშეფის“ ახალი სეზონის გენერალური სპონსორი და მხარდამჭერი გახდა